ნეტგაზეთი | გახარია: პანკისში სპეცრაზმი საერთოდ არ ყოფილა გახარია: პანკისში სპეცრაზმი საერთოდ არ ყოფილა – Netgazeti
Batumelebi | RU

გახარია: პანკისში სპეცრაზმი საერთოდ არ ყოფილა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, 21 აპრილს პანკისის ხეობაში სპეცრაზმი საერთოდ არ ყოფილა და იქ არ ჩატარებულა სპეცოპერაცია. გახარიას განმარტებით, პანკისში ჩვეულებრივი საპოლიციო ძალები იმყოფებოდნენ.

როდესაც ვაკეთებთ ხმამაღალ განცხადებებს და გვაქვს პარლამენტარის დიდი პასუხისმგებლობა, ეს ყველაფერი დადგენადია – ღია წყაროებით თუ არ გაქვთ ინფორმაცია, შეგიძლიათ წერილი მოიწეროთ და მე გიპასუხებთ, რა ძალები იღებდნენ მოანაწილეობას ამ ღონისძიებაში- სახელებით და გვარებით; იყო სპეცოპერაცია ეს თუ არ იყო, იყო იქ სპეცრაზმი თუ არ იყო და ა.შ. ეს ისე, შემდგომისთვის…” – მიმართა შს მინისტრმა ოპოზიციონერ დეპუტატებს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

გიორგი გახარიას თქმით, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკისრება მართლწესრიგის დაცვის ვალდებულება სახელმწიფოს სხვა უწყებებთან ერთად კოორდინაციაში, შსს-ს საერთოდ არ აინტერესებს, ჰესზეა იქ საუბარი თუ გზის მშენებლობაზე, ან ამ ჰესს სახელმწიფო აშენებს თუ კერძო კომპანია.

ჩვენ ერთი რამე უნდა გვესმოდეს, მეგობრებო და კოლეგებო – ქვეყნის უსაფრთხოების, მართლწესრიგის საკითხი არის ყველანაირ პარტიულ ინტერესზე უფრო მაღალი საკითხი, როდესაც ისეთ სათუთ თემებს, როგორიც არის, მაგალითად, პანკისი, ვიყენებთ პოლიტიკური ტემპერატურის ან პოლიტიკური ქულების… შესაბამისად, როდესაც ჩვეულებრივი სოციალური პროტესტი, რომელიც შეიძლებოდა მომხდარიყო საქართველოს ნებისმიერ სხვა კუთეში, იძენს ისეთ განმარტებებს, როგორიც შეიძინა აქ, ეს არის უბრალოდ სამწუხარო”, – განაცხადა შს მინისტრმა.

მისი თქმით, პანკისში დაგეგმილი ჰესის საკითხთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო კოორდინაციაში მუშაობდა ეკონომიკის სამინისტროსთან, სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და სხვა სამინისტროებთან:

როგორც ჩანს, ამ შეფასებებში გარკეულ მომენტში შეცდომები იყო გაპარული, არასრულად იყო გაწეული ეს სამუშაო. შესაძლებელია, რომ არასაკმარისი კოორდინაციაც იყო და, ფაქტობრივად, შედეგად მივიღეთ ის, რაც, რა თქმა უნდა, არ შეიძლება შეფასდეს, რომ ეს იყო კარგი შედეგი. ეს იყო ცუდი შედეგი”.

  • 21 აპრილს პანკისის ხეობაში პოლიცია და ადგილობრივები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. მოსახლეობა ხეობაში ჰესის მშენებლობას ეწინააღმდეგება. ადგილობრივები ამბობენ, რომ ხეობაში ჰესის მშენებლობას არ დაუშვებენ, რადგან ეს მათ საცხოვრებელ გარემოს მნიშვნელოვნად გააუარესებს.
  • დაპირისპირების შედეგად დაზიანებულია პოლიციის მანქანები და ჰესის მშენებელი კომპანიის კუთვნილი სამშენებლო ტექნიკა. პოლიციამ გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები, ადგილობრივებმა კი სამართალდამცავებს ქვები დაუშინეს.
  • ხეობაში ჩასული იყო შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია. ადგილობრივთა მოლაპარაკებების შემდეგ მან თქვა, რომ ჰესის მშენებლობა შეჩერდება მანამ, სანამ პროექტს მოსახლოების 90% მაინც არ დაუჭერს მხარს.
ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.