ახალი ამბები

ესპანეთის არჩევნები: მმართველი პარტია ლიდერობს, ულტრამემარჯვენე „ვოქსი“ პარლამენტში შედის

28 აპრილი, 2019 • 1579
ესპანეთის არჩევნები: მმართველი პარტია ლიდერობს, ულტრამემარჯვენე „ვოქსი“ პარლამენტში შედის

28 აპრილს ესპანეთის საპარლამენტო არჩევნებში მოქმედი პრემიერ-მინისტრის, პედრო სანჩესის „სოციალისტურმა პარტიამ“ ხმათა ყველაზე მეტი რაოდენობა მოაგროვა, თუმცა, სავარაუდოდ უმრავლესობის დაკომპლექტებას ვერ მოახერხებს; პარლამენტში შედის ულტრამემარჯვენე პარტია „ვოქსიც“, — ასეთია ეგზიტოლის შედეგები.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ეგზიტოლის თანახმად, მმართველმა პარტიამ ხმების 28.1% მოაგროვა. ოპოზიციურმა „სახალხო პარტიამ“ — 17.8%. ამ პარტიას ასეთი დაბალი შედეგი არასდროს ჰქონია.

ამავე ეგზიტოლის თანახმად, მემარცხენე პარტია „პოდემოსმა“ 16.1% მოაგროვა, მემარჯვენე-ცენტრისტულმა „მოქალაქეთა პარტიამ“ კი 14.4%.

და, ბოლოს, ულტრამემარჯვენე პარტია „ვოქსი“ პირველად შედის პარლამენტში — მათ ხმათა 12.1% მიიღეს. პარტია ეწინააღმდეგება მულტიკულტურალიზმს, ფემინისტზმს და შეუზღუდავ მიგრაციას.

თუმცა ეგზიტპოლები, როგორც BBC წერს, წინა წლებში არც ისე ზუსტი იყო. საბოლოო შედეგები, სავარაუდოდ, 29 აპრილს გამოქვეყნდება.

მთავრობის ჩამოსაყალიბებლად „სოციალისტურ პარტიას“ და მოკავშირე „პოდემოსს“ 176 ადგილი სჭირდებათ პარლამენტში; მეორე მხარეს მოკავშირეებად მოიაზრებიან „ვოქსი“, „სახალხო პარტია“ და „მოქალაქეთა პარტია“. სავარაუდოდ, ვერც ისინი ახერხებენ 176 ადგილის დაკავებას საკანონმდებლო ორგანოში. პარლამენტს 350 წევრი აკომპლექტებს.

წყარო: „გარდიანისა“ და „ბიბისის“ მასალები

მასალების გადაბეჭდვის წესი