ახალი ამბები

წილხვდომილობის დღის დაწესებაზე პარლამენტი რიგგარეშე სხდომაზე იმსჯელებს

6 მაისი, 2019 • 1776
წილხვდომილობის დღის დაწესებაზე პარლამენტი რიგგარეშე სხდომაზე იმსჯელებს

8 მაისს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა გაიმართება. რიგგარეშე სხდომის მოწვევის თაობაზე პარლამენტმა პრეზიდენტს დღეს, 6 მაისს მიმართა.

რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგში შეტანილია ორი საკითხი: “შრომის კოდექსში” ცვლილების თაობაზე კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვა და კანონპროექტი “სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ” ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ.

შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებების თანახმად, ანდრია მოციქულის ხსენების დღესთან ერთად 12 მაისის უქმე დღედ გამოცხადების საფუძვლად ასევე განისაზღვრება ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღეც.

“წინა კვირაში ამ კანონის მესამე მოსმენით მიღება არ იყო შესაძლებელი იმიტომ, რომ დაჩქარებული წესით არ იხილებოდა კანონპროექტი. ჩვენ წინა კვირაში მივიღეთ ის მეორე მოსმენით, ტექნიკურად იყო შეუძლებელი იმ კვირაში ამ კანონპროექტის მესამე მოსმენით მიღება, ჩვენც არ გვინდოდა საგანგებოდ შევკრებილიყავით რიგგარეშე სხდომაზე. 12 მაისი არის შემდეგი კვირადღე, აქედან გამომდინარე ერთადერთი გამოსავალი იყო ამ კვირაში რიგგარეშე სხდომის ჩანიშვნა”, – განმარტა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.


პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ 4 აპრილს განაცხადა, რომ მთავრობა პარლამენტს დაჩქარებული წესით მიმართავდა ახალი დღესასწაულის დასამტკიცებლად. ღვთისმშობლის წილხვედრობის აღნიშვნის ინიციატივა ილია მეორეს ეკუთვნის. მან ამის შესახებ გასულ წელს ისაუბრა.

ამავე თემაზე:

„სიმბოლო ურყევი სასოებისა“ — როგორ ასაბუთებს მთავრობა წილხვედრობის უქმედ გამოცხადებას

მასალების გადაბეჭდვის წესი