დღეს, 23 აპრილს, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ და დაავადებათა კონტროლის ცენტრმა საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (Unicef) დახმარებით 2018 წელს ჩატარებული კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. კვლევამ აჩვენა, რომ სისხლში ტყვიის შემცველობის მომატება ბავშვების 41%-ში დაფიქსირდა.
ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რა წყაროები იწვევს ტყვიის მაჩვენებლის ორგანიზმში ზრდას. ჯანდაცვის სამინისტრო ამბობს, რომ ამ კონკრეტული გარემოებების დასადგენად კვლევის მეორე ფაზაც უნდა ჩატარდეს. თუმცა მინისტრი დავით სერგეენკო შედეგებზე საუბრისას დასძენს, რომ მონაცემები “საყურადღებოა, თუმცა, არა საგანგაშო”.
რა წერია კვლევაში
კვლევაში საქართველოს მასშტაბით 2-7 წლის 1578 ბავშვი მონაწილეობდა. მათ ვენური სისხლის სინჯები აუღეს, მონაცემები კი იტალიის ჯანმრთელობის ეროვნულ ინსტიტუტში გააგზავნეს. ცდომილება 2.3 პროცენტული პუნქტია. კვლევის დროს ბავშვები შემთხვევითი შერჩევის მეთოდით შეარჩიეს.
შედეგების მიხედვით, ბავშვების 25%-ის სისხლში ტყვიის შემცველობა მერყეობს 5-10 მკგ/დც-ის (მიკროგრამი დეცილიტრზე) ფარგლებში, რაც მიუთითებს მსუბუქ მატებაზე, ხოლო ბავშვების 16%-ის სისხლში ტყვიის შემცველობა ტოლია ან აღემატება 10 მკგ/დც-ს. ეს მაჩვენებელი ნიშნავს, რომ გამოკვლეული ბავშვების 41%-ს (დაახლოებით 650 ბავშვს) სისხლში ტყვიის დონე მომატებული აქვთ.
ჯერჯერობით უცნობია, თუ რამ გამოიწვია ამ მაჩვენებელის ზრდა ან რა არის ბავშვების ორგანიზმში ტყვიის წყარო, თუმცა კვლევის შედეგებიდან ჩანს, რომ საქართველოს რეგიონების მიხედვით განსხვავდება ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობის მონაცემები. ამ კუთხით ყველაზე ცუდი მდგომარეობა აჭარაშია:
როგორც კვლევის ავტორები ამბობენ, იმ ბავშვების რაოდენობა, რომელთა სისხლში ტყვია უდრის ან აღემატება 5 მკგ/დც-ს, ხშირად სოფლად უფრო მეტია, ვიდრე ქალაქად. რეგიონების მიხედვით, ეს მონაცემი ჩაშლილად ასე გამოიყურება:
ჯანდაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ამბობს, რომ კვლევის ფარგლებში შეისწავლეს ის 16 ოჯახიც, რომელთა სისხლშიც ტყვიის დონე აღემატებოდა 30 მკგ/დც-ს. ამირან გამყრელიძის ცნობით, ამ ოჯახებში საყოფაცხოვრებო პირობები ხელს უწყობდნენ სისხლში ტყვიის მოხვედრას. მაგალითად, ერთ-ერთ სახლში დიდი ოდენობით სანადირო ტყვიები მოიპოვებოდა.
თუმცა, როგორც ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, არცერთ ბავშვს რაიმე სახის ჯანმრთელობის პრობლემა, რომელიც ტყვიის მომატებულ რაოდენობას შეიძლება უკავშირდებოდეს, არ აღენიშნება.
“საყურადღებო შედეგები” – რა იგეგმება ტყვიის პრობლემის დასაძლევად
ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, ინფრასტურქტურისა და ეკონომიკის სამინისტროების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ორგანიზმში ტყვიის მომატების პრობლემას კომპლექსურად და ერთობლივად მიუდგებიან. აღნიშნული გულისხმობს ბაზარზე არსებული პროდუქციის შემოწმებასაც.
ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, გარკვეული ნაბიჯები უკვე გადადიგა, მათ შორის, დამტკიცდა “ბავშვებში ტყვიის ტოქსიკური ზემოქმედების ადრეული გამოვლენისა და მართვის” კლინიკური პროტოკოლიც, რომლის მიზანია ტყვიის დამაზიანებელი ზემოქმედების თავიდან აცილება, ტყვიის დონის მატების დროული გამოვლენა და შემთხვევების ეფექტური მართვა.
“ის სურათი, რაც დღეს საქართველოში გვაქვს, არის საყურადღებო, თუმცა- არავითარ შემთხვევაში საპანიკო. ამას მე არ ვამბობ მხოლოდ მოსახლეობის დასამშვიდებლად. ჩვენი არაერთი საერთაშორისო პარტნიორი და პროექტის მონაწილე ორგანიზაცია ცალსახად ამბობს, რომ ეს არის დაახლოებით იგივენაირი მდგომარეობა, რაც 1980-იან წლებში აშშ-სა და დასავლეთ ევროპაში იყო.
კვლევამ ცალსახად დაგვანახა შემდეგი ეტაპების საჭიროება, რომელთა ნაწილიც უკვე დაწყებულია. მათ შორის, ყველა იმ ბავშვს, რომელსაც მომატებული რაოდენობა აღმოაჩნდა, დამატებითი კვლევები ჩაუატარდება, ხოლო მათ ოჯახებს – განმეორებითი გამოკვლევები,” – ამბობს ჯანდაცვის მინსიტრი დავით სერგეენკო.
სერგეენკოსვე თქმით, კვლევის შემდეგი ეტაპისთვის უნდა დაიწყოს იმ სავარაუდო წყაროების კვლევა, რის გამოც ბავშვების სისხლში მომატებული ტყვია დაფიქსირდა. მისივე ცნობით, ამ დროისთვის ამ წყაროების დასახელება რთულია, თუმცა შედეგი რამდენიმე დაკსვნის საშუალებას იძლევა – მათ შორის იმის, რომ ამ რეგიონების ნიადაგებში, შესაძლოა, ჩარჩენილი იყოს ტყვიის შემცველი ნივთიერებები, ძირითადად- საწვავი.
“მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ როდესაც ტყვიის შემცველობა სისხლში არის 5 მკგ/დც, არანაირი მკურნალობა საჭირო არ არის. ექიმთან კონსულტაცია და მხოლოდ ამის შემდეგ რაიმე სახის ჩარევა საჭიროა მაშინ, როდესაც სისხლში ტყვიის კონცენტრაცია 40 მკგ/დც-ს აღწევს.
როგორც წესი, ტყვიის გაზრდილი რაოდენობის წინააღმდეგ რკინა-კალციუმი და ვიტამინები გამოიყენება,” – ამბობს დავით სერგეენკო.
მინისტრის განცხადებით, დღესდღეობით საქართველოში მხოლოდ 6 ლაბორატორია არსებობს, სადაც პაციენტებს ტყვიაზე ანალიზის ჩაბარება შეუძლიათ, თუმცა თვენახევრის განმავლობაში ამ ლაბორატორიებს სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროც დემატება, შემდგომ კი- დაავადებათა კონტროლის ცენტრიც.
მისი განმარტებით, სამინისტრო გეგმავს, რომ შექმნას გარკვეული ქსელი, სადაც პაციენტს სინჯების ტრანსპორტირება იოლად მოხდება. მინისტრის პირობის მიხედვით, სამინისტრო მოსახლეობას ამაში მხარს დაუჭერს, თუმცა ჯერჯერობით უცნობია – რა გზით.
კვლევაში მონაწილე ბავშვების ხელახალ გამოკვლევასა და შემდგომ მონიტორინგზე საუბრობს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე. მისი თქმით, საჭიროების შემთხვევაში, იმ ბავშვებს, რომლებსაც სისხლში ტყვიის კონცენტრაცია 5 მკგ/დც-ზე მეტი აქვთ, სამედიცინო ინტერვენციაც ჩაუტარდებათ. ყველაფერს კი სახელმწიფო დააფინანსებს.
ამირან გამყრელიძე განმარტავს, რომ ასევე იგეგმება ბავშვების პერიოდული მონიტორინგიც, რაც დამოკიდებული იქნება იმაზეც, თუ რა რაოდენობით ტყვია აღმოაჩნდათ მათ სისხლში. ცენტრის ხელმძღვანელი ასევე აცხადებს, რომ კვლევის შემდგომ ეტაპზე, წყაროების კვლევის პროცესში, აიღებენ წყლის, საკვებისა და ნიადაგის სინჯებს. სამომავლოდ იგეგმება სათამაშოებისა და საღებავების შემოწმებაც.
“რაც შეეხება შესაძლო წყაროებს – უმრავლეს ქვეყნებში 80-იან წლებში ტყვიის ძირითადი წყარო იყო ბენზინი, მას შემდეგ, რაც დასავლეთის ბევრმა ქვეყანამ, მათ შორის ჩვენ, ასეთი ბენზინი ავკრძალეთ, სისხლში ტყვიის ოდენობამაც იკლო. 80-90-იანი წლებისთვის სისხლში ტყვიის ოდენობა, საშუალოდ, 14-15 მკგ/დც-ს შეადგენდა, დღეს კი მედიანა გახლავთ 4 მკგ/დც.
ჯერჯერობით თავს შევიკავებ რაიმე ჰიპოთეზების გაჟღერებისგან, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ წყარო იყოს ნიადაგი ან წყალი. დღეს ასევე ითქვა ის მოსაზრებაც, რომ რიგ ტერიტორიებში, მათ შორის, ყოფილ სამხედრო ბაზების ახლომდებარედ, ნიადაგში, სადაც ბენზინი ილექებოდა, ნივთიერება ჯერ კიდევ დარჩა. არაფერია გამორიცხული, სწორედ ამიტომ საჭიროა შემდგომი კვლევები”, – აცხადებს ამირან გამყრელიძე.
გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი თაკო უგულავა სისხლში ტყვიის შემცველობის მატებას საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრობლემად მიიჩნევს, თუმცა ხელისუფლების მხრიდან პრობლემის გადაჭრის მზაობას ხედავს.
“ტყვიის უსაფრთხო დონე არ არსებობს, თუმცა მინიმალურ, პირობით ზღვრად დღეს მიჩნეულია 5 მკგ/დც. ჩვენს ქვეყანაში 41%-იანი მონაცემი ნიშნავს იმას, რომ ეს ზღვარი პრობლემებს ქმნის ბავშვების განვითარების კუთხით. ეს კი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია, რაც დღეს კვლევამ გამოავლინა. ეს მიუთითებს, რომ ჩვენს ქვეყანაში სისხლის ტყვიის შემველობა არის საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრობლემა”, – ამბობს თაკო უგულავა. მისივე თქმით, ხელისუფლებას ამ საკითხის მოგვარებაში საერთაშორისო ორგანიზაციებიც დაეხმარებიან.
უგულავას განმარტებით, ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, გავიგოთ, თუ რატომ გაიზარდა ტყვიის მაჩვენებელი ბავშვების სისხლში. როგორც ის ამბობს, სავარაუდო წყაროების ჯგუფი ძალიან დიდია, ჩვენ კი კონკრეტულად უნდა გავიგოთ, თუ რომელი წყაროები თამაშობენ წამყვან როლს. სწორედ ამ ნაბიჯების შემდეგ იქნება შესაძლებელი სამომავლო მოქმედებების დაგეგმვა.
რას იწვევს ტყვიით მოწამვლა
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ინფორმაციით, მძიმე მეტალი ტყვია ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ საფრთხეს უქმნის ტვინს, ღვიძლს, თირკმელებსა და ძვლებს. თუმცა ტყვიით ინტოქსიკაცია გარკვეული დროის შემდეგ ხდება. ის ორგანიზმში, ძვლებსა და კბილებში, “რჩება” და დროთა განმავლობაში გროვდება. ორსულობის დროს ტყვია ძვლებიდან სისხლში გადადის და სხივდება ემბრიონი, რაც იწვევს მისი განვითარების შეფერხებას.
ტყვია განსაკუთრებით საშიშია იმიტომაც, რომ ორგანიზმში მცირე დოზით არსებობისას პაციენტს ხილული და განსხვავებული სიმპტომები არ აღენიშნება.
ბავშვები განსაკუთრებით დაუცველები არიან ტყვიით ინტოქსიკაციისგან, ვინაიდან მათი ორგანიზმი ზრდასრულებთან შედარებით 4-5-ჯერ უფრო მეტ ტყვიას ითვისებს. გარდა ამისა, მცირეწლოვან ბავშვებში ძლიერია ცნობისმოყვარეობა და ასაკისთვის ჩვეული ქცევა, რაც უცხო ნივთების პირში ჩადებას გულისხმობს. სწორედ ამიტომ, ბავშვმა, შესაძლოა, თავად აიღოს და გადაყლაპოს ისეთი ნივთი, რომელიც ტყვიას შეიცავს.
ვრცლად ტყვიით ინტოქსიკაციასა და მკრუნალობაზე წაიკითხეთ:
ტყვიით ინტოქსიკაცია – რისკები, შესაძლო სიმპტომები და მკურნალობა
ანალიზების შესახებ კი ნახეთ: