პანკისის ხეობის მცხოვრებლები საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქს, ილია მეორეს შეხვდნენ. როგორც შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი, პანკისელები ილია მეორეს 21 აპრილის მოვლენებზე ესაუბრნენ.
“პატრიარქის პასუხი იყო ასეთი, ყველაფერი კარგად იქნება. პატრიარქმა მოგვცა კურთხევა… ჩვენ, პანკისში მაცხოვრებელმა ადამიანებმა, რომლებმაც დღეს ჩვენი შეხედულება წარმოვადგინეთ, თუ რა შეცდომა იქნა დაშვებული ჩვენი მხრიდან, თუ რა შეცდომა იქნა დაშვებული მთავრობის მხრინდ. ჩვენ ჩვენი წილი დაშვებული შეცდომა ვაღიარეთ, რადგან პანკისელები და ქართველები არ არიან ცალკე ხალხი. ჩვენ ერთი ხალხი ვართ, ერთი ქვეყნის შვილები,” – ამბობს რუსთავი 2-ის ეთერში თემურ ცათიაშვილი.
პანკისელების თქმითვე, ილია მეორე მომხდართან დაკავშირებით მწუხარებას გამოთქვამდა.
პოლიცია და ადგილობრივები 21 აპრილს პანკისის ხეობაში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. მოსახლეობა ეწინააღმდეგება ხეობაში ჰესის მშენებლობას. დაპირისპირების შედეგად დაზიანებულია პოლიციის მანქანები და ჰესის მშენებელი კომპანიის კუთვნილი სამშენებლო ტექნიკა. პოლიციამ გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები, ადგილობრივებმა კი სამართალდამცავებს ქვები დაუშინეს.
დაშავდნენ როგორც სამართალდამცავები, ისე – ადგილობრივები. ხეობაში ჩასული იყო შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია. ადგილობრივთა მოლაპარაკებების შემდეგ მან თქვა, რომ ჰესის მშენებლობა შეჩერდება მანამ, სანამ პროექტს მოსახლოების 90% მაინც არ დაუჭერს მხარს და ასევე, სპეცდანიშნულების რაზმები დატოვებენ ხეობას.
ადგილობრივები ამბობენ, რომ ხეობაში ჰესის მშენებლობას არ დაუშვებენ, რადგან ეს მათ საცხოვრებელ გარემოს მნიშვნელოვნად გააუარესებს.