ახალი ამბები

“ეს არის ჩვენი შეცდომა, რის გამოც ბოდიშს ვიხდით” – დავითიანნი 17 მაისის კონცერტზე

1 მაისი, 2019 •
“ეს არის ჩვენი შეცდომა, რის გამოც ბოდიშს ვიხდით” – დავითიანნი 17 მაისის კონცერტზე

17 მაისს საპატრიარქოს მიერ დაფუძნებულ “ოჯახის სიწმინდის დღესთან” დაკავშირებით გამართულ კონცერტთან დაკავშირებით მისი ორგანიზატორი – საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდული მოძრაობა “დავითიანი” განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში მოძრაობა არასწორი ინფორმაციის გავრცელებისთვის ბოდიშს იხდის.

განცხადებაში წერია, რომ გავრცელდა ინფორმაცია, სადაც კონცერტის მონაწილეთა შორის დასახელდნენ ის პიროვნებები, რომლებთანაც შეთანხმება ბოლომდე არ ჰქონდათ დასრულებული.

“სამწუხაროდ, დაბეჭდილი მასალა ტექნიკური პერსონალის მიერ ისე გავრცელდა, რომ ის აღარ გადამოწმებულა. შევნიშნავთ იმასაც, რომ ეს იყო არაოფიციალური ინფორმაცია, რომელიც საჯარო სივრცისთვის არ იყო განკუთვნილი.

მაინც ის არის ჩვენი შეცდომა, რის გამოც ბოდიშს ვიხდით,” – წერს “დავითიანნი”.

გუშინ, 30 აპრილს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ 17 მაისს საპატრიარქოსთან კონცერტი გაიმართებოდა, სადაც “სუხიშვილები” იცეკვებდნენ. ასევე, ნინო ქათამაძეც გამოვიდოდა. შემდგომ ეს ინფორმაცია მომღერალმა უარყო და ნეტგაზეთს განუცხადა: “საქართველოში მართლა არ ვიქნები, მაგრამ განმარტებას ვაკეთებ იმ კუთხით, რომ არ შეიძლება ადამიანის ჩაგვრა”.

დავითიანის აფიშა

17 მაისი ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ეს დღე აერთიანებს იმ საერთაშორისო ღონისძიებებს, რომლებიც ემსახურება ლგბტ უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლებას მსოფლიო მასშტაბით და გმობს ძალადობას.

ოჯახის სიწმინდის დღედ 17 მაისი საპატრიარქომ 2014 წელს გამოაცხადა, მას შემდეგ, რაც მრევლის ნაწილმა 2013 წლის 17 მაისს რუსთაველის გამზირზე ჰომოფობიის საწინააღმდეგო აქციის გამართვის უფლება არ მისცა ლგბტ ადამიანების უფლებების დამცველებს.

მრევლის ნაწილმა პოლიციის ბარიერები გადალახა და დაედევნა ლგბტ აქტივისტებს. კონტრაქციის მონაწილეებმა ვაჩნაძის ქუჩაზე მოიმწყვდიეს მიკროავტობუსში მყოფი აქტივისტების ნაწილი და ცდილობდნენ ამ მიკროავტობუსში შეღწევას. მიკროავტობუსმა დიდი წინააღმდეგობის გადალახვის შემდეგ მოახერა ბრბოდან გაღწევა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი