უშიშროების საბჭოს სხდომა პრეზიდენტის მოწვევით ჩატარდა, რომელსაც პირველად დაესწრო პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. საბჭოს სხდომაზე აფხაზეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის ე.წ. მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ ხელშეკრულების მოსალოდნელი გაფორმების საკითხი და პრემიერ-მინისტრის მიერ აფხაზეთისთვის შეთავაზებული ავტონომია განიხილეს.
ირაკლი ღარიბაშვილი პრეზიდენტის რეზიდენციაში 18:00 საათზე მივიდა, გიორგი მარგველაშვილი პრემიერს რეზიდენციის ეზოში დახვდა. საბჭოს სხდომა ერთ საათზე მეტხანს გაგრძელდა და დასრულების შემდეგ პრეზიდენტმა და პრემიერმა კომენტარი ჟურნალისტებთან ერთად გააკეთეს.
“ბუნებრივია, ჩვენ შევხვდით ძალიან მტკივნეულ და ურთულეს თემაზე, რომელიც ეხება ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს, ჩვენს მოქალაქეებს, რომელიც აფხაზეთსა და ცხინვალში ცხოვრობენ. ბუნებრივია, განხილვის თემა იყო ის, თუ როგორ ვუპასუხოთ ურთულეს ვითარებას, რომელიც შექმნილია [რუსეთის მიერ] აფხაზეთთან დასადებ ხელშეკრულებასთან მიმართებაში. ჩვენ გავაანალიზეთ ვითარება, განვიხილეთ მიმდინარე ქმედებები და ის ნაბიჯები, რასაც ჩვენ კოორდინირებულად გადავდგამთ, მთავრობა პრეზიდენტი და პარლამენტი”, – განაცხადა პრეზიდენტმა.
პრემიერის თქმით კი, დღევანდელმა სხდომა კარგ სამუშაო გარემოში ჩატარდა:
“მეც ვუერთდები ბატონ პრეზიდენტს. მინდა გითხრათ, რომ ძალიან კარგი სუაბარი გამოგვივივდა, კარგი მსჯელობა გვქონდა. ვისაუბრეთ და შევთანხმდით კოორდინირებულ მუშაობაზე. ჩვენ დღეს გამოვაჩინეთ, რომ ერთად მუშაობა შეგვიძლია. არ არსებობს ჩვენს შორის საკითხი, რომელზეც ვერ ვთანხმდებით. ეს არის საკითხები, რომელზეც პრემიერი, პრეზიდენტიც და პარლამენტიც ვართ ერთსულოვნები”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ უშიშროების საბჭოს სხდომის მონაწილეებს იმ ღონისძიებების ნუსხა გააცნო, რაც აფხაზეთის მიერ რუსეთთან დაგეგმილი ხელშეკრულების გამო საგარეო უწყებამ გაატარა. ფანჯიკიძის თქმით, ესენია ის განცხადებები, რომელიც მეგობარი ქვეყნებისგან გაკეთდა, ასევე, მისი ვიზიტი გერმანიაში, დიპლომატიური კორპუსის მოწვევა საგარეო საქმეთა სამინისტროში და მათი საქმის კურსში ჩაყენება, საელჩოებისთვის მიცემული დავალებები, საქართველოს წარმომადგენლების გამოსვლა გაეროში და ევროპის საბჭოში. გარდა ამისა დაგეგმილია გამოსვლები ეუთოში და ნატო საქართველოს კომისიაზე.
ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, ალექსი პეტრიაშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლების ყველა შტო, პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, საქართველოს პარლამენტი არიან ერთსულოვანი და გაერთიანებული ურთულესი საკითხის ირგვლივ გადაჭრის გზების მოძიების თვალსაზრისით:
“აფხაზეთთან ე.წ. შეთანხმების გაფორმება რეალურად რუსეთის მხრიდან ღია ანექსიის მცდელობაა. იყო ძალიან აქტიური მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ვხედავთ კონკრეტულად ჩვენ აფხაზ და ოს ძმებთან მიმართებაში ჩვენ შეთავაზებას, რომელიც აქამდეც გაკეთებულა არაერთხელ საქართველოს მოქმედი ხელისუფლების მიერ. არჩევანი არის გაუჩინარებასა და ერთიან, დემოკრატიულ, ძლიერ სართველოს შემადგენლობაში ევროპაში ინტეგრაციას შორის. მე მგონი, ამას ჩვენი აფხაზი ძმებიც კარგად ხედავენ, ისევე, როგორც ჩვენი ოსი თანამოქალაქეები”, -განაცხადა პეტრიაშვილმა.
დღევანდელ სხდომას საკანონმდებლო ორგანოს წარმოამდგენლებიც ესწრებოდნენ. ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, რუსეთს აფხაზეთის პროვინციად გადაქცევა სურს. მისივე თქმით, მთავრობა დაიცავს ქვეყნის მოქალაქეებს, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რა ბერკეტები აქვთ ამისთვის. ამ შეკითხვას კონკრეტული პასუხი არ გასცა არც უშიშროების საბჭოს მდივანმა ირინა იმერლიშვილმა.
“იქნება კონკრეტული შეთავაზებები, კონკრეტული ღონისძიებები, რომელსაც დროთა განმავლობაში გაახმოვანებენ პრეზიდენტი, მთავრობის წარმომადგენლები, შესაბამისი სამინისტროები. დაველოდოთ მოვლენებს, მე არ დავასწრებ ამ ყველაფერს”,- განაცხადა იმერლიშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 27 ოქტომბერს, ორწლიანი მუშაობის წარდგენისას, აფზახების და ოსების მისამართით განაცხადა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე დამოუკიდებლობის მოთხოვნა განუხორციელებელი გეგმაა და მათ ავტონომია შეთავაზა. უკვე დღეს, უშიშროების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, პაატა ზაქარეიშვილმა განმარტა, თუ რას გულისხმობს ირაკლი ღარიბაშვილის შეთავაზება და რითაა განსხვავებული აფხაზეთისთვის მანამდე არსებული ავტონომიისგან:
“მან შეთავაზა ავტონომია ევროპული კონტექსტით, პერსპექტივებით. ჩვენ დღეს კონსტიტუციაში გვაქვს ავტონომიური რესპუბლიკა, ასე გვიწერია. უცნაურია თავისთავად, 1995 წელს, როდესაც კონსტიტუცია მიღებული იქნა, აფხაზეთი იყო ცალკე სახელწოდება ყოველგვარი ავტონომიის გარეშე და, თუ არ ვცდები, 2006-07 წელს უკვე შეიცვალა კონსტიტუცია და ჩაიწერა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა. პრემიერი იქნება თუ ვინც იქნება, ჩვენ ვალდებული ვართ, ვემორჩილებით კონსტიტუციას, ამ ტერმინოლოგიით ვილაპარაკოთ. იყო ავტონომია და იქნება ევროპული ავტონომია, ევროპული ხედვებით, ევროპული კონტექსტით და ფორმატით, როგორც ეკადრება და ღირსია ევროპული სახელმწიფო”,- განაცხადა ზაქარეიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
მისივე თქმით, ამ შემთხვევაში ავტონომია გამოყენებულია, როგორც ფართო ცნება, რადგან ევროპაში ავტონომიურობის უამრავი ფორმა არსებობს:
“ჩვენ ამ წუთში ამა თუ იმ ფორმაზე არ ვლაპარაკობთ. პრემიერის მთავარი მესიჯი არის ის, რომ ერთად დავილაპარაკოთ, ავტონომიის რა ფორმაზე შეიძლება იყოს ლაპარაკი, ოღონდ ეს უნდა იყოს ევროპული კონტექსტიდან გამომდინარე. არა ის ავტონომია, რაც თქვენ იცით და გქონდათ და ჯერ კიდევ გვიწერია, არა იმ კონტექსტით, არამედ სულ სხვა ფორმით, ეს არის მკაფიოდ გამოკვეთილი ევროპული კონტექსტი”,-ამბობს ზაქარეიშვილი.
უშიშროების საბჭოს დღევანდელ სხდომას არ ესწრებოდა თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, რადგან იგი საქართველოში არ იმყოფება.