ახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

აფგან მუხთარლის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა – ლეილა მუსტაფაევა

23 აპრილი, 2019 • 1096
აფგან მუხთარლის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა – ლეილა მუსტაფაევა

თბილისიდან აზერბაიჯანში გატაცებული აზერბაიჯანელი გამომძიებელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა – ამის შესახებ სოციალურ ქსელში აფგან მუხთარლის ცოლმა, ჟურნალისტმა ლეილა მუსტაფაევამ დაწერა.

როგორც მუსტაფაევა აცხადებს, ამჟამად მუხთარლის  აღენიშნება თვალების ძლიერი ტკივილი, უროლოგიური პრობლემები, მაღალი არტერიული წნევა და გართულებული დიაბეტი. სასჯელაღასრულების დაწესებულებაში კი, სადაც მუხთარლი იმყოფება, სპეციალისტებს ჯერ არ გამოუკვლევიათ.

აფგან მუხთარლი თბილისიდან 2017 წლის 29 მაისს გაიტაცეს. მეორე დღეს იგი აზერბაიჯანის ციხეში აღმოჩნდა, საზღვრის უკანონო გადაკვეთის, საზღვარზე 10 000 ევროს არადეკლარირებულად გადატანისა და მესაზღვრისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით. იგი ამ ბრალდებებით გაასამართლეს და ექვსწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

აზერბაიჯანის ხელისუფლებისგან დევნილი ჟურნალისტი, რომელიც თბილისში ოჯახთან ერთად ცხოვრობდა, ამბობს, რომ გაიტაცეს ქართულმა და აზერბაიჯანულმა სპეცსამსახურებმა.

იმის გამო, რომ საქართველოში თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობდა, მუხთარლის ცოლმა, ლეილა მუსტაფაევამ, საქართველო შვილთან ერთად დატოვა. ქართველმა ჟურნალისტებმა და უფლებადამცველებმა არაერთი საპროტესტო აქცია გამართეს და საქართველოს ხელისუფლებისგან მოითხოვეს პასუხი კითხვაზე, როგორ აღმოჩნდა თბილისიდან გაუჩინარებული ჟურნალისტი აზერბაიჯანის ციხეში. საზოგადოებას ამ კითხვაზე პასუხი ამ დრომდე არ მიუღია.

მუხთარლიზე ბახტაძის განცხადება სიმართლე არ არის – უფლებადამცველები აზერბაიჯანში

მასალების გადაბეჭდვის წესი