ახალი ამბები

სერგი კაპანაძე: პრემიერის განცხადება აფხაზეთზე საფრთხის შემცველია

17 ოქტომბერი, 2014 • • 1072
სერგი კაპანაძე: პრემიერის განცხადება აფხაზეთზე საფრთხის შემცველია

“ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება მათ მიერ წარმოებულ 25 წლიან ბრძოლას თვითგამორკვევისთვის და აღიარებისთვის და ე.წ. დამოუკიდებლობის მიღწევისთვის,”- ასე გამოეხმაურა ირაკლი ღარიბაშვილი რუსეთ-აფხაზეთის ახალი შეთანხმების პროექტს, რომელიც რუსეთის მხრიდან მომზადდა. საზოგადოების ნაწილმა პრემიერის ამ განცხადებაში საფრთხე დაინახა. თქვენ რას ფიქრობთ? 


სამწუხაროდ, ნამდვილად არის საფრთხის შემცველი ეს განცხადება. ნებისმიერი ტერმინი გამომდინარეობს იქიდან, რა შეფასებებს ვაძლევთ იმ მოვლენებს, რომელიც 90-იან წლებში ვითარდებოდა. აქამდე შეფასება იყო ასეთი, რომ 90-იან წლებში გარე ჩარევის, რუსეთის ჩარევის შედეგად მოხდა შიდა კონფლიქტის ინსპირირება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში, რის შედეგადაც იქნა დევნილი რამდენიმე ასობით ათასი ადამიანი, რომელიც ორივე რეგიონში უმრავლესობას წარმოადგენდა, და შემდეგ მოხდა ამ რეგიონების ოკუპაცია. ეს იყო დომინანტური ნარატივი, მხოლოდ ჩვენი, საქართველოს ნარატივი კი არ იყო, ეს არის ნარატივი, რომელიც ასახულია ეუთოს სამიტის დოკუმენტებში, მინისტერიალის დოკუმენტებში, საპარლამენტო ასამბლეის დოკუმენტებში და ა.შ. ანუ საერთაშორისოდ მიღებული შეფასება იყო ეს. 

 

როდესაც ქვეყანაში რამდენიმე ასობით ათასი ადამიანი გყავს [დევნილი], თვითგამორკვევის უფლებაზე საუბარი არის სისულელე, შეუძლებელია. თვითგამორკვევა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ ეს წარმოადგენს იმ რეგიონის მთელი მოსახლეობის სურვილს. თუ უმრავლესობა განდევნილია და ეთნიკურმა უმცირესობამ ამათი უფლებების დარღვევის შედეგად მოახდინა დამოუკიდებლობის მოპოვება, თვითგამორკვევაზე საუბარი არის ძალიან.. ამიტომ არის, რომ როდესაც საქართველოზე საუბრობენ კონფლიქტის მოგვარების პრინციპებში, იმის მიუხედავად, რომ თვითგამორკვევის მოთხოვნა ითვლება ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრინციპად საერთაშორისო სამართალში, არასოდეს მოიხსენიებენ თვითგამორკვევის უფლებას. სწორედ იმის გამო, რომ არიან დევნილები. 

 

მაგალითად, რომ აიღოთ ყარაბაღის კონფლიქტი, რა პრინციპები მოიხსენიება ხოლმე ყარაბაღთან მიმართებაში. ყოველთვის მოიხსენიება ორი ტერმინი ტერიტორიული მთლიანობა და თვითგამორკვევა. ეს არის ორი პრინციპი, ერთს აზერბაიჯანი იყენებს და მეორეს – სომხეთი. ორივეს აქვს ლეგიტიმური არსებობის უფლება. ჩვენს შემთხვევაში, არსად, არც ერთ საერთაშორისო დოკუმენტში, მათ შორის ყველაზე ბოლო რომ ავიღოთ  – ასოცირების შეთანხმების დოკუმენტი ევროკავშირთან, არ წერია თვითგამორკვევის უფლება.

 

ასევე, როდესაც თვითგამორკვევაზე საუბრობ, გარკვეულწილად ხელს უშლი ოკუპაციის სტატუსის დამკვიდრებას. თუ ვამბობთ, რომ აფხაზებსა და ოსებს თვითგამორკვევის უფლება აქვთ და აქამდე რაც ხდებოდა, იქ შიგნით არსებული პოლიტიკური პროცესების შედეგად იყო ადგილობრივი მოსახლეობის ნების გამოხატვა, მაშინ არ ყოფილა ოკუპაცია. ამიტომ, მგონი, უნდა ჩამოყალიბდეს ხელისუფლება. 

 

შესაძლოა პრემიერმა ამ ტერმინის გამოყენებით უბრალოდ აფხაზეთის მოსახლეობის აზრი გააჟღერა, რომ ახალი შეთანხმება მათ პოზიციას -“მათ მიერ წარმოებულ 25 წლიან ბრძოლას თვითგამორკვევისთვის და აღიარებისთვის ეწინააღმდეგება.”

 

შეიძლება სხვანაირადაც გავიგოთ ეს განცხადება, უბრალოდ ჩვენი გადმოსახედიდან თვითგამორკვევის უფლების ხსენება ღუპავს იმ პოლიტიკას, რომელიც აქამდე არსებობდა. ეს ხომ არ არის რიგითი პოლიტიკოსი ან პარლამენტარი, რომელიც რაღაცად იტყვის. ეს არის სახელმწიფო მეთაური, რომლის ყველა სიტყვას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა და ქვეყნის პოზიციას აფიქსირებს და არა თავის პირად პოზიციას. ამიტომ არის პრობლემატური. 

 

სხვადასხვა საერთაშორისო დოკუმენტების მიღების შემთხვევაში, როდესაც ვიღაც მოითხოვს იქ თვითგამორკვევის უფლების ჩაწერას, რთული იქნება არგუმენტის დასახელება, რატომ არ უნდა ჩაიწეროს, როდესაც შენი პრემიერ-მინისტრი ამ უფლების შესახებ საუბრობს. 

 

ბუნებრივია, შეიძლება რიტორიკულად ამ აზრის გამოთქმა, რომ აფხაზეთის ის მოსახლეობა, რომელიც იქ არის და კი, ბატონო, პასუხისმგებელია ეთნიკურ დევნაზე და ა.შ. მაგრამ მაინც ამბობს, რომ დამოუკიდებლობა უნდა, ამას ეწინააღმდეგება ეს ხელშეკრულება [შეთანხმების ტექსტის პროექტი, რომელიც რუსეთის მხარემ მოამზადა], ამაზე საუბარი შეიძლება, ოღონდ ძალიან სათუთი თემაა. აქ ფუნდამენტური მიდგომის პრობლემა უფრო არის, ვიდრე კონკრეტული ტერმინის გამოყენების. 

 

ანუ ფიქრობთ, რომ ხელისუფლება პოლიტიკის დონეზე ცვლის აფხაზეთის საკითხში თავის პოზიციას?

 

არა, მე არ მგონია, რომ რამეს ცვლიდეს, მგონია, რომ ხელისუფლება, მათ შორის პრემიერ-მინისტრი, უბრალოდ ვერ ჩამოყალიბდა. ანუ სტრატეგიული ხედვა არ გააჩნიათ ძალიან ბევრ საკითხზე. არც რუსეთთან ურთიერთობებში, არც კონფლიქტის დარეგულირების სახელმწიფო ხედვა არ გააჩნიათ და არ გააჩნიათ სამართლებრივი სტრატეგია, თუ როგორ უნდა იქნას შეფასებული ის, რაც მოხდა აფხაზეთში ომის დროს და რა ხდება ახლა. ერთია, რომ მიზანმიმართულ პოლიტიკაზე შეიძლება ვისაუბროთ და მეორე, უბრალოდ, არ არიან ჩამოყალიბებული და შეცდომას შეცდომაზე უშვებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი