ახალი ამბები

მერიიდან მირჩიეს, ქალაქის ერთ-ერთი ხელმძღვანელის ნათესავის მიწა მეყიდა – სოფრომაძე

16 აპრილი, 2019 •
მერიიდან მირჩიეს, ქალაქის ერთ-ერთი ხელმძღვანელის ნათესავის მიწა მეყიდა – სოფრომაძე

ფრესკოს დამფუძნებელი ვასილ სოფრომაძე თბილისის მერიას ზეწოლაში ადანაშაულებს. როგორც სოფრომაძე ამბობს, თბილისში, წერეთლის გამზირზე “ფრესკოს” ახალი მაღაზიის გახსნა სურდა, მერიიდან კი ოფიციალური წერილით ურჩიეს, ერთ-ერთი მაღალჩინოსნის ნათესავის მიწა ეყიდა.

“ჩვენი კომპანია აპირებს, წერეთლის გამზირზე ახალი სუპერმარკეტი ააშენოს. ქალაქის მერიიდან ოფიციალურად მომდის წერილი, რომელშიც რეკომენდაციის სახით მირჩევენ, ვიყიდო ქალაქის ერთ-ერთი ხელმძღვანელის ნათესავის მიწის ნაკვეთი. თქვენ ამას განვითარებას ეძახით?! ეს არის ის ყველაფერი, რაც საქართველოს ეკონომიკის განვითარებისთვის გააკეთეთ?!’-ამბობს სოფრომაძე.

ბიზნესმენს მერიიდან მიღებული წერილი  არ გაუსაჯაროებია. გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ფრესკოს დამფუძნებელი არც იმის შესახებ საუბრობს, რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში, თუ მერიის ამ რეკომენდაციას არ შეასრულებდა და ვის ნათესავზე იყო საუბარი. ნეტგაზეთს “ფრესკოში” უთხრეს, რომ სოფრომაძე ამ განცხადებაზე დამატებით კომენტარს არ გააკეთებს.

თბილისის მერის მოადგილის მაია ბითაძის თქმით, მსგავსი რეკომენდაციებით კომპანიებს ხშირად მიმართავენ და ეს არიის ჩვეულებრივი პროცედურა, რომლის მიზანიც ქალაქის სწორი დაგეგმარებაა.

“როდესაც ხდება გარკვეული უბნის, თუ ტერიტორიის ფორმირება/მოწესრიგება, ჩვენ ხშირად ვთხოვთ – განმცხადებელს შეუსაბამო ნაკვეთებზე, იქნებ ეს ტერიტორიებიც დააგეგმაროს, რათა არ დაგვრჩეს დაუგეგმარებელი, რაც ხშირად გვხდება ამ ქალაქში და ამახინჯებს თბილისის იერსახეს. ეს არის რეკომენდაციის ხასიათის მითითება, რასაც რეგულარულად გავცემთ განაშენიანების გეგმის ფარგლებში, სადაც ასეთი ობიექტებია, რათა არ დარჩეს ისინი დაგეგმარების მიღმა. ასე რომ, ძალიან უხერხულია ბატონი ვასილის მხრიდან ასეთი ბრალდებები და მას და მის იურისტებს მოვუწოდებთ, კარგად გაერკვნენ კანონმდებლობაში,”-აცხადებს ბითაძე.


ვიდეომიმართვა “ფრესკოს” დამფუძნებელმა 7 მარტსაც გაავრცელა, სადაც გარკვეულ ფინანსურ პრობლემებზე საუბრობს, რომლებსაც მისი თქმით, ფინანსთა სამინისტრო მის კომპანიას უსამართლოდ უქმნის.

“ერთი წელია ჰაერში ვყავარ დაკიდებული ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო სტრუქტურებს. ყველა რეგლამენტის დარღვევით, ვერ დადეს საგადასახადო დასკვნა. დიდი ოთხეულიდან ცნობილი აუდიტორიული კომპანია მოვიწვიეთ, რომლის დასკვნამაც ქვა-ქვაზე არ დატოვა მათი შენიშვნები”, – ამბობს სოფრომაძე.

ფინანსთა სამინისტრომ ბიზნესმენის ბრალდებებს უსაფუძვლო უწოდა. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, 2018 წლის 20 თებერვალს შემოსავლების სამსახურმა დაიწყო “ფრესკოს“ საქმიანობის საგადასახადო შემოწმება. სამინისტროს ცნობით, შემოწმების შედეგად, შემდგარია საგადასახადო შემოწმების აქტის პროექტი, რომელსაც  ვასილ სოფრომაძე არ ეთანხმება.

“ამ ეტაპზე, დავას განიხილავს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო, რომლის გადაწყვეტილებაც, საჭიროების შემთხვევაში, გადამხდელს ასევე შეუძლია გაასაჩივროს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს ფორტში, სადაც წარმოდგენილნი არიან როგორც სხვადასხვა უწყების, ისე ბიზნესისსექტორის წარმომადგენლები.

შესაბამისად, დავის გარშემო საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე მიგვაჩნია, რომ „შპს „ფრესკო შოპინგ ცენტრის“ დამფუძნებლის მიერ გამოთქმული ბრალდებები სახელმწიფოს მხრიდან მის ბიზნესზე ზეწოლასთან დაკავშირებით არის უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი.”

 

ეს არის სარეკომენდაციო ხასიათის მითითება – მერიის განმარტება სოფრომაძის ბრალდებაზე

მასალების გადაბეჭდვის წესი