ახალი ამბები

დანელია: აჭარის ტვ-ის სარედაქციო დამოუკიდებლობის გარანტს ერთი აგური გამოაკლდა

19 აპრილი, 2019 • 1530
დანელია: აჭარის ტვ-ის სარედაქციო დამოუკიდებლობის გარანტს ერთი აგური გამოაკლდა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის, ნათია კაპანაძის თანამდებობიდან გადაყენებას მედიაექსპერტი, მედიაკოალიციის წევრი ნინო დანელია ტელევიზიაზე ხელისუფლების კონტროლის დამყარების მცდელობად აფასებს. „ბათუმელებთან“ საუბარში ნინო დანელია ამბობს, რომ ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს არ ჰქონდა საკმარისი არგუმენტები დირექტორის იმპიჩმენტისთვის.

„დღევანდელი გადაწყვეტილება  იმპიჩმენტის თაობაზე ცალსახად არის პოლიტიკური პროცესის ნაწილი და გააუარესებს, ზოგადად, მედიაგარემოს საქართველოში. ჩვენ ვიცით, რომ იმპიჩმენტისთვის ორი აუცილებელი პირობა უნდა არსებობდეს. ერთი, ეს არის პროგრამული პრიორიტეტების შეუსრულებლობა და მეორე, ბიუჯეტის არამიზნობრივი ხარჯვა.

საბჭოს ჰქონდა ბერკეტი, შეემოწმებინა, რამდენად სრულდებოდა პრიორიტეტები და იყო თუ არა გადახარჯვა. რასაკვირველია, მათ უნდა ეხელმძღვანელათ მონიტორინგის შედეგებით და აუდიტის დასკვნით. ორივე შემთხვევაში, ყველა მონიტორინგის შედეგი საერთაშორისო თუ ადგილობრივი ანგარიშები,  ყველა დასკვნა, რომელიც მედიაგარემოზე და კონკრეტულად, აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელზე მზადდებოდა, ცალსახად აჩვენებს, რომ აჭარის მაუწყებელი ასრულებს საკუთარ ფუნქციას, ასრულებს პროგრამულ პრიორიტეტებს, აქვს მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკა, მაშ შორის, არჩევნების გაშუქებაში. ეს ძალიან პრინციპული საკითხია, განსაკუთრებით ისეთ პოლარიზებულ სატელევიზიო მედიაგარემოში, როგორიც დღეს საქართველოშია. სწორედ ამიტომ, ამ დასკვნებიდან გამომდინარე საბჭოს არგუმენტი არის აბსოლუტურად გაბათილებული და არ შეესაბამება სინამდვილეს.

ყველა აუდიტის დასკვნა ამბობს, რომ ნებისმიერი ხარჯი, რომელიც გაიღო ტელევიზიამ, არის მიზნობრივი და არცერთი გადაცდომა დაშვებული არ არის.

თუ შეისწავლეთ ის დოკუმენტი, რომელიც საბჭოს ორმა წევრმა გამოქვეყნა და  რამდენად არის არგუმენტირებული ეს პრეტენზიები თქვენი აზრით?

იმ დოკუმენტში, რომელიც საბჭომ გამოაქვეყნა, ჩაყრილი იყო ძალიან  ბევრი საკითხი და ამ საკითხებიდან არცერთი არ იძლეოდა დირექტორის იმპიჩმენტის საფუძველს. აბსოლუტურად მიუკერძოებელი, გარედან დამკვირვებელი ორგანიზაციების თვალსაზრისით, მათი არგუმენტები არ შეესაბამებოდა სიმართლეს. სწორედ ამიტომ მგონია, რომ ეს პროცესი ზოგადად დააზიანებს მედიაგარემოს. დღეს ვხუმრობდი, ცნობილი ლეგენდა „ამირანზე“ კარგად ასახავს ჩვენს მედიამდგომარეობას. ალბათ, ყველას ახსოვს ამირანი, რომელიც ცდილობს ჯაჭვის გაწყვეტას და როცა ჰგონია, რომ უწკვე წკიპზეა ჯაჭვი, გაწყდება და განთავისუფლდება, სწორედ მაშინ მთელდება ის ჯაჭვი. ასე მოხდა საზოგადოებრივი მაუწყებლის შემთხვევაშიც.

თავიდან, როცა ჩვენ გვეგონა, რომ 2013-2014 წელი იყო გარღვევა და საზოგადოებრივი მაუწყებელი გამოვიდა პოლიტიკური გავლენიდან, გაჩნდა არაჩვეულებრივი გადაცემები, სარედაქციო პოლიტიკა გახდა ბევრად უფრო დამოუკიდებელი,  მაყურებელი მიება მაუწყებელს, სწორედ მაშინ, 2015 წლიდან, ისევ იწყება ამ სივრცის დახურვა. იგივე მოხდა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელშიც. გვეგონა, რომ გაივაკეს, გავიდნენ ფონს და დღევანდელი დარტყმა იყო სწორედ ამ პროცესების შეჩერება.

ხელისუფლება ცდილობს, თავი ისე წარმოაჩინოს, რომ ამ პროცესებისგან შორს დგას. თქვენი დაკვირვებით, რაში ჩანს მმართველი გუნდის ჩარევა ტელევიზიის ამ პროცესებში?

ხელისუფლების ბერკეტი ცხადია, არის ძალიან დიდი იმიტომ, რომ ვიცით, როგორია საბჭოს დაკომპლექტების წესი. იმპიჩმენტის საკითხი წამოიწყო „ქართული ოცნების“ კვოტით დანიშნულმა საბჭოს წევრმა და მხარი აუბა „ნაციონალური მოძრაობის“ კვოტით დანიშნულმა წევრმაც. როგორც კი დავიწყეთ ამის გარკვევა, ენმ-მ გააკეთა საჯარო განცხადება და მოუწოდა საკუთარი კვოტით არჩეულ წევრს, რომ არ ჩაებას ამ პოლიტიკურ პროცესში. მეორე ამბავია ის, რომ როგორც პარლამენტში ბევრი დეპუტატი გადავიდა “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური ორბიტიდან “ქართული ოცნების” პოლიტიკურ ორბიტაზე, ასე მოხდა აქაც.  ამიტომ, ის, რომ ეს ორი ადამიანი იყო მთავარი წამომწყები ამ პროცესის, ეს იძლევა სწორედ პოლიტიკური გავლენის საფუძველს.

საბჭოს ინიციატივას ტელევიზიის თანამშრომლების გარკვეულმა ნაწილმა დაუჭირა მხარი. როგორ  ფიქრობთ, ისინიც პოლიტიკური პროცესის მონაწილეები არიან, თუ იყო გარკვეული უკმაყოფილება მომწიფებული ტელევიზიაში?

რა თქმა უნდა, ეს არ არის ცალსახა პროცესი. ამდენი ადამიანის გულწრფელობაში ეჭვის შეტანა რთულია. ბუნებრივია, იქ იქნებოდა საკამათო საკითხები, მაგრამ შრომითი ხელშეკრულება არის ტელევიზიის შიდა მოსაგვარებელი ამბავი. ფინანსური პრეტენზიები თუ იყო, რასაკვირველია, ეს მენეჯმენტთან ერთად უნდა მოგვარებულიყო და თუკი მაინც ეს იქნებოდა უკმაყოფილების მიზეზი, ბუნებრივია, არსებობს სასამართლო, სადაც ამ ადამიანებს შეუძლიათ დავა. შეიძლება ეს ადამიანები არ იყვნენ უშუალოდ პოლიტიკური გავლენების ქვეშ, მაგრამ პოლიტიკური ძალები ყველა არსებულ უთანხმოებას, ყველა რესურსს გამოიყენებდნენ, მათ შორის, რევანშისტების რესურსსაც, იმისათვის, რომ საბოლოოდ მიზნისთვის მიეღწიათ.

ფაქტია, სარედაქციო დამოუკიდებლობის გარანტს ერთი აგური გამოაკლდა და უდავოდ დასუსტდა ის ზღუდე, რომელიც დაიცავდა მთელ რედაქციას ზეწოლისგან. ამიტომ ახლა დარჩა ჟურნალისტების გარკვეული გუნდი, რომელსაც მე ვენდობი და ჯერჯერობით რაც ჩანს, არის მათი სურვილი, იმუშაონ საზოგადოებისთვის, მაგრამ  საბჭოს ამ გადაწყვეტილებით მათ ბევრად უფრო დიდი ზეწოლა ექნებათ იმიტომ, რომ ის ფარი, რომელიც დგას ხოლმე, რედაქციას, ჟურნალისტებსა და გარე პოლიტიკურ გავლენებს შორის, აღარ არის.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ტელევიზიის დირექტორობისთვის ალბათ იბრძოლებს თორნიკე მჟავანაძე, რომელიც „ქართული ოცნების“ აქტივისტი იყო. თუკი ეს ადამიანი მართლად გახდება ტელევიზიის ხელმძღვანელი, ეს იქნება იმის დასტური, რომ ამ პროცესებში ხელისუფლების ხელი ერია?

რასაკვირველია, ეს იქნება საბოლოო გაცხადება იმის, თუ რისთვის გაკეთდა მთელი ეს ამბავი. ჩემთვის არც ახლა არ არის კითხვა, იყო თუ არა ეს პოლიტიკური პროცესი, რადგან არგუმენტები ნათია კაპანაძის მოსახსნელი არ იყო. რაც მე წავიკითხე, რაც მოვისმინე იმაში, ყველა დასკვნა საპირისპიროს ამბობს. ამიტომ მათთვის, ვინც პროცესებში კარგად არ იყო ჩახედული, ამ ადამიანის დანიშვნა იქნება ნათელი, თუ რისთვის მოეწყო ეს მასკარადი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი