ახალი ამბები

სანიკიძე სტატუსშეჩერებული სტუდენტების ბაზის ორგანიზებას აპირებს

16 ოქტომბერი, 2014 • 1651
სანიკიძე სტატუსშეჩერებული სტუდენტების ბაზის ორგანიზებას აპირებს

მინისტრთან შეხვედრისას სტუდენტური ორგანიზაციების წარმომადგენლებმა თქვეს, რომ სტატუსშეჩერებული სტუდენტების რაოდენობით სხვადასხვა პოლიტიკური ძალები ამ ციფრით მანიპულირებენ. სტუდენტური ომბუდსმენის წარმომადგენელის თქმით, უნდა დასახელდეს ის ციფრი, თუ რამდენ ადამიანს აქვს სტატუსი შეჩერებული დავალიანების გამო, რათა არ მოხდეს ამ თემით სპეკულირება.

 

მინისტრის ინფორმაციით, ფინანსური დავალიანების გამო დღეის მდგომარეობით სტატუსი 11 000 სტუდენტს აქვს შეჩერებული. თუმცა, მისივე განმარტებით, ეს ციფრი არ ემთხვევა სტუდენტთა იმ რაოდენობას, რომელთაც სტუდენტის სტატუსი იმიტომ შეუჩერდათ, რომ რეალურად არ აქვთ სწავლის გადასახადის დაფარვის შესაძლებლობა.

 

“ეს ციფრი გამომდინარეობს იმ გადაწყვეტილებიდან, რომელიც მიღებული იყო ჯერ კიდევ 2007–2008 წლებში, რომლითაც დაწესდა, რომ სტატუსი რატომღაც უნდა შეუჩერდეს სტუდენტს 5 წლით. მანამდე იყო აკადემიური შვებულება,”- ამბობს მინისტრი.

 

სანიკიძე განმარტავს, რომ 2007 წლიდან ბაზაში სტატუსშეჩერებული სტუდენტების აღრიცხვა არ წარმოებდა და  მისი შევსება სამინისტრომ 2013 წლიდან დაიწყო. სანიკიძის თქმით, მათ მხოლოდ 2013–ში მიიღეს ინფორმაცია, რაზე დაყრდნობითაც შეიძლებოდა ანალიზის გაკეთება.

 

მინისტრი ამბობს, რომ ამ 11 000 სტატუსშეჩერებულ სტუდენტში გარკვეული ნაწილია იმ სტუდენტების, რომელთაც 100% გრანტი აქვთ მოპოვებული და მიზეზად მაინც ფინანსური დავალიანება აქვთ მითითებული. ასევე, არიან სტუდენტები, რომელთაც 100%–იანი გრანტის ვადა (4 წელი) ამოეწურათ, ვერ დააგროვეს საჭირო კრედიტები და ახლა დამატებითი საგნების აღება უწევთ. ასევე, გვხვდებიან ისეთი სტუდენტებიც, რომლებსაც 10, 20, 30, 100 ლარი აქვთ დავალიანება. სამინისტროში აღნიშნავენ, რომ ასეთი სტუდენტები, სავარაუდოდ, შეგნებულად იჩერებენ სტატუსს.

 

მინისტრის თქმით, ამ სტუდენტების გარდა რჩება რაღაც რაოდენობა, რომელთაც ნამდვილად სოციალური პრობლემების გამო აქვთ შეჩერებული სტატუსი.

 

სტუდენტი ლევან ლორთქიფანიძე ამბობს, რომ სოციალური მდგომარეობის გამო სტატუსშეჩერებული სტუდენტების დასახმარებლად სახელმწიფომ სტუდენტების დაფინანსება უნდა გაზარდოს. ლორთქიფანიძე თვლის, რომ სახელმწიფომ უნდა იშუამდგომლოს ბანკებთან, რომ სტუდენტებს დაბალპროცენტიანი, გრძელვადიანი სესხების აღების შესაძლებლობა ჰქონდეთ.

განათლების მინისტრი თამარ სანიკიძე სტატუსშეჩერებული სტუდენტების საკითხზე სტუდენტურ ორგანიზაციებს ხვდება 16.10.2014
განათლების მინისტრი თამარ სანიკიძე სტატუსშეჩერებული სტუდენტების საკითხზე სტუდენტურ ორგანიზაციებს ხვდება 16.10.2014

 

განათლების სამინისტროში განმარტავენ, რომ 2012 წლის შემდეგ იმ სტუდენტების რაოდენობა, რომლებიც სრულად ფინანსდებიან, 2–ჯერ გაიზარდა. მათი განცხადებით, დღეის მდგომარეობით სტუდენტების 55% სახელმწიფოს მიერ ფინანსდება, აქედან 100%-იან დაფინანსებას კი 21500–მდე სტუდენტი იღებს.


რაც შეეხება სტატუსის აღდგენის სტატისტიკას,  განათლების სამინისტროს ცნობით, 2011 წელს სტატუსი აღიდგინა 242–მა სტუდენტმა, 2012–ში – 3543–მა, 2013 წელს – 10 329-მა და 2014 წელს – 10 000–მდე სტუდენტმა.


2010 წლიდან დღემდე კი სტუდენტის სტატუსი 33, 029 სტუდენტს აქვს შეჩერებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი