არ არის ისეთი რეალობა, რომ აშშ-მა სანქციებზე დაიწყოს საუბარი – მდინარაძე

“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე იმ კანონპროექტს ეხმაურება, რომლითაც აშშ-მა საქართველოს, შესაძლოა, სანქციები დაუწესოს.

კანონპროექტი სანქციებს იმ შემთხვევაში გულისხმობს, თუ დადასტურდება, რომ საქართველოს მთავრობის ქმედებები ამერიკის მოქალაქეობის მქონე ბიზნესმენებთან დადებულ ხელშეკრულებებსა და აღებულ ვალდებულებებს დაარღვევს.

მამუკა მდინარაძე ამ კანონპროექტზე საუბრისას ამბობს, რომ საქართველოში ბიზნესი თავისუფალია.

„საქართველოში ბიზნესი ნამდვილად თავისუფალია და როდესაც ჩვენი უცხოელი პარტნიორები, მაგალითად, სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს გავიხსენებ, აღმოჩნდნენ უხერხულ მდგომარეობაში, ეს უხერხულობა გამოიწვია ჩვენი კოლეგებისა და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის არასწორმა ინფორმაციამ. მაშინ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ჩასწორდა. ეს უხერხულობა,მე მგონია, უნდა აიცილონ ხოლმე ჩვენმა კოლეგებმა საქართველოში.

რამდენად უნდა მტრობდე შენს ქვეყანას, რომ არასწორი ინფორმაციები შენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მიაწოდო უცხოელ პარტნიორებს და მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს. ეს არის ცუდი და მეორე, მე ნამდვილად არ ველოდები, არ არის ისეთი მდგომარეობა და არ არის რეალობა ისეთი, რომ ჩვენმა მთავარმა სტრატეგიულმა პარტნიორებმა რაიმე სანქციებზე დაიწყონ ლაპარაკი,“  – განაცხადა მდინარაძემ რუსთავი 2-ის ეთერში.

კანონპროექტით, აშშ-მ საქართველოს, შესაძლოა, სანქციები დაუწესოს

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან