ახალი ამბები

ისრაელი და ღაზის სექტორი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ – მედია

6 მაისი, 2019 • 1927
ისრაელი და ღაზის სექტორი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ – მედია

რამდენიმედღიანი დაძაბულობის შემდეგ ისრაელი და ღაზის სექტორი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმდნენ.”ალ ჯაზირას” ინფორმაციით, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება სამდღიანი დაპირისპირების შემდეგ, ისრაელის დროით 6 მაისს, 04:30 საათზე შევიდა ძალაში.

ღაზის სექტორის ოფიციალური პირების ინფორმაციით, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე მოლაპარაკებები ეგვიპტისა და ყატარის შუამავლობით შედგა. ისრაელს ოფიციალურად არ დაუდასტურებია ინფორმაცია ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების თაობაზე.

მხარეებს შორის დაპირისპირება 3 მაისს განახლდა. პარასკევს ღაზის მცხოვრებლები ისრაელის მხრიდან განხორციელებულ ბლოკადას აპროტესტებდნენ, რასაც ეს უკანასკნელი ღაზაში იარაღის შედინების აღკვეთით ხსნის. საპროტესტო აქციის დროს პალესტინელმა შეიარაღებულმა პირმა საზღვართან ახლოს ისრაელის ორი სამხედრო დაჭრა.

საპასუხოდ ისრაელმა საჰაერო დარტყმები განახორციელა, რასაც დაჯგუფება “ჰამასის” ორი წევრი და კიდევ ორი პალესტინელი ემსხვერპლა. სწორედ ამის შემდეგ განხორციელდა ღაზის მხრიდან ისრაელის მიმართულებით სარაკეტო შეტევა. ისრაელის ინფორმაციით, ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 690 რაკეტა ისროლეს, აქედან 240 საჰაერო თავდაცვის სისტემებმა დაიჭირა. საპასუხოდ ისრაელმა ღაზის სამხედრო დაჯგუფებების 320 ობიექტზე მიიტანა იერიში.

დაპირისპირების შედეგად, სულ მცირე, 4 ისრაელელი და 23 პალესტინელი დაიღუპა.

ისრაელსა და ღაზას შორის დაპირისპირება განახლდა – არიან დაღუპულები

მასალების გადაბეჭდვის წესი