ახალი ამბები

ირაკლი ღარიბაშვილი უშიშროების საბჭოს სხდომას დაესწრება

27 ოქტომბერი, 2014 • • 1307
ირაკლი ღარიბაშვილი უშიშროების საბჭოს სხდომას დაესწრება

ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობის წევრებთან ერთად, მზად არის მონაწილეობა მიიღოს ნებისმიერი ფორმატის შეხვედრაში, რომელიც ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხის განხილვას დაეთმობა.

 

ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა 28 ოქტომბერს, 18:00 საათზე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაიმართება. მასზე განიხილავენ აფხაზეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის ე.წ. მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ ხელშეკრულების მოსალოდნელი გაფორმების საკითხს.

მთავრობის განცხადებით, ე.წ. ხელშეკრულების საკითხის გარშემო გაიმართა არაერთი შეხვედრა, როგორც მთავრობის წევრებს შორის, ასევე, უსაფრთხოებისა და კრიზისების საბჭოს ფორმატში.

 

ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოს მთავრობის სხვადასხვა უწყებებს, უცხოეთში მოქმედ საქართველოს დიპლომატიურ მისიებს მიეცათ კონკრეტული დავალებები. ინფორმაციები, შემდგომი რეაგირებისთვის, გადაეგზავნათ საქართველოში მოქმედ უცხოურ დიპლომატიურ მისიებს, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციებს.

ირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი

რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთს შორის ინტეგრაციისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების პროექტი 13 ოქტომბერს გამოქვეყნდა.

შეთანხმება სხვადასხვა საკითხთან ერთად ითვალისწინებს აფხაზეთის საზღვრების ერთობლივად დაცვას და ერთობლივი სამხედრო შენაერთების შექმნას. შეიარაღებული აგრესიის შემთხვევაში კი, მხარეები ვალდებული იქნებიან ერთმანეთს სამხედრო დახმარება აღმოუჩინონ.

პროექტში ასევე წერია, რომ საქართველოსთან საზღვარზე კონტროლი ეტაპობრივად უნდა გამკაცრდეს, რუსეთთან კი პირიქით – ზედმეტი ბარიერები უნდა მოიხსნას.

შეთანხმება თანამშრომლობის ახალ დონეს ითვალისწინებს, ასევე, საბაჟო, ეკონომიკურ, სოციალურ, განათლებისა და ჯანდაცვის სფეროებში.

მასალების გადაბეჭდვის წესი