ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სოხუმში რუსეთთან შეთანხმების პროექტის სახელწოდება და რამდენიმე პუნქტი შეცვალეს

28 ოქტომბერი, 2014 • • 1041
სოხუმში რუსეთთან შეთანხმების პროექტის სახელწოდება და რამდენიმე პუნქტი შეცვალეს

pravda.ru-ს კორესპონდენტის, ანტონ კრივენიუკის ინფორმაციით, შეთანხმების აფხაზური ვერსიის პირველად ვარიანტს ის უკვე გაეცნო.   

“პარლამენტის მიერ შემუშავებულ ვერსიაში ბევრი საინტერესო საკითხია. თუ მას რუსეთის მიერ მომზადებულ ვერსიას შევადარებით, შეთანხმების ძირითადი დოგმა შენარჩუნებულია. თუმცა ამოღებულია პუნქტი მოქალაქეობის საკითხებზე. არის თვალსაჩინო ცვლილებები თავდაცვისა და საბაჟო სფეროებშიც,” -წერს ჟურნალისტი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.  

 

კრივენიუკის თქმით, შეცვლილია შეთანხმების სახელწოდებაც და “სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმება” ჰქვია [რუსეთის მიერ შემუშავებული ვერსიის სახელწოდებაა “რუსეთ-აფხაზეთის მოკავშირეობისა და ინტერგრაციის შესახებ შეთანხმება”]. 

 

“გვთხოვეს, ჯერ არ გამოვაქვეყნოთ დოკუმენტი, ვინაიდან ის ჯერ პრეზიდენტს გადაუგზავნეს,” – წერს ჟურნალისტი.

 

რაც შეეხება შეთანხმების სხვა საკითხებს, ის საზოგადოებისთვის ჯერ უცნობია. ნეტგაზეთის წყაროს ინფორმაციით, შეთანხმების პროექტის თავდაცვის მუხლის რუსული ვერსია, სადაც საუბარია იმის შესახებ, რომ სამხედრო აგრესიის შემთხვევაში, გაერთიანებული სამხედრო დაჯგუფების მეთაურს ნიშნავს რუსეთის მხარე, აფხაზურ პროექტში შეცვლილია. 

 

მაშინ, როდესაც რუსული პროექტი გამოქვეყნდა, აფხაზეთში ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის საშიში ნაღმები დაინახეს. მათ შორის თავდაცვის სფეროშიც, სადაც ერთ-ერთ პუნქტში ნათქვამი იყო, რომ სწორედ რუსეთი ნიშნავდა ომის დროს გაერთიანებული სამხედრო დაჯგუფების მეთაურს. 

 

აფხაზური პროექტით, სამხედრო აგრესიის დროს ბრძანებას გასცემს იმ ქვეყნის მთავარსარდალი, რომელსაც თავს დაესხნენ. 

 

13 ოქტომბერს აფხაზმა პარლამენტარებმა პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან რუსეთსა და აფხაზეთს შორის “მოკავშირეობისა და ინტეგრაციის” ახალი შეთანხმების პროექტი მიიღეს. 


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   


მასალების გადაბეჭდვის წესი