ახალი ამბები

ჭოხონელიძე 17 მაისს საპატრიარქოს კონცერტში მონაწილეობას არ მიიღებს – რ2

1 მაისი, 2019 • 1573
ჭოხონელიძე 17 მაისს საპატრიარქოს კონცერტში მონაწილეობას არ მიიღებს – რ2

მომღერალი თამრიკო ჭოხონელიძე 17 მაისს საპატრიარქოსთან დაგეგმილ კონცერტში მონაწილეობას არ მიიღებს. ინფორმაციას მომღერალზე დაყრდნობით რუსთავი 2 ავრცელებს.

ტელეკომპანიასთან საუბარში ჭოხონელიძე ამბობს, რომ ის ყველა სახის დაპირისპირების წინააღმდეგია.

“ბოლო პერიოდში ატეხილმა ძალიან დიდმა ალიაქოთმა და სიგნალებმა იმასთან დაკავშირებით, რომ ეს დაპირისპირებას უკავშირდება – მე ამან ძალიან გამაღიზიანა, მინდა გითხრათ, ჩემთვის ყველა დღე ოჯახის სიწმინდის დღეა და თუ 17 რიცხვი იქნება დაპირისპირებისთვის დაგეგმილი ერთ ან თუნდაც მეორე მხარესაც, მე ამას გავაპროტესტებ”, – ამბობს მომღერალი.

17 მაისს საპატრიარქოს მიერ დაფუძნებულ “ოჯახის სიწმინდის დღესთან” დაკავშირებით გალა-კონცერტის გამართვა იგეგმება. კონცერტის ორგანიზატორი საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდული მოძრაობა “დავითიანნია”. მოძრაობა ამბობდა, რომ კონცერტში მონაწილეობას, “სუხიშვილებთან” ერთად, ნინო ქათამაძეც მიიღებდა. თუმცა, ამ უკანასკნელმა ეს უარყო.

რუსთავი 2-ის სიუჟეტში, გარდა თამრიკო ჭოხონელიძისა, ნატო მეტონიძე და აჩიკო ნიჟარაძე საუბრობენ. ორივე მათგანი ამბობს, რომ კონცერტზე არ იმღერებენ.

“ეს არის ჩვენი შეცდომა, რის გამოც ბოდიშს ვიხდით” – დავითიანნი 17 მაისის კონცერტზე

მასალების გადაბეჭდვის წესი