ახალი ამბები

ტრამპი თეთრი სახლის კორესპონდენტების სადილს წელსაც არ დაესწრო

28 აპრილი, 2019 • 1338
ტრამპი თეთრი სახლის კორესპონდენტების სადილს წელსაც არ დაესწრო

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არც წელს დასწრებია ტრადიციულ მიღებას — თეთრი სახლის კორესპონდენტების სადილს.

თეთრი სახლის კორესპონდენტების სადილი ყოველწლიური ტრადიციაა. მას 1914 წლიდან მოყოლებული ყოველწლიურად აწყობს თეთრი სახლის კორესპონდენტების ასოციაცია (WHCA).

ტრამპი სადილს არასდროს დასწრებია, თუმცა წელს, როგორც „ვაშინგტონ პოსტი“ წერს, მან პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლებსაც აუკრძალა ამ ღონისძიებაზე დასწრება. გამოცემის თანახმადვე, „აშშ-ის ისტორიაში ქვეყნის პრეზიდენტმა პირველად აუკრძალა ფედერალურ მუშაკებს წვეულებაზე წასვლა“.

1944 წლის შემდეგ, ღონისძიებას მუდამ ჰქონდა სექცია, სადაც კომიკოსები პრეზიდენტს, პრესასა და სხვა გავლენიან ადამიანებზე ხუმრობდნენ. ასე იყო შარშანაც. 2018 წელს კომიკოს მიშელ ვულფის ხუმრობებს პრეზიდენტის განრისხება მოჰყვა.

წელს კი კორესპონდენტების სადილზე მსგავსი სექცია საერთოდ არ ყოფილა. სანაცვლოდ, შეკრებილებმა ისტორიის ერთგვარი „გაკვეთილი“ მიიღეს — ამერიკელი პოლიტიკოსის, ალეგზანდერ ჰამილტონის ბიოგრაფიის ავტორის, ისტორიკოს რონ ჩერნოუს 30-წუთიანი სიტყვა. თუმცა ჩერნოუს სიტყვაც, როგორც CBS წერს, იუმორით იყო აღსავსე.

ტრამპი მედიას ხშირად უწოდებს „ხალხის მტერს“; ჩერნოუმ გაიხსენა ნორვეგიელი დრამატურგის, ჰენრიკ იბსენის პიესა — „ხალხის მტერი“. პიესის მთავარი პერსონაჟია ექიმი შტოკმანი, რომელიც აქვეყნებს სტატიას, რომელშიც ამტკიცებს, რომ ქალაქში ახლადგახსნილი აბანო დაბინძურებულია, თუმცა ამ ამბის დაჯერება არავის უნდა; ეს არც პოლიტიკური და ბიზნეს ელიტების ინტერესში შედის. შტოკმანს თავს ესხმიან და „ხალხის მტრად“ აცხადებენ, თუმცა ყველაფრის მიუხედავად, იგი სიმართლის ერთგული რჩება.

ამ კონტექსტის გათავლისწინებით, რონ ჩერნოუმ ჟურნალისტებს ურჩია: „შემდეგში, როდესაც „ხალხის მტერს“ გიწოდებენ, გთხოვთ … [ეს წოდება] სიამაყით მიიღოთ“.

მასალების გადაბეჭდვის წესი