მთავრობა “გარემოსდაცვითი ომბუდსმენის” ინსტიტუტის შემოღებას გეგმავს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი გარემოს დაცვით საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.

სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო გარემოსდაცვითი ომბუდსმენის ინსტიტუტის ჩამოყალიბების საკითხს, გაიმართა მსჯელობა ახალი სტრუქტურის შემადგენლობისა და ფუნქციების განსაზღვრის შესახებ.

როგორც შეხვედრაზე მინისტრმა ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, მესამე სექტორის წარმომადგენლებისგან მიღებული მოსაზრებების თაობაზე მსჯელობა მომავალშიც გაიმართება, რათა გარემოსდაცვითი ომბუდსმენის აპარატი უფრო მოქნილი, მისი საქმიანობა კი უფრო ეფექტიანი იყოს.

“გარემოს დაცვის სფეროს კომპლექსური და მრავალსექტორული ხასიათის გამო პრემიერ- მინისტრ მამუკა ბახტაძის ინიციატივით იგეგმება ქვეყანაში “გარემოსდაცვითი ომბუდსმენის” ინსტიტუტის შემოღება.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ჰესების მშენებლობის საკითხთან არსებულ ვითარებას.  მინისტრმა ლევან დავითაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შესთავაზა ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის საკითხზე ცალკე შეხვედრის გამართვა, სადაც შეფასდება როგორც უკვე მიმდინარე, ასევე, დაგეგმილი პროექტები.

შეხვედრას საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე კახა კუჭავა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი ესწრებოდნენ”, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რედაქტორი 2018 წლის 1 თებერვლიდან. მანამდე ის იყო ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. Email: davit.qoqoshvili@gmail.com