თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსის ფასადის რესტრავრაციისას მუშები უსაფრთხოების ნორმების დარღვევით მუშაობენ. ფოტო-ვიდეომასალებში, რომლებიც ნეტგაზეთს მკითხველმა დღეს, 22 აპრილს მიაწოდა, ჩანს, რომ შენობას არ აკრავს დამცავი ბადე, ხოლო მუშები დამცავი თოკების გარეშე მუშაობენ მეოთხე-მეხუთე სართულის სიმაღლეზე.
ნეტგაზეთი დაუკავშირდა როგორც უნივერსიტეტს, ასევე, მერიის ზედამხედველობის სამსახურსა და შრომის ინსპექციას. ამ ორი უკანასკნელიდან პასუხის მიღებისთანავე ინფორმაცია განახლდება.
რაც შეეხება უნივერსიტეტს, თსუ-ის პრესსამსახურში გვითხრეს, რომ სარემონტო სამუშაოებს 2018 წლიდან 3 მაისიდან სატენდერო ხელშეკრულების საფუძველზე შპს „დიკა-2010“ აწარმოებს. უნივერსიტეტში გვითხრეს, რომ ხელშეკრულების პირობების თანახმად, შრომითი უსაფრთოხების ზომების დაცვა სწორედ ამ კომპანიას ევალება, ხოლო დასაქმებულთა შრომითი უსაფრთხოების ზედამხდველობას უწევს მერიის შესაბამისი სამსახური.
ნეტგაზეთი დაუკავშირდა კომპანიასაც. დირექტორის, ნათია ხვედელიძის თქმით, მუშებს ყოველ დილით ურიგდებათ სპეციალური აღჭურვილობა, თუმცა ზოგჯერ თავად მუშები არღვევენ უსაფრთხოების ნორმებს და აღჭურვილობით არ სარგებლობენ.
მისივე განცხადებით, შენობის ირგვლივ ბადე არ არის იმის გამო, რომ სამუშაოების სპეციფიკა ბადეს არ საჭიროებს. ხვედელიძე გვიყვება, რომ ბადეს მხოლოდ მტვრის თავიდან ასაცილებლად ჰკიდებენ, ახლა კი შენობის შეღებვა მიმდინარეობს.
ნათია ხვედელიძემ ასევე გვითხრა, რომ კომპანიას ჰყავს სპეციალურად დაქირავებული სპეციალისტიც, რომელიც ზედამხედველობს მუშების მიერ უსაფრთხოების ნორმების დაცვას, თუმცა, მისი განმარტებით, ასეთი კადრი კომპანიაში ერთია, ადგილზე კი ასობით მუშა მუშაობს. შესაბამისად, ზოგიერთი შემთხვევა ყურადღების გარეშე რჩება.
კომპანიის დირექტორის ინფორმაციით, თუ მუშა სპეციალური დამცავი აღჭურვილობით არ სარგებლობს, პირველ ჯერზე აფრთხილებენ, განმეორების შემთხვევაში კი – აჯარიმებენ.
შრომითი უსაფრთხოების დარღვევა
ჩემი უნივერსიტეტი.
Posted by Marie Getsadze on Thursday, April 18, 2019