დაძაბულობა ისრაელსა და ღაზას შორის. ფოტო: EPA/MOHAMMED SABER

ისრაელსა და ღაზას შორის დაპირისპირება განახლდა – არიან დაღუპულები

ისრაელსა და ღაზას შორის მეორე დღეა, დაპირისპირება არ წყდება. 4 მაისის დილიდან ამ დრომდე, ღაზის სექტორის მხრიდან ისრაელის მიმართულებით შეიარაღებულმა პირებმა ასობით რაკეტა გაუშვეს, რასაც მეორე მხრიდან საჰაერო დარტყმები მოჰყვა. ორივე მხარეს არიან დაღუპულები და დაშავებულები.

ისრაელის მედიის ცნობით, ღაზის საზღვართან უკვე მობილიზდნენ ისრაელის სამხედრო დანაყოფები, რომლებიც საბრძოლო მზადყოფნაში იქნებიან.

მანამდე, სარაკეტო დარტყმების შედეგად ისრაელის ქალაქ აშკელონში სამოქალაქო პირი დაიღუპა. ის მის სახლზე მოხვედრილმა რაკეტამ იმსხვერპლა. პალესტინელებს შორის დაღუპულია ოთხი ადამიანი, მათ შორის დედა და მისი ქალიშვილი. მათ მკვლელობაში ღაზის ოფიციალური პირები ისრაელს ადანაშაულებენ, მაშინ როცა მეორე მხარე აღნიშნულზე პასუხისმგებლობას პალესტინელ შეიარაღებულებს აკისრებს.

სარაკეტო დაპირისპირება შაბათს, 10:00–ზე დაიწყო, რის შემდეგაც ისრაელის მიმართულებით 400–მდე რაკეტა გაუშვეს. პირველად, 2014 წლის შემდეგ, სამხედრო მოქმედებებს ისრაელის მხრიდან სამოქალაქო პირი – 58 წლის კაცი შეეწირა. სასაზღვრო ქალაქებში სახლები დაზიანდა, ათასობით ადამიანი კი თავშესაფრებში გადაიყვანეს. 50–მდე დაშავებულს შორის 80 წლის ქალია ქალაქ კირიათ–გათში. ისრაელის თავდაცვის უწყება აცხადებს, რომ რაკეტების ნაწილი ანტისარაკეტო სისტემამ გააუვნებელჰყო.

საპასუხოდ, ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზაში შეიარააღებულ პირთა 130 ობიექტზე საჰაერო დარტყმები განახორციელეს. BBC-ის თანახმად, დაბომბილ წერტილებს შორისაა გვირაბი და სარაკეტო სისტემები, რომელთაც “ჰამასი” და “ისლამური ჯიჰადი” იყენებდნენ. დაიღუპა 4 პალესტინელი, მათ შორის ზემოთ ხსენებული დედა–შვილი. ისრაელის მხარის მიერ ნახსენებ ობიექტებთან ერთად, დაინგრა და დაზიანდა საცხოვრებლები.

დაპირისპირება მხარეებს შორის პარასკევს, 3 მაისს განახლდა. პარასკევს ღაზის მცხოვრებლები ისრაელის მხრიდან განხორციელებულ ბლოკადას აპროტესტებდნენ, რასაც ეს უკანასკნელი ღაზაში იარაღის შედინების აღკვეთით ხსნის. საპროტესტო აქციის დროს, პალესტინელმა შეიარაღებულმა პირმა საზღვართან ახლოს ისრაელის ორი სამხედრო დაჭრა.

საპასუხოდ, ისრაელმა საჰაერო დარტყმები განახორციელა, რასაც დაჯგუფება “ჰამასის” ორი წევრი და კიდევ ორი პალესტინელი ემსხვერპლა. სწორედ ამის შემდეგ განხორციელდა ღაზის მხრიდან ისრაელის მიმართულებით სარაკეტო შეტევა.

გაეროს განცხადებით, მხარეებს შორის დაძაბულობის გასანეიტრალებლად ეგვიპტესთან ერთად მუშაობს. სწორედ ეგვიპტე შუამავლობდა გასულ თვეში მიღწეულ შეთანხმებას ისრაელსა და ღაზას შორის, რომელიც მიმდინარე დღეებში დაირღვა.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან