ახალი ამბები

ფრანგი მილიარდერის ოჯახი ნოტრ-დამის აღსადგენად 100 მლნ ევროს გამოყოფს

16 აპრილი, 2019 • 1592
ფრანგი მილიარდერის ოჯახი ნოტრ-დამის აღსადგენად 100 მლნ ევროს გამოყოფს

ფრანგი მილიარდერების, პინოებს, ოჯახი პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის რეკონსტრუქციისთვის 100 მილიონ ევროს გაიღებს.

“მამაჩემმა [ფრანსუა პინომ] და მე გადავწყვიტეთ, არტემისის ფონდიდან 100 მილიონი გამოვყოთ, რათა მონაწილეობა მივიღოთ იმ ძალისხმევაში, რომელიც პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის სრული რეკონსტრუქციისთვის არის აუცილებელი”, – ნათქვამია ფრანსუა ანრი პინოს განცხადებაში.

ფრანც-ჰენრი პინო ფრანგი ბიზნესმენი, “ქერინგის” დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორია.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ხანძრით დაზარალებული პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღსადგენად ფონდის გახსნის შესახებ განაცხადა.

“ჩვენ შევძელით, აგვეგო ეს ტაძარი 800 წლის წინ და საუკუნეების მანძილზე გაგვეფართოებინა, გაგვეუმჯობესებინა ის. სრული გულწრფელობით გეუბნებით, ჩვენ აღვადგენთ მას, ყველანი ერთად”, – აღნიშნა მან.

ხანძარი პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში 15 აპრილს, შუადღისას გაჩნდა. ცეცხლი სწრაფად გავრცელდა. ასობით მეხანძრე რამდენიმე საათის განმავლობაში განუწყვეტლივ ებრძოდა ცეცხლს, რომელიც 850 წლის წინათ აგებულ, ისტორიულად უმნიშვნელოვანეს ტაძარს მოედო და მისი ცნობილი სამრეკლოც შეიწირა – კონსტრუქციის ჩამოქცევის კადრები პირდაპირ ეთერში იხილა მსოფლიომ.

ბოლო ცნობებით, მიუხედავად ზარალისა, მეხანძრეებმა ტაძრის ძირითადი კონსტრუქციის გადარჩენა შეძლეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი