ახალი ამბები

მოკლული ძაღლის გამო რუსთავის პროკურატურასთან აქცია გაიმართება

30 ოქტომბერი, 2014 •
მოკლული ძაღლის გამო რუსთავის პროკურატურასთან აქცია გაიმართება

რუსთავის პოლიციას სამი ახალგაზრდის მიერ თვალაუხელელი ლეკვის ცემასთან დაკავრებით არასამთავრობო ორგანიზაცია “ცხოველთა მეგობრების” თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ირინა ლიკლიკაძემ მიმართა.

 

ის ამბობს, რომ მას 29 სექტემბერს დაურეკეს რუსთავში ერთ–ერთი მაღაზიის მეპატრონეებმა, რომლის სათვალთვალო კამერამაც წამების კადრები გადაიღო. ირინა ლიკლიკაძემ განცხადება პოლიციაში 2 ოქტომბერს შეიტანა. მისი თქმით, მოკვლევა პოლიციამ იმავე დღეს დაიწყო, ახალგაზრდები ამოიცნეს და დაკითხეს.

 

როგორც ცხოველთა უფლებადამცველმა “ნეტგაზეთს” განუმარტა, საქმე იმ 18 წლის ახალგაზრდის მიმართ სისხლის სამართლის კოდექსის 259–ე მუხლის პირველი ნაწილით იყო აღძრული, რომელიც ძაღლის წამებისას ყველაზე მეტად აქტიურობდა. ეს მუხლი ცხოველისადმი სასტიკ მოპყრობას ითვალისწინებს, რამაც მისი დაღუპვა ან დასახიჩრება გამოიწვია, და ისჯება ჯარიმით ან ერთ წლამდე ვადით გამასწორებელი სამუშაოთი.  

 

თუმცა, ლიკლიკაძის თქმით, პროკურორმა ახალგაზრდას განრიდება შეუფარდა.

 

“მე ვესაუბრე პროკურორს და მან ამიხსნა, რომ არის განრიდება სისხლის სამართლის საქმიდან მომხდარი, ანუ არ გასამართლდება, როგორც სისხლის სამართლის დამნაშავე და მიესჯება 100 საათი საზოგადოების სასარგებლო იძულებითი სამუშაო.”

 

ირინა ლიკლიკაძე ამბობს, რომ მას ოფიციალურად საქმის მასალები არ ჩაბარებია და ეს ინფორმაცია პროკურორთან საუბრის შედეგად მოიპოვა.

 

“მან მითხრა, რომ გააკეთა განრიდება, მიზეზად დაასახელა ის, რომ ეს პიროვნება არ არის ადრე ნასამართლევი.

 

იმ საწყალი ლეკვის ნეშტი ვერ იპოვეს იმიტომ, რომ მათ სად გადააგდეს, კაცმა არ იცის. სავარაუდოდ, ბუნკერში ჩააგდეს და მერე მისი მოძებნა ფაქტობრივად შეუძლებელია. აი, ამ ფაქტების გათვალისწინებით გადაწყვიტა, რომ განრიდება გაეკეთებინა,”– განაცხადა ლიკლიკაძემ.

 

პროკურორის ამ გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად მოქალაქეები 1 ნოემბერს პროკურატურის წინ შეკრებას გეგმავენ. აქციის ერთ–ერთი ორგანოზატორი, თაკო კვალიაშვილი ამბობს, რომ ისინი იმ ადამიანის მკაცრად დასჯას მოითხოვენ, რომელმაც ლეკვი აწამა.

 

“როგორც ჩვენ ვაკვირდებით, მკაცრი ზომების გატარებას არ აპირებენ და ალბათ რაღაც სიმბოლური სასჯელით შემოიფარგლებიან, რაც, ვფიქრობ, რომ ძალიან რბილი მიდგომაა ამ პრობლემისადმი და ამ საკითხისადმი. ვფიქრობთ, რომ თუ არ დაისაჯა შესაბამისად ეს ადამიანი, სხვებიც იმავეს გააკეთებენ დაუსჯელობიდან გამომდინარე,“– ამბობს კვალიაშვილი.

 

მას პრეტენზიები აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 259–ე მუხლით გათალისწინებული სანქციების გამოყენებასთან დაკავშირებითაც:

 

“ჯერ მაგ კანონით დასჯილი ადამიანი არ გვინახავს.  259–ე მუხლი არის რეალურად მკვდარი მუხლი, იმიტომ, რომ არაფერს არ აკეთებს,” განაცხადა თიკო კვალიაშვილმა

 

რუსთავში, ფიროსმანის 17–ში მდებარე პროკურატურასთან აქცია პირველ ნოემბერს, 15:00 საათზე გაიმართება.

 

კადრი
კადრი ‘ცხოველთა მეგობრების’ მიერ გავრცელებული ვიდეოდან, სადაც ძაღლის წამების ფაქტი არის ასახული

მასალების გადაბეჭდვის წესი