ახალი ამბები

გარდაიცვალა ექს-სენატორი რიჩარდ ლუგარი, რომელსაც „ლუგარის ცენტრის“ აშენება უკავშირდება

28 აპრილი, 2019 • 2115
გარდაიცვალა ექს-სენატორი რიჩარდ ლუგარი, რომელსაც „ლუგარის ცენტრის“ აშენება უკავშირდება

აშშ-ის ინდიანას შტატის ყოფილი სენატორი რიჩარდ ლუგარი 28 აპრილს, 87 წლის ასაკში, საავადმყოფოში, ოჯახის გარემოცვაში გარდაიცვალა.

რესპუბლიკელი სენატორი რიჩარდ ლუგარი 1977 წლიდან 2013 წლამდე მსახურობდა სენატში. სემ ნანთან ერთად, ლუგარი იყო სულისჩამდგმელი პროგრამისა, რომელიც აშშ-მა 1990-იან წლებში დაიწყო და რომელიც  პოსტსაბჭოთა ქვეყნებში სხვადასხვა ინსტიტუტში გაბნეული ბიოლოგიური მასალების თავმოყრას და უსაფრთხოდ შენახვას ითვალისწინებდა.

ლუგარი 1996 წელს პრეზიდენტობაზე იყრიდა კენჭს, თუმცა წარუმატებლად. მიუხედავად იმისა, რომ ერთგული კონსერვატორი იყო, დემოკრატებთან თანამშრომლობდა და სიმპათიები ჰქონდა ექსპრეზიდენტ ბარაკ ობამას მიმართ.

სწორედ მის სახელს ატარებს თბილისში არსებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრი. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე, ნეტგაზეთთან საუბარში იხსენებდა, ლუგარმა და ნანმა 1990-იან წლებში დაიწყეს ფართომასშტაბიანი პროგრამა პოსტსაბჭოთა სივრცესა და აღმოსავლეთ ევროპაში, რადგან “ე.წ ბიოლოგიური მასალები, ვირუსები, ბაქტერიები, მიკრობები, მრავალ ინსტიტუციაში იყო გაბნეული”, აშშ-ს კი სურდა, თავიდან აეცილებინა ბიოლოგიური მასალების “გაჟონვა და ტერორისტების ხელში მოხვედრა”.

მისი თქმით, საქართველოშიც, 5-6 ინსტიტუციაში იყო ბიოლოგიური მასალა გაბნეული. სასურველი იყო, მათზე კონტროლი განხორციელებულიყო. გამყრელიძე, რომელიც გარკვეულ პერიოდში აშშ-საქართველოს მოლაპარაკებების მონაწილე იყო, გვიამბობს, რომ პროგრამა „ეხმარებოდა ქვეყნებს, სადაც ლაბორატორიული ზედამხედველობის სისტემები დაინგრა, რომ ეს სისტემები აღდგენილიყო და თანამედროვე სტანდარტებით განვითარებულიყო”.

ნახეთ ასევე:

რატომ ეხმარება აშშ საქართველოს, აზერბაიჯანს და სხვებს ლაბორატორიების მოწყობაში

რა საფრთხეს ქმნის რუსეთის შეტევა “ლუგარის ლაბორატორიაზე”

მასალების გადაბეჭდვის წესი