ახალი ამბები

როგორ გაიტაცეს იოსებ გიორხელიძე საკუთარი სახლიდან – გამოძიების ვერსია

15 ოქტომბერი, 2014 • 3073
როგორ გაიტაცეს იოსებ გიორხელიძე საკუთარი სახლიდან – გამოძიების ვერსია

პროკურორის განცხადებით, სახლში შესვლის შემდგომ შონიამ გიორხელიძეს კეფაზე დაადო ცეცხლსასროლი იარაღი, მოთხოვა დაჩოქილიყო, გაუკეთა ხელბორკილი და მასთან ბინაში შეიყვანა დანარჩენი 2 ბრალდებული, ქალდანი და ღვაჩლიანი, რომელთაც სახეზე სამედიცინო ნიღბები ჰქონდათ აფარებული.

პროკურორი თენგიზ ხარებავა 15.10.2014
პროკურორი თენგიზ ხარებავა 15.10.2014

“მათ ბავშვს შეუკრეს ფეხები, შემდეგ მათ მიერ მოტანილ დიდ ჩანთაში ჩასვეს, რომ ჩანთით გაეყვანათ საცხოვრებელი ბინიდან. რადგანაც ჩანთა გაიხა, იმიტომ,  რომ ბავშვი მოცულობითი იყო და წონას ვერ გაიძლო იმ მოტანილმა ჩანთამ, ამის შემდეგ ისევ გაუხსნეს ხელ–ფეხი, ჩაიყვანეს ქვევით იარაღის მუქარით, ჩასვეს მისსავე ავტომანქანაში და გოთუას ქუჩიდან შემდეგ წაიყვანეს სანზონის მიმართულებით.

 

იქ სხვა მანქანით ღვაჩლიანი დახვდა, გადასვეს იმ მანქანაში და ამჯერად ჩასვეს საბარგულში, შემდეგ წაიყვანეს მცხეთის რაიონის სოფელ არმაზში და ის ერთ–ერთი მოქალაქის, ჭუმბურიძის აგარაკზე ჰყავდათ გამომწყვდეული საწოლში ჯაჭვებით დაბმული. ასეთ სიტიაციაში ამყოფეს 4 დღის განმავლობაში. პერიოდულად შონია სხვადასხვა სიმბარათებით უკავშირდებოდა გატაცებულის მამას, რომელსაც თხოვდა შვილის გამოსასყიდის საფასურად 300 000 დოლარის გადახდას,“ – განაცხადა პროკურორმა.

 

მისი განცხადებით, საგამოძიებო ორგანომ ამოიღო გზებზე არსებული კამერების ჩანაწერები, რომელმაც ისინი იმ ადგილამდე მიიყვანა, სადაც დაზარალებული იმყოფებოდა. პროკურორის თქმით, გამტაცებლები როდესაც დარწმუნდნენ, რომ მოთხოვნილი თანხა მათ ხელში იყო, გიორხელიძე მხოლოდ ამის შემდეგ გაათავისუფლეს.

 

პროკურორი ამბობს, რომ პრაქტიკაში, როდესაც თანხის გამოძალვის მიზნით ჰყავთ ვინმე მძევლად აყვანილი, ეს ხშირ შემთვევაში მსხვერპლის სიკვდილით მთავრდება.

 

“ეს იყო ერთადერთი გამონაკლისი შემთხვევა, იმ დანაშაულებიდან, რომელიც უახლოეს პერიოდში მომხდარა საქართველოში, სადაც გონივრული ნაბიჯებით იქნა გათვლილი ყველა დეტალი,“– ამბობს თენგიზ ხარებავა.

 

პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ გიორხელიძის გატაცებაში “გონივრული ეჭვის” საფუძველზე “ნაციონალური მოძრაობის” კვალი დაინახა. პრემიერის თქმით, ეს არის ნაციონალური მოძრაობის ხელწერა, რომლებიც გასული წლების განმავლობაში ადამიანებს იტაცებდნენ და აწამებდნენ.

 

პროკურორმა კი დღეს ჟურნალისტის კითხვაზე, იკვეთება თუ არა ამ საქმეში კავშირი ნაციონალურ მოძრაობასთან, უპასუხა, რომ ის ასეთ ინფორმაციას არ ფლობს:

 

“ნაციონალურ მოძრაობასთან” კავშირი რა შუაშია სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით. მე ეგეთ ინფორმაციას არ ვფლობ,”– თქვა ხარებავამ.

 

პროკურორი ამბობს, რომ ამ საქმეზე გამოძიება ჯერ კიდევ გრძელდება, რადგან მისაღებია სხვადასხვა სახის ექსპერტიზის პასუხები, ასევე, დასაკითხია მოწმეები. პროკურორის განცხადებით, ერთ-ერთ ბრალებულს – დურმიშხან ღვაჩლიანს აკავშირებდა ნაცნობობა რამინ გიორხელიძესთან, რომლის შვილი, 19 წლის სოსო გიორხელიძე იქნა გატაცებული ოჯახისთვის 300 ათასი დოლარის გამოძალვის მიზნით


თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ადამიანის გატაცებაში ბრალდებულ ოთხ პირს, რომლებიც, გამოძიების ცნობით, წინა ხელისუფლების პირობებში შსს-ს ყოფილი დანაყოფების – კუდ-ის და სოდ-ის თანამშრომლები იყვნენ, პატიმრობა შეეფარდათ აღკვეთის ღონისძიების სახით.

მასალების გადაბეჭდვის წესი