ახალი ამბები

ბერძენიშვილი: პრეზიდენტის შეთავაზება პრაქტიკული და გონივრულია

31 ოქტომბერი, 2014 • • 994
ბერძენიშვილი: პრეზიდენტის შეთავაზება პრაქტიკული და გონივრულია

“პრეზიდენტის გადაწყვეტილება ეს არ არის უბრალოდ ვეტო, რომ არ ვეთანხმები, ეს არის ვეტო, რომელშიც არის შემოთავაზება, ერთი თვის ვადა მიეცეს პარლამენტს, რომ შეიმუშავოს ის, რისთვისაც მას ჭირდებოდა მეტი დრო. პრეზიდენტი გვეუბნება, ერთი თვის ვადაში გააკეთეთ, გაძლევთ ამის საშუალებას, ამის მიღებას სჭირდება პარლამენტის განხილვა, პარლამენტს  შეუძლია დაეთანხმოს პრეზიდენტს, შეუძლია არ დაეთანხმოს და დაძლიოს მისი ვეტო. ახლა, ამ წუთას ვითარება ასეთია, იურიდიული კომიტეტი შეიკრიბება და პრეზიდენტის წარმომადგენელი, რომელიც უკვე მოდის ქუთაისში, ის წარმოადგენს  პრეზიდენტის წინანდადებას, რაც იქნება განხილული. ჩემი აზრით, პრეზიდენტის ამ წინანდადებას აქვს შანსი, რომ ის გაიზიაროს პარლამენტმა”- ამბობს ბერძენიშვილი.

 

ლევან ბერძენიშვილმა გუშინ, 30 ოქტომბერს, როდესაც პარლამენტი კანონპროექტის გადავადებას უყრიდა კენჭს, გადაწყვეტილების მიღებისგან თავი შეიკავა. მისი თქმით, სამართლებრივ სტრუქტურებს ხელი არ უნდა შევუწყოთ ზედმეტი ხელისუფლება ჩაიგდონ:

 

“ჩვენ ამას ვუკიჟინებდით მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებას, ჩვენ არ გვინდა, რომ დღევანდელმა ხელისუფლებამ ძველი შეცდომები გაიმეოროს. ამიტომ, რაც უფრო გამჭირვალე იქნება პროცესი, ნაკლებად იქნება მარტო ერთ უწყებასთან, რაც მეტი იქნება სასამართლოს როლი, მით უფრო ჩვენთვის მისაღებია. ვფიქრობ, რომ ყველაფერი შეიძლება ისე მოგვარდეს, როგორც საქმეს ჭირდება. საქმე ისაა, რომ ეს არის კარგი კანონი მთლიანობაში, ძალიან სერიოზულად და დემოკრატიულად ცვლის ვითარებას, მაგრამ ეს ერთი ეპიზოდი, თუ ვის ხელში იქნება გასაღები. აფუჭებდეს კანონს, ამიტომ მე ვეთანხმებოდი არასამთავრობო სექტორს, რომელიც კომპრომისს გვთავაზობს და გვეუბნება, რომ ორი გასაღები იყოს. პარლამენტი თუ წავა კომპრომისზე, უკვე კარგია და თუ უკომპრომისოდ,  ევროპას რომ აქვს, ისეთი მაღალი დონის დემოკრატიიის მიღწევა თუ შეგვიძლია, მე იქ ვიქნები, სადაც ამას ხელს შეუწყობენ, მაგრამ ეს ნაკლებად წარმოსადგენია”, – ამბობს ბერძენიშვილი.

 

კომპრომისის სახით არასამთავრობო ორგანიზაციებმა გამოხატეს მხარდაჭერა ე.წ. ორი გასაღების სისტემის მიმართ. რადგან ხელისუფლება საფრთხეს ხედავს გასაღების მობილური ოპერატორებისათვის გადაცემაში, შემუშავებული იქნა წინადადება იმასთან დაკავშირებით, რომ მეორე გასაღები გადაცემოდა სასამართლოს, სადაც არ არსებობს მსგავსი ტიპის რისკები ქვეყნის უშიშროებასთან დაკავშირებით. ორი გასაღების არსებობის შემთხვევაში, საუბრის ჩაწერა შესაძლებელი გახდება მაშინ, თუკი შსს-ს სატელეფონო კომუნიკაციის შინაარსთან ერთდროულად დაუშვებს როგორც მობილური ოპერატორი, ისე სასამართლო.

 

საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, კანონპროექტს, რომელიც თებერვლამდე საგამოძიებო ორგანოებს საშუალებას აძლევს კვლავ ჰქონდეთ პირდაპირი წვდომა სატელეფონო მოსმენების მოწყობილობებზე და რომელიც პარლამენტმა 30 ოქტომბერს დაამტკიცა, ვეტო დაედო. საქართველოს პრეზიდენტის მიერ მომზადებულ საკანონმდებლო პროექტში აღნიშნულია, რომ შსს-ს ე.წ. გასაღებზე წვდომა 2014 წლის 1 დეკემბრამდე შეუნარჩუნდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი