ახალი ამბები

საპატიო თბილისელის წოდება მიენიჭათ აშშ-ის და ისრაელის ელჩებს

25 ოქტომბერი, 2014 • 1626
საპატიო თბილისელის წოდება მიენიჭათ აშშ-ის და ისრაელის ელჩებს

იმ ადამიანებს შორის, რომელთაც საპატიო თბილისელი წოდება მიენიჭათ, არიან აშშ-ის ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი და და ისრაელის ელჩი საქართველოში იუვალ ფუქსი.

 

საპატიო თბილისელის წოდება წელს სულ 10 პირმა მიიღო. ელჩების გარდა ამ სიაში არიან მეტროსადგურების პროექტების ავტორი – ლამარა აბაშმაძე, ლოტბარი – ანზორ ერქომაიშვილი, კომპოზიტორი გურამ ბზვანელი, მსახიობი – კახი კავსაძე, ფილოსოფოსი, მთარგმნელი და მწერალი – ბაჩანა ბრეგვაძე, ოფთოლმოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი – ივა ბერაძე, ანსამბლ “ქართული ხმების“ წევრი – გია ჭირაქაძე, მეცნიერი, დავით ბააზოვის საქართველოს ებრაელთა ისტორიის მუზეუმის დირექტორი – გივი ღამბაშიძე.

 

დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ საპატიო თბილისელები და დედაქალაქზე მზრუნველი ადამიანები “თბილისის გასაღებით“ და დიპლომებით დააჯილდოვა.

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შენობის ისტორიის ამსახველი ფოტოგამოფენა მოეწყო.

 

ასევე გაიმართა კონცერტი, რომელზეც სხვადასხვა ქვეყნის ელჩებმაც მიიღეს მონაწილეობა –  ლიტვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა იონას პასკალაუსკასმა და მისმა მეუღლემ ანსამბლ “ორერასთან“ ერთად  ქართული პოპულარული სიმღერა”სულიკო“  შეასრულეს.

 

პოლონეთისა და ესტონეთის რესპუბლიკების ელჩებმა, ანჟეიჩიევსკოვსკიმ და ბრიტ ტურკის ოჯახმა კი ქართულ ხმებთან ერთად გიორგი ცაბაძის”მუხამბაზი’’ და რევაზ ლაღიძის “თბილისო“ იმღერეს.

 

საპატიო თბილისელებს ტრადიციულად თბილისობის დღესასწაულზე აჯილდოვებენ, საზეიმო ღონისძიებები  1979 წლის 28 ოქტომბრიდან, ყოველ შემოდგომაზე, ოქტომბრის ბოლო კვირას აღინიშნება.

 

წლევანდელი თბილისობის აღსანიშნავი ღონისძიებებისთვის ბიუჯეტიდან 850 000 ლარი გამოიყო.

თბილისობა 2014-საპატიო თბილისელების დაჯილდოება
თბილისობა 2014-საპატიო თბილისელების დაჯილდოება

მასალების გადაბეჭდვის წესი