ახალი ამბები

რელიგიათა საბჭო: რელიგიური მოტივაცია ხშირად ქალთა ჩაგვრის მიზეზადაა გამოყენებული

21 ოქტომბერი, 2014 • • 1326
რელიგიათა საბჭო: რელიგიური მოტივაცია ხშირად ქალთა ჩაგვრის მიზეზადაა გამოყენებული

რელიგიათა საბჭო აცხადებს, რომ სრულად აცნობიერებს იმ როლს, რაც ამა თუ იმ რელიგიური მოძღვრების არასწორად აღქმასა და გაგებას მიუძღვის ქალებისადმი ძალადობის წახალისებაში და მთელ მსოფლიოში დღემდე გვხვდება შემთხვევები, როცა სწორედ რელიგიური მოტივაციაა ქალების ჩაგვრის მიზეზად გამოყენებული.

 

“რელიგია, თავისი არსიდან და მისიიდან გამომდინარე, შეუძლებელია, ძალადობისა და დისკრიმინაციის გამამართლებელ არგუმენტად იქნეს მოყვანილი, რადგან ყველა დიდი რელიგიური მოძღვრების სულისკვეთება სიყვარულის, პიროვნული თავისუფლებისა და თანასწორობის ქადაგება გახლავთ”, -წერია დღეს გავრცელებულ განცხადებში.

 

საბჭოს განცხადებით, თითოეული ადამიანის გამორჩეული სულიერი დანიშნულების, მისი უნიკალური პასუხიმგებლობის აღიარება არის რელიგიურობის ქვაკუთხედი, მიუხედავად იმისა, რომელ სქესს ეკუთვნის კონკრეტული პიროვნება.

 

საბჭოში გაწევრიანებულ რელიგიურ ორგანიზაციებს მიაჩნიათ, რომ ადამიანთა თავისუფლება სრულდება იქ, სადაც იწყება სხვა ადამიანის თავისუფლება და ეხება ყველას, მიუხედავად სქესისა და სოციალური სტატუსისა. კონფესიებს მიაჩნიათ, რომ ქალებისადმი ძალადობის ბოლოდროინდელი ესკალაცია სწორედ ამ თავისუფლების წინააღმდეგ გაცნობიერებული თუ გაუცნობიერებელი ამხედრებაა და ყველა რელიგიური მოძღვრებისთვის “უმძიმეს ცოდვასა და ბოროტებას წარმოადგენს.”

 

განცხადებას ხელს აწერენ ევროპელ ებრაელთა რელიგიური საზოგადოება, ქართველ მუსლიმთა კავშირი, ევანგელურ–ბაპტისტური ეკლესია, სომეხთა სამოციქულო  წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის საქართველოს ეპარქია, სახარების რწმენის ეკლესია, ამიერკავკასიის ლათინური წესის კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრაცია, ეზიდთა სასულიერო კრება, საქართველოს ევანგელურ–პროტესტანტული ეკლესია, საერთაშირისო საქველმოქმედო ორგანიზაცია ხსნის არმია, ევანგელურ–ლუთერული ეკლესია, სრული სახარებისეული ეკლესია ღვთის ერი, საქართველოს ევანგელისტური ეკლესია, ევანგელური ეკლესია ურყევი საფუძველი, მეშვიდე დღის ქრისტიან–ადვენტისტთა ეკლესია, ევანგელური ეკლესია სიცოცხლის სიტყვა, წმინდა სამების პროტესტანტული ეკლესია

მასალების გადაბეჭდვის წესი