ახალი ამბები

არჩევნები მარნეულში – ენმ და ევროპული საქართველო “ვერ შეთანხმდნენ”

11 აპრილი, 2019 • 2057
არჩევნები მარნეულში – ენმ და ევროპული საქართველო “ვერ შეთანხმდნენ”

კონსულტაციები იყო, მაგრამ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” და “ევროპული საქართველო” მარნეულის შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით ვერ შეთანხმდნენ – ამის შესახებ “ნეტგაზეთს” “ევროპული საქართველოს” წევრმა, დეპუტატმა აკაკი ბობოხიძემ განუცხადა.

განსხვავებით სხვა საარჩევნო ოლქებისგან, 19 მაისის შუალედური არჩევნებისთვის მარნეულში მერობის კანდიდატი ორივე პარტიამ წარადგინა. გაერთიანებული ოპოზიცია “ძალა ერთობაშიას” სახელით ქალაქის მერობისათვის აგილ მუსტაფაევი იბრძოლებს, “ევროპული საქართველოდან” კი – აჰმედ იმამკულიევი.

იმის შესახებ, რომ ორ პარტიას შორის შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით კონსულტაციები მიმდინარეობდა, “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა, ჯერ კიდევ მიმდინარე წლის მარტში საუბრობდა. “პირველი არხის” გადაცემა “კვირის ინტერვიუს” ეთერში უგულავა აღნიშნავდა, რომ რამდენიმე ოლქთან დაკავშირებით პარტიებმა გადაწყვეტილება მიიღეს, ერთმანეთისათვის კონკურენცია არ გაეწიათ და კანდიდატი მხოლოდ ერთ მათგანს წარედგინა. უგულავა ამის მაგალითად ასახელებდა ზუგდიდს, სადაც კანდიდატი მხოლოდ ენმ-ს ჰყავს, და მთაწმინდას, სადაც ენმ-მ ასპარეზი “ევროპულ საქართველოს” დაუთმო.

უკვე დღეს, 11 აპრილს, “ევროპული საქართველოს” წევრი აკაკი ბობოხიძე “ნეტგაზეთთან” საუბრისას აღნიშნავს, რომ პარტიას “ნაციონალურ მოძრაობასთან” შეთანხმების მიღწევა ყველა ოლქთან დაკავშირებით სურდა, რაც მხოლოდ მარნეულის შემთხვევაში ვერ მოხერხდა.  ბობოხიძის თქმით, მიუხედავად ამისა, პარტიებს შორის არსებობს დათქმა, ერთმანეთს მხარი მეორე ტურში დაუჭირონ, მისი გამართვის შემთხვევაში.

“ჩვენი სურვილი იყო, რომ ყველგან ყოფილიყო შეთანხმება. ძირითადად, პრინციპში, ჩანს კიდეც, რომ თითქმის ყველგან შევთანხმდით.

მარნეულში ბოლომდე შეთანხმება ვერ მოხდა, თუმცა ვერც ამაში ვხედავ ტრაგედიას იმიტომ, რომ მთავარია, შევთანხმდით მეორე ამბავში: მეორე ტურში გასულ კანდიდატს, ასეთის არსებობის შემთხვევაში, მხარს დაუჭერს მესამე ადგილზე გასული. ანუ, თუ გავა აჰმედ იმამკულიევი და მე იმედი მაქვს, რომ გავა, უპირობოდ დაგვიჭერს მხარს “ნაციონალური მოძრაობა”. თუ პირიქით მოხდება, ჩვენ დავუჭერთ მხარს.

…ასე რომ, იქ, სადაც მოხერხდა, ბოლომდე შევთანხმდით. სადაც, სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა, შევთანხმდით იმ დოზით, რა დოზითაც ეს შესაძლებელი იყო”, – აღნიშნა მან.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი, დეპუტატი აზერ სულეიმანოვი აცხადებს, რომ “ძალა ერთობაშიამ” აუცილებლად მიიჩნია საკუთარი კანდიდატის წარდგენა მარნეულში პარტიის მიმართ მაღალი მხარდაჭერის გამო.

“…ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ მარნეულშიც გვყავდეს კანდიდატი იმიტომ, რომ ჩვენმა პარტიამ, [გაერთიანებულმა ოპოზიციამ], ბოლო არჩევნებზე 24 000-მდე ხმა მიიღო [მარნეულში]. ამიტომ ჩვენი პარტიისა და ჩვენი მარნეულელების გადაწყვეტილებაა, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” აუცილებლად ეყოლება კანდიდატი”, – უთხრა მან “ნეტგაზეთს”.

კითხვას, აქვს თუ არა ინფორმაცია უშუალოდ მარნეულთან დაკავშირებით “ნაციონალურ მოძრაობასა” და “ევროპულ საქართველოს შორის” კონსულტაციებზე, აზერ სულეიმანოვი ასე პასუხობს:

“იყო რაღაც საუბრები ამ თემაზე. მერე, ბოლოს, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ მარნეულში აუცილებლად ეყოლება “ნაციონალურ მოძრაობას” კანდიდატი”.

19 მაისს შუალედური ადგილობრივი არჩევნები მარნეულში, ზესტაფონში, ჭიათურაში, ზუგდიდსა და ხულოში გაიმართება, თბილისში კი, მთაწმინდის რაიონში პარლამენტის მაჟორიტარული არჩევნები ჩატარდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი