ნეტგაზეთი | ვინ (არ) დაუჭირა მხარი კანონიდან სიტყვა “ლიბერალურის” ამოღებას ვინ (არ) დაუჭირა მხარი კანონიდან სიტყვა “ლიბერალურის” ამოღებას – Netgazeti
Batumelebi | RU

ვინ (არ) დაუჭირა მხარი კანონიდან სიტყვა “ლიბერალურის” ამოღებას

“ზოგადი განათლების შესახებ” კანონში ინიცირებული ცვლილებები, რომელიც მოქმედი კანონიდან სიტყვა “ლიბერალურის” ამოღებას ითვალისწინებდა, ჩავარდა.

ცვლილებებს დასამტკიცებლად 68 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდებოდა, თუმცა მას მხარი მხოლოდ 61-მა დეპუტატმა დაუჭირა, 18 კი წინააღმდეგი იყო.

კანონპროექტს წინააღმდეგ ხმა მისცა “ქართული ოცნების” 5-მა დეპუტატმა, მათ შორის, გუგული მაღრაძემ, ირინა ფრუიძემ, სოფიო ქაცარავამ, დიმიტრი ცქიტიშვილმა და თამარ ხულორდავამ.

“ოცნების” დეპუტატებს შორის, რომლებმაც კანონპროექტს მხარი დაუჭირეს, იყვნენ არჩილ თალაკვაძე, მამუკა მდინარაძე და გიორგი კახიანი. ირაკლი კობახიძემ კენჭისყრისგან თავი შეიკავა.

ოპოზიციის წარმომადგენლები კანონპროექტზე კენჭისყრის გადადებას ითხოვდნენ.

განათლების კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშის თქმით კი, კანონიდან სიტყვა “ლიბერალურს” არ ამოიღებენ და მეორე მოსმენამდე კანონპროექტის ავტორები (გენადი მარგველაშვილი და ნუკრი ქანთარია) კონსულტაციებს გამართავენ განათლების სამინისტროსთან, ომბუდსმენთან და ა.შ.

მარიამ ჯაშმა განაცხადა, რომ მიზანი არის კანონმდებლობის დაახლოება ბავშვთა უფლებების კონვენციასთან.

საუბარია ჩანაწერზე, რომელიც ზოგადი განათლების შესახებ კანონის მიზნებში გვხვდება: “ლიბერალურ-დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბება”.

ერთ-ერთმა ავტორმა ნუკრი ქანთარიამ კანონპროექტის კენჭისყრაზე დაყენება მოითხოვა. პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განმარტა, რომ ტერმინი პრინციპული საკითხია და ვერ განხორციელდებოდა დათქმით კენჭისყრა, რომ მას II მოსმენამდე ამოიღებდნენ. მან დეპუტატებს კენჭისყრამდე სთხოვა ამის გათვალისწინება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.