ახალი ამბები

ომბუდსმენი: ვერ შევძელით დაგვეცვა ქალების სიცოცხლე ლამბალოში, დვაბზუში, თბილისში…

17 ოქტომბერი, 2014 •
ომბუდსმენი: ვერ შევძელით დაგვეცვა ქალების სიცოცხლე ლამბალოში, დვაბზუში, თბილისში…

ქალთა მიმართ ძალადობის მასშტაბებსა და სიმძაფრეს მთელი სიცხადით შევიგრძნობთ დღეს, როცა კიდევ ერთი ქალი იქნა მოკლული. ეს არ არის მხოლოდ კონკრეტული ოჯახების ტრაგედია, ესაა მთელი საზოგადოების ტკივილი და პრობლემა, რომელთან გამკლავება ვერ შევძელით. ვერ შევძელით დაგვეცვა ქალების სიცოცხლე და ჯანმრთელობა ლამბალოში, დვაბზუში, თბილისში, ზესტაფონში, ქობულეთში და კიდევ ბევრ ადგილას.


ხშირად გვესმის არგუმენტი, რომ რთულია ოჯახში ძალადობის იდენტიფიცირება, რადგან ის ჩაკეტილ სოციალურ წრეში ხდება, თუმცა ქალთა მიმართ ძალადობა დიდი ხანია გასცდა ჩაკეტილ სივრცეს. დღეს ყოფილმა ქმარმა სამსახურში მოკლა ცოლი, ლამბალოში მთელი სოფლის თანდასწრებით სცემეს ახალგაზრდა ქალი, რამაც მისი თვითმკვლელობამდე მიყვანა გამოიწვია.


შსსს პრესსამსახურის უფროსის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ილია ჭავჭავაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორის, მაკა წივწივაძის მიმართ ქმრის მუდმივ ძალადობასთან დაკავშირებით პოლიცია საქმის კურსში იყო. დაზარალებულმა ორჯერ მიმართა სამართალდამცავებს დაცვის ღონისძიებების გატარებისათვის, თუმცა ორივე შემთხვევაში მხოლოდ გაფრთხილებითა და ხელწერილით შემოიფარგლნენ. საქართველოს სახალხო დამცველმა არაერთხელ მოუწოდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ ხელწერილი არ არის მტკიცე სამართლებრივი დაცვის საფუძველი და რომ იგი ვერ უზრუნველყოფს განმეორებითი ძალადობის პრევენციას. ყველა კონკრეტულ შემთხვევაში მნიშვნელოვანია რისკების შეფასების საფუძველზე იქნას მიღებული გადაწყვეტილება, თუ რა მექანიზმს ირჩევს სამართალდამცავი.


სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ყველანაირი ძალისხმევა იქნეს გამოყენებული ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციის, შესაძლო მსხვერპლთა დაცვისა და დახმარებისათვის. აუცილებელია სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებმა გამოიყენონ ყველა არსებული ბერკეტი ძალადობის შესაჩერებლად. საზოგადოებამ უნდა დაარღვიოს დუმილი და შეიცვალოს გულგრილი დამოკიდებულება, რადგან ქალთა მიმართ ძალადობა არის საზოგადოებისათვის საშიში დანაშაული.


მიუხედავად მთავრობისადმი საქართველოს სახალხო დამცველის არაერთი მოწოდებისა, შექმნილიყო ქალთა მიმართ ძალადობასთან ბრძოლის საგანგებო სტრატეგია, სამწუხაროდ, ამ მიმართულებით ქმედითი და პრაქტიკული ნაბიჯი არ გადადგმულა. სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს მთავრობას პრობლემის აღიარებიდან გადავიდეს ქმედით ნაბიჯებზე და შეიმუშავოს შედეგზე ორიენტირებული, ყოვლისმომცველი სახელმწიფო პოლიტიკა ქალთა მიმართ ძალადობის აღმოსაფხვრელად, რომელიც არა მხოლოდ მომხდარი ძალადობრივი ფაქტების გამოძიების ჩატარებაზე იქნებოდა კონცენტრირებული, არამედ მაქსიმალურად მოახდენდა მსგავსი დანაშაულების პრევენციას.


სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია შეიქმნას სწრაფი რეაგირების ჯგუფი, რომელიც იმუშავებს სექტორთაშორისი კოორდინაციის პირობებში და რომელშიც ჩართული იქნებიან თემაზე მომუშავე სპეციალისტები.


მოვუწოდებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, პირად კონტროლზე აიყვანოს პოლიციელთა მხრიდან ქალთა მიმართ ძალადობის რისკების შეფასების, დაცვისა და დახმარების ღონისძებების დროული და ეფექტიანი გატარების საკითხი.


საქართველოს სახალხო დამცველი განაგრძობს ამ და სხვა ფაქტების შესწავლას.”

მასალების გადაბეჭდვის წესი