ისრაელის ძალებმა ღაზაში თურქული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს ოფისზე მიიტანეს იერიში. მომხდარს ანკარის მხრიდან კრიტიკა მოჰყვა, ისრაელის მხარე კი ამბობს, რომ შენობას შეიარაღებული დაჯგუფებები იყენებდნენ.
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებით, სააგენტო Anadolu-ს ოფისის საჰაერო დაბომბვა “ახალი ნიმუშია ისრაელის უკონტროლო აგრესიისა”.
თურქეთის სახელმწიფო მედია იუწყება, რომ შენობა, სადაც Anadolu–ს ოფისი მდებარეობს, ისრაელის მხრიდან მინიმუმ 5 რაკეტით დაიბომბა, რასაც წინ გამაფრთხილებელი ცეცხლი უძღოდა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
ინციდენტს ქვეყნის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანის გამოეხმაურა და თქვა, რომ “თურქეთი და Anadolu განაგრძობენ მსოფლიოსთვის ისრაელის ტერორიზმის შესახებ მოყოლას”.
თავის მხრივ, ისრაელის სამხედრო უწყებამ შენობის დაბომბვა იმით გაამართლა, რომ მას დაჯგუფებები “ჰამასი” და “ისლამური ჯიჰადი” ოფისებად იყენებენ.
ისრაელსა და ღაზას შორის მეორე დღეა, დაპირისპირება არ წყდება. 4 მაისის დილიდან ამ დრომდე, ღაზის სექტორის მხრიდან ისრაელის მიმართულებით შეიარაღებულმა პირებმა ასობით რაკეტა გაუშვეს, რასაც მეორე მხრიდან საჰაერო დარტყმები მოჰყვა. ორივე მხარეს არიან დაღუპულები და დაშავებულები.
გარეკანზე: ისრაელის საჰაერო დარტყმა ღაზაზე. ფოტო: EPA/MOHAMMED SABER
ისრაელსა და ღაზას შორის დაპირისპირება განახლდა – არიან დაღუპულები