ახალი ამბები

სოლოლაკში ძეგლის სტატუსის მქონე სახლის კედლის ნაწილი ჩამოიშალა

2 მაისი, 2019 • 1637
სოლოლაკში ძეგლის სტატუსის მქონე სახლის კედლის ნაწილი ჩამოიშალა

2 მაისს თბილისში, სოლოლაკში, პაოლო იაშვილის #16-ში მდებარე შენობის კედლის ნაწილი ჩამოიშალა.

როგორც ნეტგაზეთს ადგილობრივი მცხოვრებლები, დალი ულუმბერაშვილი და ეთერ ჩიქოვანი უყვებიან, კედელი დილას ჩამოინგრა. ჩამონგრევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა, მათი თქმით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც შენობის ფასადი ინგრევა.

შენობაში, მათივე ცნობით, 30-მდე ოჯახი ცხოვრობს, თუმცა უშუალოდ იმ ოთახის მეპატრონე, რომლის კედელიც ჩამოინგრა, აქ არ ცხოვრობს.

ადგილობრივების თანახმად, შენობას ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს. მათი თქმით, დილას 112-ში დარეკვის შემდეგ ადგილზე პოლიცია და მერიისა და გამგეობის თანამშრომლები მივიდნენ და უთხრეს, რომ ერთი კვირის განმავლობაში დაადგენენ, არის თუ არა შენობა საცხოვრებლად უსაფრთხო.

მათივე ცნობით, ამხანაგობას არაერთხელ მიუმართავს სხვადასხვა უწყებისთვის – გამგეობისთვის, კულტურის სამინისტროსთვის, შენობის გარემონტება-აღდგენის თხოვნით.

როგორც ალეკო ელისაშვილის პარტიის კანდიდატი მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში, ლევან იოსელიანი აცხადებს, არავინ იცის, რამდენად უსაფრთხოა სახლი საცხოვრებლად, რადგან კედელი, რომელიც ჩამოინგრა, ერთ-ერთი საყრდენია. ელისაშვილი და იოსელიანი დღეს ადგილზე იმყოფებოდნენ.

ტროტუარი ჩამონგრეული კედლის მიმდებარედ ამჟამად ბარიერებითაა შემოსაზღვრული.

“მუნიციპალური ლაბორატორია იწყებს შესწავლას და დასკვნა რომ გვექნება, იმის მიხედვით გადაწყდება სახლის ბედი – მოხდება გამაგრება თუ საჭირო გახდება მისი დაშლა და თავიდან აშენება”, – აცხადებენ თბილისის მერიაში.

მაცხოვრებლები სახლში რჩებიან, როგორც გამგეობაში განმარტავენ, გარეგანი დათვალიერების მიხედვით, მათი დაუყოვნებლივ განსახლების საჭიროება ამ ეტაპზე არ დგას.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი