Endgame-ის ნაწყვეტი გავრცელდა – როგორ დავიცვათ თავი სპოილერებისგან

მარველის Endgame-ის მსოფლიო პრემიერამდე 10 დღით ადრე ინტერნეტში ფილმის ნაწყვეტი გავრცელდა. როგორც The Verge წერს, ნაწყვეტი დაახლოებით 5 წუთის ხანგრძლივობისაა და, სავარაუდოდ, საცდელი ჩვენების დროსაა გადაღებული.

ფილმის ნაწყვეტის გავრცელების შესახებ ინფორმაციას მალევე მოჰყვა რეჟისორების, ენტონი და ჯო რუსოების განცხადება, რომლებიც მარველის კინოსამყაროს ფანებს მადლობას უხდიდნენ და სთხოვდნენ, სხვებისთვის ფილმი არ დაესპოილერებინათ.

მიუხედავად იმისა, რომ უცნობია, აღნიშნული კადრები ფილმის საბოლოო ვერსიიდანაა თუ არა (ამის შესახებ არც რეჟიოსორებს უსაუბრიათ და არც კომპანიას), უცხოური მედია მარველის ფანებს აფრთხილებს, რომ ეპიზოდი შესაძლოა მნიშვნელოვან სპოილერს შეიცავდეს.

იმ შემთხვევაში, თუ გსურთ ფილმი კინოთეატრში იხილოთ და არ გინდათ პრემიერამდე რამე ისეთი გაიგოთ, რაც Endgame-ის პირველად ნახვის შთაბეჭდილებას გაგიფუჭებთ, მიჰყევით “ნეტგაზეთის” რჩევებს.

როგორ დავიცვათ თავი სპოილერებისგან ფეისბუკსა და იუთუბზე

თუ წარსულში მარველის ფილმების შესახებ რამდენიმე ვიდეო გაქვთ ნანახი, დიდია ალბათობა, რომ იუთუბი რეკომენდებულ ვიდეოებში სპოილერის შემცველ მასალასაც შემოგთავაზებთ, ან სპოილერს ფეისბუკის სქროლვისას გადააწყდეთ.

სოციალურ ქსელებს საკვანძო სიტყვების დაბლოკვის ფუნქცია არ აქვს, თუმცა შეგიძლიათ Google Chrome-ის დამატება დააყენოთ, (ფუნქცია მუშაობს Firefox-ზეც) რომელიც მითითებული საკვანძო სიტყვების შემცველ ტექსტებს დაფარავს.

დამატების სახელია Spoiler Protection 2.0 . მას შემდეგ, რაც დამატებას დააყენებთ, ბრაუზერის ზედა მარჯვენა კუთხეში გამოჩნდება მისი სიმბოლო. სიმბოლოზე მაუსის დაწკაპუნების შემდეგ კი შეიყვანეთ ისეთი საკვანძო სიტყვები, როგორიცაა Avengers, Endgame, Thanos და ყველაფერი, რაც, თქვენი აზრით, შესაძლოა სპოილერს ეხებოდეს. დამატება მუშაობს ბრაუზერების მობილურ ვერსიაზეც.

მას შემდეგ, რაც საკვანძო სიტყვებს შეიყვანთ, ბრაუზერი მათ შემცველ მასალებს დაფარავს. ვიდეო მხოლოდ წითელ ჩარჩოზე დაწკაპუნების შემთხვევაში გამოჩნდება.

სხვა რეკომენდაციები

მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული დამატებები საკმაოდ კარგად მუშაობს, სპოილერებისგან 100%-ით მაინც ვერ იქნებით დაზღვეული. ამიტომ, უკეთესი იქნება, თუ კომენტარების კითხვას თავს მოარიდებთ.

ასევე კარგი იქნება, თუ თავს აარიდებთ Reddit-სა და 4chan-ს.

ყველაზე ეფექტური კი, რაც შეგვიძლია გირჩიოთ, ინტერნეტის გამორთვა და მარველის კინოსამყაროს მარათონში ჩაბმაა. დარჩენილ 10 დღეში შეგიძლიათ ის 21 ფილმი გაიმეოროთ, რომელიც Endgames უძღვის წინ. ამისთვის კი შეგიძლიათ ჩვენს მიერ მომზადებულ ქრონოლოგიას მიჰყვეთ.

რა თანმიმდევრობით უნდა ნახოთ “მარველის” ფილმები – ქრონოლოგია

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.