ახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

ღვინჯია: ქართულ მხარესთან არქივების პროექტი სხვებზე უკეთესად მუშაობს

3 მაისი, 2019 • 2323
ღვინჯია: ქართულ მხარესთან არქივების პროექტი სხვებზე უკეთესად მუშაობს

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში აფხაზური და ქართული ჯგუფები თანამშრომლობენ აფხაზეთის არქივის აღდგენის საკითხში, რომელიც 1992-1993 წლების ომის დროს განადგურდა. სოხუმში, სადაც ამჟამად არსებობს სახელმწიფო არქივის განყოფილება, მის ხელმძღვანელს, რომან ღვინჯიას ქართულ მხარესთან თანამშრომლობისა და არქივების შესახებ ვესაუბრეთ.

როგორც ღვინჯია ჰყვება, ომის პერიოდში სოხუმში ყველაფერი არ დამწვარა. ამავე დროს, მნიშვნელოვანი დოკუმენტების ორიგინალები და ასლები საქართველოს არქივებში დღესაც არსებობს.

“წლების წინ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე დავაყენეთ ჩვენი არქივის აღდგენის საკითხი, რომ გავცვალოთ დოკუმენტები, რომლებიც საქართველოში არსებობს და აფხაზეთს ეხება. მაშინ ისინი [ქართული მხარე] დაგვთანხმდნენ, გამოგვიგზავნეს რაღაც მასალები, სხვათა შორის, საკმაოდ ბევრი. ქალაქების ადმინისტრაციებსაც კი გამოუგზავნეს კომუნალურ სფეროსთან დაკავშირებული დოკუმენტები”.

თუმცა, როგორც ის ამბობს, აფხაზეთთან დაკავშირებული საარქივო მასალების უფრო დიდი ნაწილი, რომელსაც ქართული მხარე აწვდის, მე-19 და მე-20 საუკუნის ეთნოგრაფიულ საკითხებს შეეხება.

ღვინჯია ამბობს, რომ აფხაზურ მხარეს სჭირდება ადამიანი, რომელიც ქართულ ენას ფლობს, ქართულ არქივებში იმუშავებს, გამოავლენს აფხაზეთთან დაკავშირებულ ყველა დოკუმენტს, გადაიტანს ციფრულ ფორმატში და შემდეგ აფხაზეთში გამოგზავნის.

“განვიხილავთ ვარიანტებს, ბათუმელი აფხაზი ვიპოვოთ. ამ სამუშაოს ევროსაბჭო დააფინანსებს. არქივი ყველა შესაძლო საშუალებით უნდა შეივსოს”, – ამბობს აფხაზეთის არქივის დირექტორი.

ღვინჯია ამბობს, რომ ქართველ სპეციალისტებთან მუშაობის დროს პრობლემები არ ექმნებათ, რადგანაც “აფხაზმა სპეციალისტებმა თავიდანვე განაცხადეს, რომ პოლიტიკურ საკითხებს არ შეეხებიან, მხოლოდ დოკუმენტებზე იმუშავებენ”.

“მაგრამ, სამწუხაროდ, ყველაფერი პოლიტიკასთანაა კავშირში. იცით, რომ ჟენევის დისკუსიებზე ხან ერთი მხარე ტოვებს შეხვედრებს, ხან- მეორე, თუმცა საარქივო პროექტი ჯერჯერობით სხვა პროექტებზე უკეთესად მუშაობს. ჩვენ გვესმის, რომ ყველა დოკუმენტს ვერ გადმოგვცემენ. ის, რაც მათ [ქართული მხარე] ინტერესებში არ შედის, არ მოგცემენ.

მათ [ქართველებს] გადასცეს ამერიკული არქივი – ე.წ. 18-21-იანი წლების საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროინდელი მასალები. ჩვენ ვიცით, რომ ეს არქივი სრულად არის გადაცემული საქართველოსთვის. შესაბამისად, ჩვენ დავაყენეთ საკითხი, რომ გადმოგვცენ ამ დოკუმენტების ასლები. მათ გვიპასუხეს, რომ დაუმუშავებელია და ჯერჯერობით ნაადრევია ამის შესახებ საუბარი. ჯერ თავად უნდა ნახონ, რა არის. მე ვვარაუდობ, რომ მათ არ სურთ ამის მოცემა, რადგან იქ მათი მოკავშირეები წერდნენ, რომ ისინი [ქართველები] ადგილობრივ მოსახლეობას არადემოკრატიული მიდგომებით ექცეოდნენ”.

აფხაზურ მხარეს, როგორც ღვინჯია ჰყვება, საკუთარი მასალები ქართული  მხარისთვის ჯერ არ გადაუცია. “ჩვენც დავფიქრდებით, რა გადავცეთ და რა არა”.

გარდა იმისა, რომ ქართული მხარე აფხაზურს უშუალოდ საარქივო განყოფილებას გადასცემდა, ასევე იყო მოთხოვნები ზოგიერთი აფხაზი მეცნიერის მხრიდან, მაგალითად, სტანისლავ ლაკობასგან.

შედეგად, როგორც ღვინჯია ამბობს, საქართველოს არქივების წყალობით, სტანისლავ ლაკობას რედაქციით, აფხაზეთში გამოქვეყნდა სამტომეული, რომელიც რეპრესიებს ეხება. ძირითადად ეს ყველაფერი გაკეთდა იმ მასალებზე დაყრდნობით, რომლებიც საქართველოს მაშინდელ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტში არსებობდა.

“ისინი დაეხმარნენ ამ დოკუმენტების აღმოჩენაში. საქართველოში ამასთან დაკავშირებით არაერთგვაროვანი დამოკიდებულება იყო. ყველას არ უნდოდა, ეს დოკუმენტები ჩვენთან მოხვედრილიყო. ისინი აცნობიერებენ  საკუთარ დანაშაულს, რაც ომის დროს ჩაიდინეს, კერძოდ, არქივებთან დაკავშირებით, და ცდილობდნენ რამენაირად დაემალათ ეს დანაშაული”.

თუმცა, როგორც აფხაზეთის არქივის ხელმძღვანელი ამბობს, დღედღეობით, მათ დღის წესრიგში უფრო მეტად სარეზერვო ფონდის აღდგენის საკითხი დგას.

“ჩვენ ავიყვანეთ უნივერსიტეტიდან სტუდენტები, რომლებიც ჩეხმა სპეციალისტებმა გადაამზადეს. ახლა ისინი მუშაობენ მასალების აღდგენაზე. ორი ფონდი ფაქტიურად დასრულებულია. ეს არის გასულ საუკუნის დასაწყისის აფხაზეთის განათლების სამინისტროსა და სახალხო კომისრების საბჭოს ფონდები. ისინი ციფრულ ფორმატშია გადატანილი და ბიბილიოთეკებს გადაეცემა. არსებობს ხალხი, ვინც უკვე გამოიყენა ისინი”.

აღნიშნული სამუშაო, როგორც ღვინჯია ამბობს, გაგრძელდება და სულ ცოტა, ორწელიწადნახევარია საჭირო სრული ინფორმაციის მოცულობის დასაძლევად.

“ჩვენ არ გვჭირდება სპეციალური კამერა დოკუმენტების რესტავრაციისთვის. საქმე ის არის, რომ გვაქვს მიკროფილმები, საიდანაც შეიძლება ინფორმაციის წაკითხვა. არის ძალიან დაზიანებული ნაწილიც, რომელსაც ცალკე ვინახავთ, იმ შემთხვევისთვის, რომ ახალი ტექნიკა გაჩნდება და წაკითხვის საშუალებას მოგვცემს. მონაცემების აღდგენა დიდი ფული ღირს, მხოლოდ საერთაშორისო ორგანიზაციების ფინანსური დახმარებით ვმუშაობთ”.

მართალია, აფხაზეთის არქივები მცირეა, მაგრამ მსოფლიო მემკვიდრეობის მნიშვენლოვანი ნაწილია. ამიტომაც არქივის გადაწვის ფაქტი ბარბაროსობაა. კულტურული გენოციდია. საომარი მოქმედებების, სტიქიური კატასტროფების, ძარცვის დროს არქივის განადგურება გასაგებია, მაგრამ სპეციალურად გადაწვა? აფხაზეთის ისტორიის გარდა, იქ ხომ ინახებოდა დასავლეთ საქართველოდან დაწყებული ტამანის ნახევარკუნძულამდე არეალის დოკუმენტები”.

მისი თქმით, აფხაზეთის განადგურებულ არქივში დოკუმენტები დაცული იყო თითო და ერთადერთ ეგზემპლარად –  მაგალითად, მონაცემები სოხუმის ეპარქიაზე, ჟანდარმერიაზე, პოლიციის განყოფილებაზე, საბაჟო სამმართველოზე, სახალხო აფხაზურ საბჭოზე.

“ერთადერთი იმედია, ვიპოვოთ ეს დოკუმენტები სარეზერვო არქივებში, ახალაღდგენილ მასალებს შორის”.

სოხუმში არქივის განყოფილება ამჟამად თანამედროვე შენობაშია მოთავსებული, რომლის საცავებიც დაცულია და ოთახებშიც განსაკუთრებული ტემპერატურაა.

როგორც ღვინჯია გვიყვება, დღეს ამ არქივის მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენს ის აღდგენილი დოკუმენტები, რომლებიც გადატანილი იყო განსაკუთრებულ სარეზერვო ფონდში.

“70-80-იან წლებში განსაკუთრებით ღირებული ინფორმაცია მიკროფილმებზე და ფოტოასლებზე გადაიტანეს. საბედნიეროდ, როდესაც არქივი და აფხაზეთის სამეცნიერო ინსტიტუტი დაწვეს, ეს მასალები სხვა ადგილას ინახებოდა და ამგვარად გადარჩა. მაგრამ ოც წელზე მეტია ვერ წავიკითხეთ ისინი იმიტომ, რომ აპარატურა არ იყო და მასალებიც თანდათანობით ფუჭდებოდა, ლპებოდა”, – გვიყვება ღვინჯია.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი