ახალი ამბები

თუ საუკეთესო კანდიდატებს წარმოგვიდგენენ, ავირჩევთ – “ოცნება” უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტებაზე

19 აპრილი, 2019 • 992
თუ საუკეთესო კანდიდატებს წარმოგვიდგენენ, ავირჩევთ – “ოცნება” უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტებაზე

“ქართული ოცნება” არ გამორიცხავს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების ვაკანტური თანამდებობები სრულად დააკომპლექტოს ამ მოწვევის პარლამენტმა.

ვენეციის კომისიის რეკომენდაციით, პარლამენტმა მოსამართლეები უვადოდ უნდა დანიშნოს არა ყველა ვაკანტურ ადგილზე, არამედ მოსამართლეთა მხოლოდ ის რაოდენობა, რაც უზენაესი სასამართლოს ფუნქციონირებისთვის არის აუცილებელი.

ვენეციის კომისიის რეკომენდაციითვე, ის, თუ რამდენი მოსამართლეა ამისთვის საჭირო, უნდა გადაწყდეს უზენაეს სასამართლოსთან კონსულტაციების შემდეგ. მოგვიანებით კი, უკვე ახალი პარლამენტი, რომელსაც შემდეგ საპარლამენტო არჩევნებზე აირჩევენ [2020 წელს], დანიშნავს მოსამართლეებს დარჩენილ ადგილებზე. კომისიის თანახმად, ასეთი გადაწყვეტილება გაათავისუფლებს უზენაეს სასამართლოს არსებული ტვირთისგან და ხანგრძლივ პერიოდში ისეთი სანდოობის გარანტი იქნება, რასაც ეს ინსტიტუტი იმსახურებს.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძისა და უმრავლესობის დეპუტატების მიერ მომზადებულ კანონპროექტს “საერთო სასამართლოების შესახებ” მეორე მოსმენით განიხილავენ, დეპუტატმა ეკა ბესელიამ მომხსენებელს დაუსვა კითხვა, აპირებს თუ არა მმართველი გუნდი ვენეციის კომისიის ზემოაღნიშნული რეკომენდაციის გაზიარებას და მოსამართლეთა ნახევრის არჩევის საშუალებას თუ მაინც მისცემს მომდევნო, მე-10 მოწვევის პარლამენტს.

ანრი ოხანაშვილის თქმით, პარლამენტის გადასაწყვეტია, რა პროცედურით, ვის კანდიდატურას განიხილავს და აირჩევს ვინმეს თუ არა.

“მომდევნო მოწვევის პარლამენტებს დავუტოვებთ თუ არა ლეგიტიმაციას? – თავისთავად ივარაუდება ის, რომ თუკი საბჭოს მიერ წარმოდგენილი კანდიდატების შესახებ პარლამენტი არ მიიღებს გადაწყევტილებას და არ იქნება სრულად დაკომპლექტებული უზენაესი სასამართლო, ეს გასტანს მანამდე, ვიდრე შესაბამისი მოწვევის პარლამენტი ამას გააკეთებს. თუ ჩვენ წარმოგვიდგენენ საუკეთესო კანდიდატებს და პარლამენტი ჩათვლის საჭიროდ, რომ კონკრეტული კანდიდატები აკმაყოფილებენ კრიტერიუმებს, ჩვენ ავირჩევთ. თუ ჩავთვლით, რომ არა, მაშინ შეიძლება ეს იყოს 1, 5 ან 10 [მოსამართლე]. წინასწარ ამის დარეგულირება წარმოუდგენელია”, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი