ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

გამოძიება გრძელდება – პრემიერის პასუხი PACE-ში მუხთარლიზე დასმულ შეკითხვაზე

10 აპრილი, 2019 • 1316
გამოძიება გრძელდება – პრემიერის პასუხი PACE-ში მუხთარლიზე დასმულ შეკითხვაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრს, მამუკა ბახტაძეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში სიტყვით გამოსვლისას კითხვა დაუსვეს აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმეზე.

“ოდესმე გაგიგზავნიათ თქვენი ელჩი აზერბაიჯანის ციხეში აფგან მუხთარლის სანახავად, რომელიც თქვენს ქვეყანაში მოიტაცეს? და ჩაგიტარებიათ გამოძიება იმ საჯარო მოხელეების მიმართ, ვინც მონაწილეობდნენ გატაცებაში”, – მიმართა ბახტაძეს დეპუტატმა შტეფან შენახმა.

როგორც ბახტაძემ განაცხადა, ქართული მხარე კოორდინაციაშია აზერბაიჯანის სამართალდამცველ სტრუქტურებთან და გამოძიების შესახებ შეფასების გაკეთებას მხოლოდ მისი დასრულების შემდეგ შეძლებს.

“აფგან მუხთარლის საქმე არის ძალიან სენსიტიური. რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს კოორდინაცია და კომუნიკაცია ჩვენს კოლეგებთან აზრებაიჯანში. გამოძიება გრძელდება. შეფასების გაკეთებას შევძლებ, როცა საგამოძიებო პროცესი დასრულდება”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

აზერბაიჯანელი გამომძიებელი ჟურნალისტი, რომელიც პრეზიდენტ ილჰამ ალიევის რეჟიმის დევნილია, 2017 წლის მაისამდე ოჯახთან ერთად თბილისში ცხოვრობდა, თუმცა, აფგან მუხთარლი 2017 წლის 29 მაისის საღამოს თბილისის ცენტრიდან გაუჩინარდა და ბაქოს ციხეში აღმოჩნდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი