“რუსთავი 2–ის” ცნობით, ალექსანდრე მაშკევიჩს 14 ოქტომბერს, გვიან საღამოს თბილისში არაფორმალური შეხვედრა მინისტრებთან – დავით სერგეენკოსა და გიორგი კვირიკაშვილთან ჰქონდა, რომელსაც ასევე ესწრებოდნენ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე და ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი.
ალექსანდრე მაშკევიჩი ბიძინა ივანიშვილის მეგობარია. მას რომ საქართველოს ფარმაცევტული ბაზარი აინტერესებს, არაერთხელ დაადასტურეს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ და ექსპრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა.
საგანელიძე ამბობს, რომ შეხვედრაზე საუბარი ფარმაცევტულ სფეროზეც იყო:
“გაჟღერებული იყო სამედიცინო სფერო, ფარმაცევტული კერძოდ. ამ სფეროზეც იყო საუბარი, გეთანხმებით, იმიტომ, რომ ეს ერთ–ერთი სფეროა, რომელსაც მისი კომპანია ფლობს”.
მისივე თქმით, მაშკევიჩის კომპანიის საქართველოში შემოხვლა მონოპოლიის გაჩენის საფრთხეს არ შექმნის.
“თუ ასეთი ჯგუფი შემოვიდა საქართველოს ბაზარზე, არანაირი მოსუფთავება არ ჭირდებათ, ისინი პირიქით, მომხრე არიან, რომ ბიზნესი იყოს თავისუფალი და არანაირი ზეწოლა ნებისმიერ სფეროზე სახელმწოფოსგან არ ხდებოდეს. როგორ შეიძლება, რომ რომელიმე კომპანია დღეს მონოპოლისტი იყოს საქართველოში?
ივანიშვილთან კავშირი რომ მაგას განსაზღვრავდეს, დამიჯერეთ თქვენ, რომ დღეს საქართველოში შეიძლებოდა ივანიშვილს ძალიან ბევრი მონოპოლისტური ბიზნესი შეექმნა. მან პირიქით, გააკეთა ის, რომ მონოპოლიური ბიზნესები დაანგრია,”– თქვა დავით საგანელიძემ
საგანელიძე ამბობს, რომ თუ მაშკევიჩი საქართველოს ბაზარზე შემოსვლას გადაწყვეტს, ის დიდ ინვესტიციას განახორციელებს:
“თუ ამ გადაწყვეტილებას ის მიიღებს, ის არ იქნება 10, 50 ან თუნდაც 100 მილიონი, იქნება მნიშვნელოვნად უფრო მეტი,” – ამბობს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი
ალექსანდრე მაშკევიჩი სამთო–მეტალურგიულ იმპერიას Eurasian Natural Resouroes Corp-ს ფლობს, რომელიც მსოფლიო ბაზრის გლობალური მოთამაშეა. მაშკევიჩი ასევე ფლობს სოკოლოვსკო–სარბაისკის სამთო–გამამდიდრებელ კომბინატს, სადაც მოიპოვებენ რკინის მადანს და მისი რეალიზაცია რუსეთის ბაზარზე ხდება. ქართული „ფორბსის“ ინფორმაციით, 2004 წელს წელს მაშკევიჩის კომპანიამ სცადა ტენდერით მოეპოვებინა ზესტაფონის „ფეროს”, „ჭიათურმანგანუმისა” და ვარციხეჰესების კასკადის ერთიანი საპრივატიზებო პაკეტი, მაგრამ უშედეგოდ.