ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ათეულობით სტუდენტს პრემიერ-მინისტრის დაცვის სამსახური კონცერტზე შესვლის საშუალებას არ აძლევდა, რის შესახებაც კონსერვატორიის რექტორმა რეზო კიკნაძემ “ფეისბუქის” პირად გვერდზე დაწერა, თუმცა დღეს “ნეტგაზეთთან” საუბრისას ამბობს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის დაცვის სამსახურის მიერ პრობლემაზე ოპერატიული რეაგირებით კმაყოფილია:
“მომხდარი გაუგებრობა ამოწურულია, არ მგონია, მიზანშეწონილად ამაზე დიდხანს პათეტიკური განცხადებების კეთება ნორმალური იყოს. როგორც კი მივიდა ჩვენი გაჭირვება პრემიერ-მინისტრის დაცვის ყურამდე, იმ წუთშივე ეს პრობლემა მოგვარდა. ასე ჩქარა აღმოიფხვრებოდეს, ნეტავ, სხვა პრობლემები, ამიტომ სრულიად კმაყოფილი ვარ, თუ რა ოპერატიულად მოხდა რეაგირება ამ პატარა შეფერხებაზე”.
კონსერვატორიის სტუდენტი ალექსანდრე ჯულაყიძეც “ნეტგაზეთთან” საუბრისას ხაზს უსვამს იმას, რომ სტუდენტების შეშვების პრობლემა ეფექტურად აღმოიფხვრა და არც ერთი სტუდენტი კონცერტს მიღმა არ დარჩენილა, მაგრამ მისი შეფასებით, აღმაშფოთებელია, როდესაც ერთი ადამიანის უსაფრთხოების გამო ამდენი ადამიანი წუხდება:
“ჩვენი პირდაპირი პროფესია არის კლასიკური მუსიკა და ასეთი მაღალი დონის კონცერტი, როგორიცაა ელისო ვირსალაძის კონცერტი, უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. მთელი კვირა ველოდებოდი თელავში ამ კონცერტს. რა საჭიროა უსაფრთხოების ამხელა ზომები, როდესაც თუნდაც ქვეყნის პრეზიდენტი დადის ორ ადამიანთან ერთად და არც ერთი მოქალაქე მისი იქ ყოფნით არ წუხდება. ასეთ ღონისძიებებზე, მით უმეტეს, როდესაც ელისო ვირსალაძეა კონცერტში მონაწილე, ეს ადამიანი თავმდაბლობის განსახიერებაა. სამარცხვინოა, როდესაც ნებისმიერი ადამიანის, პრემიერი იქნება, პრეზიდენტი, მამაზეციერიც რომ იყოს, მის გამო ამხელა დაბრკოლების შექმნა”.
19 ოქტომბერს თელავის მუსიკალური ფესტივალის დახურვაზე პრემიერ-მინისტრის დასწრებამ მსმენელებს რამდენჯერმე შეუქმნა პრობლემა, პირველად, როდესაც ესკორტი ტრასაზე გადაადგილდებოდა, უკვე მოგვიანებით, თეატრის შესასვლელთან, როდესაც დასწრების მსურველები მეტალ-დეტექტორით შეამოწმეს. თავად კონცერტი დარბაზში ირაკლი ღარიბაშვილისა და მისი ცოლის, ნუნუ თამაზაშვილის შესვლის შემდეგ, 45 წუთის დაგვიანებით დაიწყეს და ბოლოს გამოცხადებული შესვენების დროს იარუსზე მყოფი ადამიანების ჩამოსვლა რამდენიმე წუთით შეაფერხეს.

ლიტერატორი და მთარგმნელი გია გოკიელი ერთ-ერთი მათგანია, ვინც დასკვნით კონცერტზე როგორც კლასიკური მუსიკის თაყვანისმცემელი ჩავიდა, პრემიერის ესკორტმა მას უჯარმასთან, გზის გვერდითა ნაწილზე გადასვლა და ავტომობილის გაჩერება მოსთხოვა.
“მეგაფონებითა და ისტერიული სიტუაციით გვერდზე გაგვწიეს, გაგვაჩერეს და გვითხრეს, როცა ესკორტი ჩაივლის, შემდეგ გააგრძელეთ მოძრაობაო. უბრალოდ, დამამცირებელი იყო ეს. მე შემეძლო, გვერდზე გადავსულიყავი და შემენელებინა მოძრაობა, როგორც ვაკეთებ, მაგალითად, მაშინ, როცა მოდის სახანძრო ან სასწრაფო დახმარების მანქანა”.
მისივე თქმით, მსმენელები ცენტრალური შესასვლელიდან არ შეუშვეს და გვერდითა შესასვლელებისკენ გადასწიეს, ამოუტრიალეს ჩანთები და მეტალ-დეტექტორებით შეამოწმეს:
“ზურგჩანთით ვიყავი, რადგან თელავში არ ვცხოვრობ და საგზალი ზურგჩანთაში მქონდა, ჯიბეები შეგვიმოწმეს და ერთი-ორი ბოდიშიც თქვეს. შემდეგ, დარბაში როცა ვიჯექით, ველოდებოდით და კონცერტი არ იწყებოდა. 45 წუთი რომ გავიდა, ატყდა ფოტოაპარატის ბლიცების ტკაცა-ტკუცი, მე ზემოთ ვიჯექი და ვერ ვხედავდი, დარბაზში ვინ შემოვიდა და ვინ გავიდა. მოგვიანებით, იარუსიდან ჩამოსასვლელი გზა იყო გადაკეტილი 2-3 წუთით. შეკრებილი ხალხი ცხვრებივით ვიყავით ჩამწკრივებული ამ კიბეზე, ეს არანაირად არ იყო სასიამოვნო, არაფერი არ განუმარტავთ, შემდეგ ჩავედით დაბლა და დავინახე, რომ ღარიბაშვილი იდგა და საუბრობდა”.
თანამდებობის პირების უსაფრთხო და სწრაფი გადაადგილება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ვალდებულებაში შედის, შესაბამისად, არსებობს კანონი, რომელიც მათ უფლებებს და მოვალეობებს არეგულირებს. მაგალითად, სახელმწიფო დაცვის სამსახურის შესახებ კანონი და საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული დადგენილება, რომელთა თანახმადაც ქვეყნის მასშტაბით თანამდებობის პირთა უსაფრთხო და შეუფერხებელი გადაადგილების უზრუნველყოფა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ვალდებულებაა, შესაბამისად, ეს სამსახური და მისი თანამშრომლები უფლებამოსილნი არიან გარკვეულ შემთხვევაში შეზღუდონ ფეხით მოსიარულეთა მოძრაობა. რაც შეეხება ინსტრუქციებს, თუ რით ხელმძღვანელობს დაცვის სპეციალური სამსახური, ეს ინფორმაცია გრიფით საიდუმლოა.
“აქედან გამომდინარე, კონკრეტულად რა მითითებები ეძლევათ მათ სახელმწიფო ინტერესიდან და თანამდებობის პირთა უსაფრთხოებიდან გამომდინარე, საიდუმლოა და ამ აქტების მოძიება არ ხელგვეწიფება. ამ ორივე აქტიდან, ცხადია, რომ მათ აქვთ უფლება შეაჩერონ ქვეითად მოსიარულე პირი, ასევე, ავტომობილების მოძრაობა თანამდებობის პირის გადაადგილების პროცესში, მაგრამ ეს შეზღუდვა უნდა იყოს ადეკვატური. მათ ასევე აქვთ გასინჯვის, ნივთების შემოწმების და ნივთების დროებით ჩამორთმევის უფლება,” – ამბობს საის იურისტი შორენა ლოლაძე.
“შემოწმების წინააღმდეგი თავიდან დიდად არ ვიყავი, ვფიქრობდი, რომ უსაფთხოების ზომები ამას ითვალისწინებს, მაგრამ შეურაცხყოფად აღვიქვი კონცერტის 45 წუთით დაგვიანება ვიღაცის გამო. თუ ვინმე აგვიანებს, შეუძლია შემოვიდეს დაგვიანებით,” – ამბობს გია გოკიელი.
“ნეტგაზეთი” დაუკავშირდა ფესტივალის მედიამენეჯერს, ჯაბა სიხარულიძეს, რომელმაც განგვიცხადა, რომ კონცერტის დაგვიანების მიზეზები პრემიერ-მინისტრის პრესამსახურში გაგვერკვია, თუმცა შემდეგ 10 წუთში დაკავშირება გვთხოვა, მაგრამ საბოლოოდ კონცერტის დაგვიანების მიზეზი ვერ გვითხრა. მისი თქმით, ასევე არ იცის, გათიშეს თუ არა გათბობა დარბაზში პრემიერ-მინისტრის გამო და ამბობს მხოლოდ იმას, რომ დარბაზში არ ციოდა.
ის ადამიანები, ვისაც “ნეტგაზეთი” ესაუბრა, იხსენებენ თელავის მუსიკალური ფესტივალის გახსნას, რომელსაც წელს პრეზიდენტი დაესწრო. ფესტივალის გახსნაზე არც ადამიანები გაუჩხრეკიათ და არც კონცერტს დაუგვიანებია გიორგი მარგველაშვილის გამო. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ლუკა ნახუცრიშვილი, რომელიც თელავის ფესტივალის დასკვნით კონცერტს ესწრებოდა და, როგორც მელომანი, ბოლო წლებში ევროპის სხვადახვა ქვეყნებში კლასიკურ მუსიკასთან დაკავშირებულ ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებებს დასწრებია, მაგალითად, მილანში ლა სკალას სეზონის გახსნას და ვაგნერის ბაიროითის ფესტივალს, ამბობს, რომ მსგავსი ზომები არც ერთ ღონისძიებეაზე არ უნახავს, მიუხედავად იმისა, რომ ამ ღონისძიებებს ყოველთვის რამდენიმე ქვეყნის უმაღლესი რანგის სახელმწიფო პირები ესწრებოდნენ.

ირაკლი ღარიბაშვილის უსაფრთხოების გამო მოქალაქეებისთვის შექმნილ პრობლემებზე ჩივილი მხოლოდ ამ ერთი შემთხვევით არ შემოიფარგლება. რამდენიმე თვის წინ პრემიერის უსაფრთხო გადაადგილების გამო დაცვამ სასტუმრო “რადისონში”, ერთ-ერთ ოთახში ჟურნალისტები რამდენიმე წუთით ჩაკეტა. პრემიერ-მინისტრის გადაადგილების გამო შექმნილი პრობლემების შესახებ მოქალაქეები მუდმივად წერენ “ფეისბუქში”. პრემიერ-მინისტრის პრესამსახურში ირაკლი ღარიბაშვილის უსაფრთხოების გამო მოქალაქეებისთვის შექმნილ უხერხულობის შესახებ კომენტარს არ აკეთებენ.

ლუკა ნახუცრიშვილი ამბობს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის სურვილი, მონაწილეობა მიიღოს საზოგადოებრივ კულტურულ ღონისძიებებში, არათანაზომიერია თავდაცვის მოჭარბებულ სურვილებთან:
“პრემიერი ღარიბაშვილი გამუდმებით მიანიშნებს იმაზე, თუ როგორი განსხვავებულია ის და მისი მთავრობა “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის სტილისგან, სინამდვილეში დიდად არაფერი შეცვლილა დაცვის სპეციალური სამსახურის არაადეკვატურად მაღალი ზომებისა და ჩვეულებრივ მოქალაქეებში ამით გამოწვეული დისკომფორტის მხრივ. მით უმეტეს, რომ დღეს პრეზიდენტი მარგველაშვილი, რომელიც ფორმალურად მაინც პრემიერზე არანაკლებ მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი ფიგურაა, მსგავს ზომებს არ მიმართავს – კლასიკური მუსიკის ფესტივალზე მაინც…შექმნილი დისკომფორტი ჩემთვის მიანიშნებს იმაზე, რომ ერთმანეთთან სრულიად უთანაზომოა პრემიერში თავის დაცვის მოჭარბებული სურვილები მის სურვილთან, იმონაწილეოს მთელ რიგ საზოგადოებრივ კულტურულ ღონისძიებებში. უცებ ჩვეულებრივი მელომანი აღმოაჩენს, რომ მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ პრემიერ-მინისტრს თან კონცერტზე დასწრება სურს და თან ამას დაცვის არაადეკვატურად მაღალი ზომების მიღების გარეშე ვერ ბედავს, მას კუთვნილი მუსიკალური სიამოვნება უფერხდება და მთავარ ადგილს ისევ და ისევ პოლიტიკოსი იკავებს და არა ის ხელოვანები, რომელთათვისაცაა იმ მომენტში პუბლიკაა შეკრებილი”.
თანამდებობის პირების უსაფრთხოების გამო მოქალაქეებისთვის დისკომფორტის შექმნა არახალია. კონსერვატორიის სტუდენტი სანდრო ჯულაყიძე იხსენებს შემთხვევას, როდესაც კონსერვატორიის დიდ დარბაზში, პიანისტ ხატია ბუნიათიშვილის კონცერტზე, რომელსაც მაშინდელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ესწრებოდა, 40 სტუდენტი გარეთ დარჩა. რეზო კიკნაძეც ამბობს, რომ მსგავსი პრობლემა საბჭოთა კავშირის დროიდან მოყოლებული არსებობს.
“ეს პრინციპში ქართველების ბრალია, ქართული საზოგადოება მოუმწიფებელია და ნაწილს მისი სამსახური საზოგადოების ერთი ნაწილის მეორე ნაწილისგან გამიჯვნა და იზოლირება ჰგონია, ეს მოდის საბჭოთა დროიდან. შევარდნაძე რომ მოდიოდა, უნდა გადაკეტილიყო ქუჩები ჯერ კიდევ საბჭოთა დროს,”- ამბობს რეზო კიკნაძე.
იმ შემთხვევაში, თუ პირი ჩათვლის, რომ სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა მისი უფლებები დაარღვია და უფლებამოსილებას გადაამეტა, მას შეუძლია ამაზე იდავოს, თუმცა ამ დავის პერსპექტივები არცთუ ნათელია. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტის შორენა ლოლაძის განცხადებით, აუცილებელია მართლსაწინააღმდეგობა და ზიანი დადგინდეს:
“დავის პერსპექტივები დამოკიდებულია იმაზე, კონკრეტულად რა მოხდა, მაგალითად, რამდენი ხნით შეგაყოვნეს და პლუს კიდევ რა ზიანი გამოიწვია შეფერხებამ. თეორიულად თუ ვიმსჯელებთ, ვთქვათ, იმის გამო, რომ გამაჩერეს, დავკარგე რამდენიმე ათასი ლარი, ზიანზე დავა პერსპექტიული იქნება იმ შემთხვევაში, თუ ამ ორგანოს თანამშრომლის მიერ ჩადენილი იქნა არამართლზომიერი ქმედება. ზიანი და მართლსაწინააღმდეგობა უნდა დადგინდეს”.







