ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

მუხთარლიზე ბახტაძის განცხადება სიმართლე არ არის – უფლებადამცველები აზერბაიჯანში

16 აპრილი, 2019 • 1350
მუხთარლიზე ბახტაძის განცხადება სიმართლე არ არის – უფლებადამცველები აზერბაიჯანში

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებას აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის გატაცების საქმეზე აზერბაიჯანთან თანამშრომლობის შესახებ არ ადასტურებენ აზერბაიჯანელი უფლებადამცველები, რომლებიც მუხთარლის საქმეზე მუშაობენ.

“საქართველოს ხელისუფლებას არ წარუდგენია დაცვის მხარისთვის ვიდეოკამერების ჩანაწერები, სამართალდამცველ ორგანოებს კი მუხთარლისგან ჩვენება არ აუღიათ”, – განაცხადა აზერბაიჯანელმა უფლებადამცველმა სამირ ასადლიმ.

იმავეს ამბობს მუხთარლის ადვოკატი ზიბეიდა სადიგოვა კავკაზკი უზელთან საუბარში.

“მსგავსი თანამშრომლობა უნდა ითვალისწინებდეს გატაცების გარემოებების გამოძიებას. ყოველ შემთხვევაში, ამ დრომდე აფგან მუხთარლი ქართველ სამართალდამცველებს არ გამოუკითხავთ”, – აცხადებს სადიგოვა.

ადვოკატის განმარტებითვე, სტრასბურგის სასამართლოში მუხთარლის საქმეზე კომუნიკაცია დასრულებულია, თუმცა გადაწყვეტილება ჯერ არ არის გამოცხადებული.


საქართველოს პრემიერ-მინისტრს, მამუკა ბახტაძეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში სიტყვით გამოსვლისას კითხვა დაუსვეს აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმეზე.

“ოდესმე გაგიგზავნიათ თქვენი ელჩი აზერბაიჯანის ციხეში აფგან მუხთარლის სანახავად, რომელიც თქვენს ქვეყანაში მოიტაცეს? და ჩაგიტარებიათ გამოძიება იმ საჯარო მოხელეების მიმართ, ვინც მონაწილეობდნენ გატაცებაში”, – მიმართა ბახტაძეს დეპუტატმა შტეფან შენახმა.

როგორც ბახტაძემ განაცხადა, ქართული მხარე კოორდინაციაშია აზერბაიჯანის სამართალდამცველ სტრუქტურებთან და გამოძიების შესახებ შეფასების გაკეთებას მხოლოდ მისი დასრულების შემდეგ შეძლებს.

“აფგან მუხთარლის საქმე არის ძალიან სენსიტიური. რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს კოორდინაცია და კომუნიკაცია ჩვენს კოლეგებთან აზრებაიჯანში. გამოძიება გრძელდება. შეფასების გაკეთებას შევძლებ, როცა საგამოძიებო პროცესი დასრულდება”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.


აფგან მუხთარლი თბილისიდან 2017 წლის 29 მაისს გაიტაცეს. მეორე დღეს იგი აზერბაიჯანის ციხეში აღმოჩნდა, საზღვრის უკანონო გადაკვეთის, საზღვარზე 10 000 ევროს არადეკლარირებულად გადატანისა და მესაზღვრისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით. იგი ამ ბრალდებებით გაასამართლეს და ექვსწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

აზერბაიჯანის ხელისუფლებისგან დევნილი ჟურნალისტი, რომელიც თბილისში ოჯახთან ერთად ცხოვრობდა, ამბობს, რომ გაიტაცეს ქართულმა და აზერბაიჯანულმა სპეცსამსახურებმა.

იმის გამო, რომ საქართველოში თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობდა, მუხთარლის ცოლმა, ლეილა მუსტაფაევამ, საქართველო შვილთან ერთად დატოვა. ქართველმა ჟურნალისტებმა და უფლებადამცველებმა არაერთი საპროტესტო აქცია გამართეს და საქართველოს ხელისუფლებისგან მოითხოვეს პასუხი კითხვაზე, როგორ აღმოჩნდა თბილისიდან გაუჩინარებული ჟურნალისტი აზერბაიჯანის ციხეში. საზოგადოებას ამ კითხვაზე პასუხი ამ დრომდე არ მიუღია.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი