ახალი ამბები

პანკისში ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს ჰესების მოწინააღმდეგე დემონსტრანტების წინააღმდეგ

21 აპრილი, 2019 • 2941
პანკისში ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს ჰესების მოწინააღმდეგე დემონსტრანტების წინააღმდეგ

21 აპრილს დილის საათებში პანკისის ხეობაში დემონსტრანტების წინააღმდეგ, რომლებიც ხეობაში ჰესების მშენებლობას ეწინააღმდეგებიან, სპეცრაზმმა რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. რადიო „ვეის“ თანახმად, რამდენიმე ადამიანი დაშავდა.

პანკისში ასობით ადამიანია პროტესტის ნიშნად გამოსული. ისინი ამბობენ, რომ მშვიდობიან წინააღმდეგობას გაუწევენ მშენებლებს და „ხადორი 3“ ჰესის მშენებლობის დაწყების საშუალებას არ მისცემენ. ხეობაში სამართალდამცავების დიდი რაოდენობა ამ დრომდე რჩება.

გამოცემა „რეგინფოს“ თანახმად, შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილე კახა საბანაძემ დემონსტრანტებს უთხრა, რომ სამუშაოები შეჩერდა და მათ მოლაპარაკება შესთავაზა.

„სამუშაოები შევაჩერეთ, დავჯდეთ და მოვიპალარაკოთ. ჩვენ ვართ როგორც თქვენი ინტერესების დამცველები, ისე ინვესტორის“, – ასე ციტირებს გამოცემა საბანაძეს. მათივე ცნობით, მოლაპარაკება თელავში გაიმართება.

როგორც აქტივისტი ისლამ გორგიშვილი პანკისის სათემო რადიოს უყვება, სამშენებლო სამუშაოები დილას განაახლეს, რის პარალელურადაც მოსახლეობამ დილიდანვე დაიწყო მობილიზება, თუმცა სამშენებლო მოედნისკენ პოლიციასა და სპეცრაზმს გადაკეტილი ჰქონდათ გზა. თავდაპირველად, გორგიშვილის თანახმად, ისინი ხელკეტების გამოყენებით ცდილობდნენ მოსახლეობასთან შეწინააღმდეგებას და მოედნისკენ არ უშვებდნენ, თუმცა მას შემდეგ, რაც მოსახლეობამ ბარიერი გაარღვა, მათ ცრემლსადენი გაზი გაუშვეს.

„ხადორი 1“ და „ხადორი 2“ ჰესები ხეობაში უკვე აშენებულია

[მასალა ახლდება]

მასალების გადაბეჭდვის წესი