“TV იმედის” პროდიუსერი მაია სტეფნაძე “ფეისბუქზე” წერს, რომ პანკისში განვითარებულ მოვლენებზე ხელისუფლებისადმი კრიტიკული პოსტების გამო ტელეკომპანიიდან გაათავისუფლეს.
სტეფნაძის თქმით, პოსტების გამოქვეყნებიდან რამდენიმე დღეში “იმედის” დირექტორმა გიორგი კალანდარიშვილმა დაიბარა და უთხრა, რომ სამსახურიდან უშვებდა, რის მიზეზადაც ზემოაღნიშნული სტატუსები დაასახელა.
“თქვენ გაბედეთ და შეეხეთ ჩემს თავისუფლებას!! თქვენ დაარღვიეთ ჩემი მთავარი უფლება-სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლება! თქვენ გაბედეთ და ეს ყველაფერი შელამაზების გარეშე პირში მითხარით ისე, რომ სხვა მიზეზის მოფიქრებისთვის თავიც კი არ შეიწუხეთ!
ამბავი კი მდგომარეობს შემდეგში: მას მერე, რაც ,,ფეისბუქზე ,,პოსტი გამოვაქვეყნე, სამი დღის შემდეგ დამიბარა ,,იმედის,, დირექტორმა გიორგი კალანდარიშვილმა და პირდაპირ მითხრა, რომ სამსახურიდან მიშვებდნენ ჩემი სტატუსის გამო… ამაზე მეტი ცენზურა რაღა უნდა იყოს! გამომიშვეს იმიტომ, რომ გავბედე და ჩემი აზრი ღიად გამოვხატე”, – წერს მაია სტეფნაძე სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, იბრძოლებს, რათა ” ქვეყანაში ვერასდროს ვერავინ გაბედოს აზრის გამოხატვის გამო რიგითი თანამშრომლის გაშვება სამსახურიდან”.
მაია სტეფნაძემ ეს განცხადება ფეისბუკზე გუშინ, პირველ მაისს გაავრცელა. “ნეტგაზეთი” პროდიუსერის განცხადებასთან დაკავშირებით ტელეკომპანიის გენერალურ დირექტორს, გიორგი ბახტაძეს დღეს, 2 მაისს დაუკავშირდა. მისი თქმით, ამჟამად ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება გაუჭირდება. კომენტარისაგან თავი შეიკავა არხის იურისტმაც.
პანკისში ჰესების წინააღმდე გამოსულ მოსახლეობასა და სპეცდანიშნულების რაზმს შორის მომხდარ შეტაკებებზე მაია სტეფნაძემ “ფეისბუქზე” რამდენიმე პოსტი დაწერა. ის ხელისუფლების ქმედებებს ძალადობად აფასებდა და ეკონომიკის ახლად დანიშნულ მინისტრს, ნათია თურნავას აკრიტიკებდა. პროდიუსერი ასევე მადლობას უხდიდა “TV პირველის” მფლობელს, ვახტანგ(ვატო) წერეთელსა და უშუალოდ ტელევიზიას ხეობაში განვითარებული მოვლენებისადმი “სწორი სამოქალაქო პოზიციისთვის.
მაია სტეფნაძე სიტყვითაც გამოვიდა თბილისში, პარლამენტის წინ, პანკისელებისადმი სოლიდარობის აქციაზე, სადაც ასევე გააკრიტიკა სახელმწიფოს მიდგომები.
“ჩვენ ვდგავართ თქვენს გვერდით იმიტომ, რომ ჩვენთვის ისეთივე მტკივნეულია, ისეთივე საყვარელია პანკისის ხეობა, როგორიც არის ჰესების მიერ თითქმის უკვე მთლიანად დამორჩილებული ხვამლი, სვანეთი და კიდევ ძალიან ბევრი კუთხე”, – თქვა მან სიტყვით გამოსვლისას.