ბრუნეი აჩერებს ახალ კანონის ამოქმედების პროცესს, რომელიც გეი სექსისა და ადიულტერის (სქესობრივი ურთიერთობა სხვა ქორწინებაში მყოფ პირთან) გამო ადამიანების სიკვდილით დასჯას ითვალისწინებდა. ამის შესახებ ბრუნეის სულთანმა 5 მაისს განაცხადა და აღნიშნა, რომ მორატორიუმის პერიოდს გაახანგრძლივებს.
BBC-ის ცნობით, სიტყვით გამოსვლისას სულთანმა თქვა, რომ ინფორმირებულია კანონპროექტის გარშემო “ბევრი კითხვისა და არასწორი ინტერპრეტაციის” შესახებ. ტელეარხის თანახმად, მორატორიუმის გახანგრძლივების პარალელურად, ბრუნეის მმართველმა კანონპროექტი კვლავ დაიცვა.
ბრუნეის სულთნის სიტყვით გამოსვლა პირველია მას შემდეგ, რაც გასულ თვეში ქვეყანამ ახალი კანონმდებლობა წარადგინა. ამ ნაბიჯს მასშტაბური საერთაშორისო პროტესტი მოჰყვა. დაიწყო ონლაინ–კამპანია, რომლის ფარგლებშიც არაერთმა ცნობილმა ადამიანმა გააჟღერა ბრუნეის სამეფო ოჯახის კუთვნილი ბიზნესების – სასტუმროებისა და გასართობი დაწესებულებების – ბოიკოტის შესახებ. თავად ბრუნეის სულთანს არაერთი საპატიო ჯილდო ჩამოართვეს.
მოქმედი კანონმდებლობით, ჰომოსექსუალობა ბრუნეიში არალეგალურია და 10 წლიანი პატიმრობით ისჯება.