ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზეთის ტელევიზია: ჩვენს ჟურნალისტებს თავს დაესხნენ და კადრები გაუნადგურეს

31 ოქტომბერი, 2014 • • 1566
აფხაზეთის ტელევიზია: ჩვენს ჟურნალისტებს თავს დაესხნენ და კადრები გაუნადგურეს

“დღეს დილით მინისტრთა კაბინეტში განხორციელდა ანონიმური ზარი, რომ შენობაში ბომბია. ინფორმაცია არ დადასტურდა. თანამშრომლები სამუშაო ადგილებს დაუბრუნდნენ. ჩვენი ჟურნალისტები აღნიშნულ ინციდენტსა და რუსეთთან ახალი შეთანხმების პროექტის საკითხზე საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ატმოსფეროზე რეპორტაჟს იღებდნენ. იღებდნენ პარლამენტისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციას, სადაც ხალხი იყო შეკრებილი. პარალელურად პარტია “ამცახარას” ოფისთან იყო ხალხმრავლობა. ჩვენმა კოლეგებმა ჟურნალისტიკის ძირითადი პრინციპებიდან გამომდინარე საჭიროს მიიჩნიეს მოესმინათ და ჩაეწერათ ყველა დაინტერესებული მხარის აზრი. მას შემდეგ, რაც ჟურნალისტებმა ჩაწერეს ვეტერანთა პარტიის “არუაა” ერთ-ერთი ლიდერი, გადაინაცვლეს “ამცახარას” ოფისში. ამასობაში შენობის წინ ხალხი აღარ იყო. პარტია “ამცახარას” წევრებმა ჩვენს კოლეგებს ძალის გამოყენებით წაართვეს ვიდეოფირები და გაანადგურეს. ჩვენი რეპორტაჟის ოპერატორს ახალგაზრდების ჯგუფმა მოსთხოვა არა მხოლოდ გადაღების შეწყვეტა, – მათ მთელი გადაღებული მასალა წაართვეს. დააშინეს, რომ კამერას გაუტეხავდნენ, წაართვეს ის, ამოიღეს კასეტა და დაამსხვრიეს. პარტია “ამცახარაში” აღნიშნული ინციდენტის კომენტირებაზე უარი თქვეს. უფრო მეტიც, ისინი შეეცადნენ ეს ქმედება გაემართლებინათ და სხვა დროს უფრო მკაცრი ზომების გამოყენებას დაპირდნენ. 

რესპუბლიკისთვის ყველაზე მწვავე პოლიტიკურ პერიოდშიც კი ჟურნალისტებს ასე არ არავინ მოქცევია. ეს არის უპრეცედენტო. ქვეყნის მთავარი ტელეარხის ჟურნალისტები ელიან სამართალდამცავი ორგანოების რეაგირებას,”- აცხადებს აფხაზეთის ტელევიზია სპეციალურ რეპორტაჟში.  


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   


მასალების გადაბეჭდვის წესი