ახალი ამბები

პოლიციამ ილიაუნის მოკლული ლექტორის დასაცავად პრევენციული ზომები არ გამოიყენა

17 ოქტომბერი, 2014 • • 1770
პოლიციამ ილიაუნის მოკლული ლექტორის დასაცავად პრევენციული ზომები არ გამოიყენა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ნინო გიორგობიანი აცხადებს, რომ მარია წივწივაძის მიმართვის საფუძველზე ჩატარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი მოქმედება:

 

“მარიამ წივწივაძემ მიმართა რუსთავის პოლიციას 22 სექტემბერს, მოხდა გასაუბრება ორივე მხარესთან და შედგა შესაბამისი ოქმი. მარია წივწივაძემ განაცხადა, რომ სურს მისმა მეუღლემ აღარ შეაწუხოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოითხოვს შემაკავებელი ოქმის გამოწერას”, – აცხადებს გიორგობიანი.

 

“ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის” იურისტი მანანა ფურცხვანიძე “ნეტგაზეთთან” საუბარში განმარტავს, რომ შემაკავებელი ორდერის გამოწერისთვის პოლიციას მსხვერპლის მოთხოვნა არ ჭირდება და პოლიცია თავადაა უფლებამოსილი გამოწეროს ის.

 

“ზუსტად ანალოგიური არგუმენტი ჰქონდა პოლიციას, როდესაც ზესტაფონში მოხდა სალომე ჯორბენაძის მკვლელობა მისი ყოფილი ქმრის, სერგი საცერაძის მიერ. პოლიციამ მაშინაც თქვა, რომ როდესაც ქალმა მიმართა, დაიბარეს ორივე პოლიციაში, გაესაუბრნენ და არ გამოიკვეთა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებიო. შემაკავებელი ორდერის გამოწერას არ ჭირდება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების გამოკვეთა, რადგან ის თავისი არსით არის პრევენციული ღონისძიება”, – განმარტავს მანანა ფურცხვანიძე.

 

ნინო გიორგობიანის თქმით, მარიამ წივწივაძემ განმეორებით მიმართა პოლიციას 26 სექტემბერს (ამჯერად დიდუბე-ჩუღურეთის განყოფილებას), თუმცა პოლიციამ, რომელსაც მსხვერპლმა ხუთი დღის განმავლობაში ორჯერ მიმართა, წივწივაძის ყოფილი მეუღლე ლაშა მაღრაძე 29 სექტემბერს (მსხვერპლის განმეორებითი მიმართვიდან მესამე დღეს) დაიბარეს პოლიციაში:

 

“29 სექტემბერს მოხდა მისი მეუღლის დაბარება პოლიციაში და გაფრთხილება, რომ მის მიმართ გატარდებოდა კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები”, – განმარტავს გიორგობიანი.

 

“გაფრთხილება, რომელშიც მოძალადე პირობას დებს, რომ მეტს აღარ ჩაიდენს ძალადობას, გამოიყენებოდა მანამ, სანამ მივიღებდით ოჯახში ძალადობის შესახებ კანონს, ანუ 2006 წლამდე, რადგან ამ კანონის მიღების შემდეგ პოლიციას მიენიჭა შემაკავებელი ორდერის გამოწერის უფლებამოსილება. ამიტომ, როცა არსებობს შემაკავებელი ორდერი, გაფრთხილებას აღარ უნდა იყენებდეს პოლიცია”, – ამბობს მანანა ფურცხვანიძე, რომელიც სამართლებრივ დახმარებას უწევს ოჯახში ძალადობის არაერთ მსხვერპლს და ამბობს, რომ ბოლო წლებში პოლიციაში ტენდენციად იქცა ის, რომ აღარ გამოწერონ შემაკავებელი ორდერები, რაც ოჯახში ძალადობასთან სამართლებრივ ბრძოლას ართულებს, რადგან მისი ინფორმაციით, გაფრთხილების საფუძველზე, როგორც წესი, არავინ ისჯება საბოლოოდ.

 

კანონის შესაბამისად, შემაკავებელი ორდერი არის პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება ოჯახში ძალადობის შემთხვევაში ძალადობის მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები და რომელიც გამოცემიდან 24 საათის განმავლობაში დასამტკიცებლად წარედგინება სასამართლოს.

 

“ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის თანახმად,  შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებულია სხვადასხვა ზომების მიღება, მათ შორის, მოძალადის იმ სახლისაგან მოშორება, სადაც მსხვერპლი ცხოვრობს; მოძალადისათვის მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოების აკრძალვა, სადაც მსხვერპლი იმყოფება და ა.შ.

 

სწორედ სამსახურში, ილიაუნის შენობაში, სადაც დღეს მარიამ წივწივაზე მშობლებმა მიაცილეს მისი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მოკლა ის ყოფილმა ქმარმა, რის შემდეგაც მკვლელმა თვითონაც მოიკლა თავი.

შსს–ში არ უპასუხეს “ნეტგაზეთის” დამატებით შეკითხვებს, თუ რატომ არ მოხდა წივწივაძის შემთხვევაში შემაკავებელი ორდერის გამოწერა. ამასთან, როგორც “ნეტგაზეთს” წივწივაძის ერთ–ერთმა თანამშრომელმა უთხრა, მან პოლიცია გუშინ, 16 ოქტომბერსაც გამოიძახა, თუმცა შსს–ში არ გვიპასუხეს, თუ რა ღონისძიებები გაატარეს ამ გამოძახებაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი