ახალი ამბები

ენმ-მ შეთანხმება ჭიათურაშიც დაარღვია – ევროპული საქართველო

25 აპრილი, 2019 • 1718
ენმ-მ შეთანხმება ჭიათურაშიც დაარღვია – ევროპული საქართველო

“ევროპული საქართველოს” წევრის, დეპუტატ აკაკი ბობოხიძის განცხადებით, “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” ჭიათურაში პარტიებს შორის დადებული შეთანხმება დაარღვია. მისი თქმით, ენმ-მ ეს გააკეთა მარნეულშიც და იქ თავისი მერობის კანდიდატი წარადგინა, მაშინ როცა შეთანხმების თანახმად, “ევროპული საქართველოსთვის” უნდა დაეჭირა მხარი. თავად “ნაციონალური მოძრაობა” ბრალდებებს უარყოფს.

“ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების შეცვლა საზოგადოების და დემოკრატიული ოპოზიციის საერთო ამოცანაა. საპრეზიდენტო არჩევნების პირველმა ტურმა აჩვენა, რომ ეს ამოცანა განხორციელებადია. სწორედ ამის გამოა აუცილებელი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პროდასავლურ ოპოზიციურ ძალებს შორის კოორდინირებული მუშაობა.

ამიტომ მივმართეთ ერთიან ნაციონალურ მოძრაობას 19 მაისის შუალედური არჩევნებზე კოორდინირებული მუშაობის წინადადებით და მივაღწიეთ შეთანხმებას, რომ შუალედურ არჩევნებზე 7 საარჩევნო ერთეულში ენმ-ს და 6 საარჩევნო ერთეულში ევროპული საქართველოს შერჩეულ კანდიდატებს დავუჭერდით მხარს. სამწუხაროდ, ეს შეთანხმება ენმ-ის ხელმძღვანელობამ ჯერ მარნეულში, ხოლო შემდგომ ჭიათურაში დაარღვია.

ამის მიუხედავად, ჩვენ არ ვაპირებთ ამ შეთანხმების დარღვევას და მოვუწოდებთ “ევროპული საქართველოს” ამომრჩეველს, (ისევე როგორც საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში) სრულად დავუჭიროთ მხარი შეთანხმებულ კანდიდატებს”, – აღნიშნა ბობოხიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

19 მაისს ჭიათურაში მერისა და საკრებულოს შუალედური არჩევნები ტარდება. აკაკი ბობოხიძის ამ განცხადებას წინ უძღოდა საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენა კოალიციის – “ძალა ერთობაშია” –  მიერ ჭიათურის #2 ოლქში. ილიკო ჩიკვილაძე პარტიამ 24 აპრილს წარადგინა.

“ევროპული საქართველოს” განცხადების საპასუხოდ, “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ლევან ბეჟაშვილი “ნეტგაზეთს” ეუბნება, რომ პარტიებს შორის შეთანხმება მხოლოდ ჭიათურის მერის არჩევნებთან დაკავშირებით არსებობდა, საკრებულოს არჩევნებთან დაკავშირებით კი მსგავს დათქმას ადგილი არ ჰქონია. შესაბამისად, ბეჟაშვილის თქმით, დამაბნეველია, რას უწოდებს “ევროპული საქართველო” შეთანხმების დარღვევას.

“ჭიათურაში არ ვაპირებდით მერობის კანდიდატის დაყენებას. ალბათ ამ ბრიფინგის ჩატარების საბაბი გახდა გუშინდელი ჩვენი წარდგენა, რომელიც ეხებოდა საკრებულოს მაჟორიტარი წევრის არჩევას. ეს ჩვენთვის უცნობია, რადგან ბრიფინგით და თქვენგან გავიგეთ ამის შესახებ. ჩვენთვის მთავარი ამოცანა ახლა არის პაექრობა და არჩევნების მოგება ივანიშვილთან და “ქართულ ოცნებასთან”. ასე რომ, ყველა ოპოზიციურად განწყობილ ამომრჩეველს მოვუწოდებთ, კონცენტრაცია ამ საკითხზე მოვახდინოთ”, – აღნიშნა ლევან ბეჟაშვილმა.

ის ასევე გამოეხმაურა მარნეულის საკითხს და “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან შეთანხმების დარღვევა ამ შემთხვევაშიც გამორიცხა, ვინაიდან პარტიამ “ევროპულ საქართველოს” გადაწყვეტილების მიღების შემდეგ აცნობა, რომ ქალაქში მერობის კანდიდატის წარდგენას აპირებდა. ბეჟაშვილის თქმით, მაშინ “ევროპული საქართველო” ამ გადაწყვეტილებას “გაგებით შეხვდა”.

“ევროპულ საქართველოს” ჭიათურაში მერობის კანდიდატურა არ წამოუყენებია. პარტია აქ დამოუკიდებელ კანდიდატს, დავით ჭუმბურიძეს უჭერს მხარს.

რაც შეეხება მარნეულს: აქ “ნაციონალური მოძრაობის” სახელით მერობისათვის აგილ მუსტაფაევი იბრძოლებს, “ევროპული საქართველოს” მხრიდან კი- აჰმედ იმამყულიევი. 11 აპრილს, “ნეტგაზეთთან” საუბრისას, აკაკი ბობოხიძე აცხადებდა, რომ ორი პარტია ერთმანეთთან შეთანხმდა ყველა საარჩევნო ოლქში, გარდა მარნეულისა.  თუმცა ამბობდა, რომ ამაში “ტრაგედიას” ვერ ხედავდა და ხაზს უსვამდა, რომ მთავარია პარტიებს შორის დადებული მეორე დათქმა, რომლის თანახმადაც, ისინი ერთმანეთს მხარს მეორე ტურში დაუჭერენ, მისი გამართვის შემთხვევაში.

იმის შესახებ, რომ ორ პარტიას შორის შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით კონსულტაციები მიმდინარეობდა, “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა, ჯერ კიდევ მიმდინარე წლის მარტში საუბრობდა. “პირველი არხის” გადაცემა “კვირის ინტერვიუს” ეთერში უგულავა აღნიშნავდა, რომ რამდენიმე ოლქთან დაკავშირებით პარტიებმა გადაწყვეტილება მიიღეს, ერთმანეთისათვის კონკურენცია არ გაეწიათ და კანდიდატი მხოლოდ ერთ მათგანს წარედგინა. უგულავა ამის მაგალითად ასახელებდა ზუგდიდს, სადაც კანდიდატი მხოლოდ ენმ-ს ჰყავს, და მთაწმინდას, სადაც ენმ-მ ასპარეზი “ევროპულ საქართველოს” დაუთმო.

19 მაისს შუალედური ადგილობრივი არჩევნები მარნეულში, ზესტაფონში, ჭიათურაში, ზუგდიდსა და ხულოში გაიმართება, თბილისში კი, მთაწმინდის რაიონში, პარლამენტის მაჟორიტარული არჩევნები ჩატარდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი