Interviewsახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

აქ არ ეშინიათ, რომ ქალის ცემისთვის დასჯიან – ინტერვიუ აზერბაიჯანელ უფლებადამცველთან

17 აპრილი, 2019 • 3054
აქ არ ეშინიათ, რომ ქალის ცემისთვის დასჯიან – ინტერვიუ აზერბაიჯანელ უფლებადამცველთან

ავტორი: გიუნელ მევლუდი


ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტებზე ინფორმაცია აზერბაიჯანში მედიამ და სოციალურმა ქსელებმა ბევრად ხელმისაწვდომი გახადა. როგორც აღმოჩნდა, ქალებზე ძალადობენ ქვეყნის ცნობილი ადამიანებიც. ბოლო თვეების განმავლობაში აზერბაიჯანის ორმა პოპულარულმა ჟურნალისტმა ცოლებს სცემა, რის შესახებაც მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც მსხვერპლებმა სოციალური მედიით გაასაჯაროეს ძალადობის ფაქტები. რამდენიმე კვირის წინ კი პოლიციამ ცოლის ცემისთვის ცნობილი სპორტსმენი 20 დღით დააკავა.

როგორ სჯიან მოძალადეებს აზერბაიჯანში, როგორ ხდება ძალადობის მსხვერპლთა რეაბილიტაცია, რა კეთდება ძალადობის პრევენციისთვის? ამ და სხვა კითხვებზე ნეტგაზეთთან აზერბაიჯანში ქალთა კრიზისული ცენტრის დირექტორი მათანათ აზიზოვა საუბრობს. მათანათ აზიზოვა 15 წელია ქალების უფლებების საკითხებზე მუშაობს. ასევე, ძალადობისა და ქალთა უფლებების დარღვევების საკითხებზე დისკუსიებს მართავს.


რამდენიმე კვირის წინ ცნობილი აზერბაიჯანელი სპორტსმენი ცოლის მიმართ ძალადობის ბრალდებით დააკავეს. საზოგადოებაში კიდევ ერთხელ დაიწყო დისკუსია ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის თემებზე. ამ შემთხვევაში მოძალადე მხოლოდ 20 დღით დააკავეს. რას ნიშნავს ეს და რამდენად ადეკვატურია სასჯელის ზომა?

ოჯახში ძალადობის თემა აქტუალურია ჩვენი ქვეყნისთვის. ამისთვის მედიის მცირე მონიტორინგიც კი საკმარისია. ყოველდღე შეგვიძლია წავიკითხოთ ინფორმაცია ცოლების ცემის შესახებ; ცემის შედეგად ქალების ჰოსპიტალიზაციაზე; ქალებზე, რომლებმაც ვერ გაუძლეს ძალადობას და თვითმკვლელობა სცადეს ან თავი მოიკლეს.

რამდენიმე წლის წინ ჩვენი ცენტრის მიერ პატიმარ ქალთა რეაბილიტაციაზე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ დანაშაულის მხრივ მეორე ადგილი უკავია შემთხვევებს, როდესაც მოძალადე კაცებისგან თავდაცვის მიზნით ქალებმა პარტნიორები მოკლეს.

ოჯახებში ძალადობის პრობლემა არსებობს, და კარგია ის, რომ ქალების პრობლემების შესახებ საუბარი აღარ არის ისეთი საშიში, როგორც, მაგალითად, ათი წლის წინ იყო. თუმცა, სამწუხაროდ, ძალიან ცოტა სამართლებრივი ინსტრუმენტი გვაქვს დღემდე, რომელიც ქალებს დაიცავდა. აზერბაიჯანელი მოძალადე სპორტსმენის ისტორია ამის თვალსაჩინო მაგალითია.

თუ ბევრ ქვეყანაში ოჯახში ძალადობა სერიოზულ დანაშაულად არის აღიარებული და მოძალადე შესაბამისად აგებს პასუხს, აზერბაიჯანში მსგავსი დანაშაული ადმინისტრაციული წესით ისჯება. უმრავლეს შემთხვევებში, ოჯახში ძალადობისთვის 300-500 მანათით [175-300 აშშ დოლარი] აჯარიმებენ. სპორტსმენის შემთხვევაში, რომ არა საზოგადოების დიდი ინტერესი, მას არც დააკავებდნენ 20 დღე-ღამით და მხოლოდ ჯარიმას გადაიხდიდა.

მოდით, უფრო დეტალურად განვიხილოთ, როგორ არის დაცული ქალების უფლებები აზერბაიჯანში და რა პასუხისმგებლობას ითვალისწინებს ოჯახში ძალადობა საკანონმდებლო დონეზე?

ოჯახში ძალადობის შესახებ კანონი აზერბაიჯანში ქალთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წყალობით 2010 წელს მივიღეთ.

იქამდე ტარდებოდა საჯარო განხილვები, თუმცა კანონის მიღება ქვეყნის პარლამენტს დიდი ხნის განმავლობაში არ სურდა.

დეპუტატები მიიჩნევდნენ, რომ ეს კანონი ეწინააღმდეგებოდა ტრადიციებს. რეალურად, უსუსური არგუმენტები ისმოდა. მაგალითად, განხილვის დროს ერთ-ერთმა დეპუტატმა თქვა: “თუ ჩემი შვილი ან ცოლი არ დამიჯერებს და მე მათზე ხელს აღვმართავ, ამის გამო კანონის წინაშე უნდა ვაგო პასუხი?” ანდა, ერთმა ცნობილმა ადვოკატმა განაცხადა: “კანონი ოჯახში ძალადობის შესახებ ოჯახების ნგრევას შეუწყობს ხელს, გაიზრდება განქორწინებების რიცხვი, რაც აზერბაიჯანელი ხალხის ტრადიციებს ეწინააღმდეგება”, “აზერბაიჯანული ოჯახი ყველაზე სამაგალითო და ძლიერია მსოფლიოში, ეს კანონი კი ჩვენი ტრადიციებს დაგვაკარგინებს, სწორედ ეს უნდა ევროპას”.

საზოგადოებრივი ორგანიზაციების ზეწოლის წყალობით კანონი მაინც მიიღეს.

კანონი ითვალისწინებს საინფორმაციო ბაზის, სამართალდამცველ ორგანოთა ინსპექტორების პრევენციული სამუშაოების, საგანმანათლებლო კამპანიების ჩატარებას,  პოლიციის განყოფილებებში ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ სპეციალური დანაყოფების შექმნას, მათ შორის ქალი პოლიციელების რაოდენობის გაზრდას, ფსიქოლოგების მოზიდვას, დამცავი ორდერის გამოწერასა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრების შექმნას.

ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა ასევე ითვალისწინებდა უფლებამდამცველ ორგანიზაციებთან და სახელმწიფო სტრუქტურებთან თანამშრომლობას.

რომელი გაკეთდა ზემოთქმულიდან? პრაქტიკულად არაფერი, გარდა საგანმანათლებლო კამპანიისა, რომელსაც ისევ არასამთავრობოები ახორციელებდნენ მოსახლეობას შორის.

არ არსებობს განყოფილებები ოჯახში ძალადობის საკითხებზე, არ არსებობს ცხელი ხაზი, თავშესაფრები, დამცავი ორდერი კი 9 წლის განმავლობაში მხოლოდ 10-15 ჯერ გაიცა, თუმცა მისი ეფექტურობაც ნულის ტოლია.

დიდი ხნის განმავლობაში უჭირდათ არასამთავრობოებს, ჩინოვნიკებისთვის კანონის გამოყენება ესწავლებინათ. პრაქტიკა აჩვენებდა, რომ უმეტეს შემთხვევაში, ძალადობის მსხვერპლთა განცახდებები არც მიიღებოდა, და თუ იღებდნენ, მათი მხოლოდ მცირე რაოდენობა აღწევდა სასამართლომდე. თუმცა, უფლებადამცველთა და მედიის ერთობლივი მუშაობის შედეგად, არასამთავრობოებს სულ უფრო მეტი ძალადობის მსხვერპლი მიმართავდა.

ერთობლივი მუშაობის შედეგი იყო ისიც, რომ სულ უფრო მეტი საქმე აღწევდა სასამართლომდე და მომჩივანი მოძალადის დასჯას ახერხებდა. ოჯახში ძალადობა კრიმინალიზებული იყო, თუმცა ეს არ აწყობდა შსს-ს წარმომადგენლებს, რადგან ქალთა მიმართვიანობა ქვეყანაში დანაშაულის სტატისტიკას სერიოზულად “უფუჭებდა”.

შედეგად, დღეს ოჯახში ძალადობა დეკრიმინალიზებულია და მხოლოდ ადმინისტრაციული წესით ისჯება. მოძალადის დასასჯელად ქალი სერიოზულად უნდა დაშავდეს ძალადობის დროს. მუდმივი ცემა კი “ხომ არ მომიკლავს” ციკლიდანაა და ძირითადად ჯარიმითა და დანაშაულის განმეორებით გრძელდება. ასეთ შემთხვევებში კი ქალი უკვე აღარ მიმართავს სამართალდამცველებს, რადგან დარწმუნებულია, რომ კანონი მას არ დაიცავს.

ქმრების ან ყოფილი ქმრების მიერ ქალთა მკვლელობების მონიტორინგი აჩვენებს, რომ უმრავლეს შემთხვევაში, მკვლელობამდე ქალები არაერთხელ მიმართავდნენ პოლიციას დევნისთვის, სიცოცხლის მოსპობის მუქარისთვის, მაგრამ პოლიციელთა უმოქმედობის გამო ძალადობის შემთხვევები მკვლელობებით სრულდებოდა.

როდესაც ქალთა მიმართ ძალადობაზე ვსაუბრობთ, აზერბაიჯანში, გარდა ფიზიკური ძალადობისა ოჯახში, ასევე არსებობს ძალადობრივი ქორწინებების პრობლემები, ადრეული ქორწინებები, სექსუალური ძალადობა ოჯახში და ა.შ.

რა უნდა გაკეთებულიყო, პირველ რიგში, საკანონმდებლო დონეზე?

დაკვირვება აჩვენებს, რომ მოძალადეებს ოჯახში ჩადენილი დანაშაულისთვის არ ეშინიათ პასუხისმგებლობის. მათ ესმით, რომ კანონს არ უნდა მსხვერპლთა დაცვა. იმ შემთხვევაში, თუ კაცს ექნებოდა ინფორმაცია მოძალადის ადეკვატური სასჯელის შესახებ, ნაკლები დანაშაული იქნებოდა.

კაცს ეშინია კანონის იმ შემთხვევაში, თუ ფიზიკურად გაუსწორდა ვინმეს, მაგრამ არ ეშინია, თუ საკუთარი ოჯახის წევრს სცემა.

ვფიქრობ, კანონი უნდა გამკაცრდეს. ოჯახში ძალადობა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობად უნდა კვალიფიცირდეს, უნდა დაემატოს მუხლი, რომელიც კონკრეტულად ოჯახში ძალადობისთვის სასჯელს ითვალისწინებს, რადგან ოჯახში ძალადობა უფრო სასტიკია ხოლმე, ამიტომაც სახლის კედლებში ჩადენილი სასჯელი უფრო მკაცრი უნდა იყოს.

ასევე მნიშვნელოვანია ცხელი ხაზის არსებობა, რომ საფრთხის შემთხვევაში ქალმა საკუთარი დაცვა უზრუნველყოს, შეიქმნას თავშესაფრები, რომ არ მოუწიოს თქმა “წასასვლელი არსად მაქვს”  და სადაც შეძლებდა კვალიფიციურ სამედიცინო, ფსიქოლოგიურ და სამართლებრივი დახმარების მიღებას.

დღეს აზერბაიჯანში ძალიან მწვავედ დგას ადამიანის უფლებების საკითხი. ხომ არ ხედავთ რაიმე კავშირს ქალებისა და, ზოგადად, ადამიანის უფლებებს შორის ქვეყანაში?

ნამდვილად, ადამიანის უფლებების თემა საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების ყველა ანგარიშში ხვდება. უფლებები ბევრ სფეროში ირღვევა, რაც ქალების უფლებებზე აისახება. ეს დაკავშირებულია შრომის უფლებებთანაც, უმუშევრობასთან, სამედიცინო დახმარების მიღების უფლებასთან, სიცოცხლის უფლებასთან, პირად ხელშეუხებლობასთან და ა.შ. კორუფციამ, არასრულფასოვანმა კანონებმა, პოლიტიკური შეხედულებების პლურალიზმის არარსებობამ და ა.შ. იქამდე მიგვიყვანა, რომ ქალებს უფრო მეტად უჭირთ საკუთარი უფლებების დაცვა.

ქვეყანაში ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების არსებობის შემთხვევაში, რომელიც არსებული პოლიტიკური გარემოს გამო მოკლებულია ქვეყანა, ქალების უფლებების კუთხით სხვა სურათი იქნებოდა?

მთავარი პრობლემა დღეს აზერბაიჯანში არის არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის შეზღუდვა. ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ სწორედ უფლებადამცველთა მეშვეობით მიმდინარეობდა საზოგადოებაში არსებულ სხვადასხვა პრობლემაზე მსჯელობა და ადამიანის უფლებების საკითხებზე პროექტებიც მრავლად იყო.

თუმცა 2014 წლის შემდეგ, როდესაც არასამთავრობოების საქმიანობა პრაქტიკულად შეჩერდა, სიტუაცია ქალების უფლებების კუთხითაც გაუარესდა. გაიზარდა ოჯახში მკვლელობების რიცხვი, ქალებისა და ბავშვების სუიციდი, სექსუალური ძალადობა და შევწროება. პრაქტიკულად შეჩერდა მუშაობა ადამიანით ვაჭრობის პრობლემების კუთხით.

ასევე, ქალის შრომითი ანაზღაურება ბევრად დაბალია კაცების ანაზღაურებაზე. ხელმძღვანელ პოზიციებზეც უფრო მეტი კაცია.  

არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ბევრს მუშაობდნენ ქალთა უფლებების დაცვის კუთხით, იძულებული არიან დღეს დამკვირვებლის პოზიცია მოირგონ, რადგან აღარც მატერიალური და აღარც ადამიანური რესურსი აქვთ.

ასევე, სამართლებრივი დახმარების პროცესში ცვლილებებიც უარყოფითად აისახა ქალების უფლებებზე. თუ ცვლილებებამდე არასამთავრობოებს შეეძლოთ უფასო სამართლებრივი დახმარების გაწევა სასამართლოში წარმომადგენლის სახით, ცვლილებების შემდეგ გაჩნდა მოთხოვნა, რომ დამცველი პირი აუცილებლად ადვოკატთა კოლეგიის წევრი უნდა იყოს. რამაც თავის მხრივ გამოიწვია ის, რომ მსხვერპლი ვეღარ იღებს არასამთავრობოდან სამართლებრივ დახმარებას. შესაბამისად, შემცირდა ქალების რაოდენობა, რომლებიც ადვოკატისთვის ანაზღაურების პრობლემის გამო სასამართლოს მიმართავს.

არასამთავრობოების ფინანსურმა პრობლემებმა, რეგიონებში შეხვედრების აკრძალვამ ისეთი სერიოზული პრობლემები შექმნა, როგორიცაა, მაგალითად, განათლების უფლების, ეფექტური სამედიცინო დახმარების, სამართლიანი სასამართლოს, უსაფრთხო ცხოვრების უფლებების დარღვევა და ა.შ.

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ იმ არასამთავრობოების მიმართ, რომელთაც სამართლებრივი ღირებულებების განვითარებას ხელი შეუწყვეს, დაწესებულმა შეზღუდვებმა შესაძლოა გამოიწვიოს რადიკალური რელიგიური მიმდინარეობების ჩამოყალიბება და მათში ქალების აქტიური მონაწილეობა.

ამ პრობლემაზე დაკვირვება უკვე შესაძლებელია, თუ გადავხედავთ იმ ქალთა რაოდენობას, რომლებიც სირიაში წავიდნენ –  როგორც თავად მიიჩნევენ, რელიგიურ ომში.

განსხვავებული სურათი იქნებოდა თუ არა აქტიური სამოქალაქო საზოგადოების შემთხვევაში? ცალსახად, კი. ამის მტკიცებულება ისაა, რომ 2014 წლამდე ჩვენს არასამთავრობოებს უკვე ჰქონდათ შედეგები. კანონი იყო მიღებული გენდერულ თანასწორობაზე, ოჯახში ძალადობაზე, საკმაოდ ეფექტური სამუშაოები მიმდინარეობდა ტრეფიკინგთან ბრძოლის კუთხითაც, ქალები დაცვის მიზნით არასამთავრობოებს მიმართავდნენ, მედია ხშირად აშუქებდა ქალების უფლებების საკითხებს, ყოველთვიური საგანმანათლებლო შეხვედრა და ღონისძიება ტარდებოდა, სახელმწიფო სტრუქტურებთანაც მჭიდრო თანამშრომლობა არსებობდა.

დიახ, ბევრი პრობლემა იყო მაშინაც და კიდევ ბევრი ნაბიჯის გადადგმა იყო საჭირო ქალთა უფლებების კუთხით სიტუაციის გასაუმჯობესებლად, მაგრამ მაშინ იმედი მაინც გვქონდა, საშუალება, მიზნები, გეგმები გვქონდა და ადამიანებიც არსებობდნენ, რომელთაც ეს ცვლილებები უნდოდათ. დღეს ეს ყველაფერი განადგურებულია. არასამთავრობოებს ყველაფრის თავიდან დაწყება მოუწევთ, რადგან აგერ უკვე ხუთი წელია საზოგადოებაში არანაირი პრევენციული თუ საგანმანათლებლო სამუშაო არ ჩატარებულა.

როგორია დღეს თავად აქტივისტი ქალების როლი ქალების უფლებების დაცვის კუთხით? არსებობენ ისეთი ქალები, რომლებიც მზად არიან გამოვიდნენ საპროტესტო აქციაზე ფემიციდის ან თუნდაც, ქორწინების მიზნით გოგონების მოტაცების წინააღმდეგ?

საბედნიეროდ, არიან. მათ შორის ბევრია ახალგაზრდა. ძირითადად ბაქოდან არიან, თუმცა აზერბაიჯანი მხოლოდ ბაქო არ არის. თუ დედაქალაქიდან გავალთ, ბაქოს სოფლებში მოვხვდებით, სადაც საკუთარი დაუწერელი კანონებით ცხოვრობენ. იქაც და ქვეყნის ბევრ რეგიონში არსებობს ადრეული ქორწინებები, რომელთა გამოც გოგონები განათლებას ვერ იღებენ, აწყდებიან პრობლემებს ორსულობის დროს, რადგან ვერ რეგისტრირდებიან სამედიცინო დაწესებულებებში. სწორედ ისინი ხდებიან ყველაზე ხშირად ოჯახში ძალადობის მსხვერპლი.

რეგიონებში ასევე ქალთა მიმართ სექსუალური ძალადობაა აქტუალური პრობლემა და ფაქტის ახლობლებთან ან მეზობლებთან გასაჯაროების შემთხვევაში, სწორედ ქალს ადანაშაულებენ. არსებობს შემთხვევები, როდესაც არასრულწლოვანი გოგონების გაუპატიურების შემდეგ თავად გოგონები აიძულეს დაეტოვებინათ სოფლები, რომ არ შეერცხვინათ ოჯახები.

უფრო მსხვილ ქალაქებში, სადაც უფრო აქტიურად მუშაობდნენ არასამთავრობოები და საერთაშორისო ორგანიზაციები და სადაც საგანმანათლებლო კამპანიებს ატარებდნენ, შეიძლება შევხვდეთ აქტივისტებს, რომლებიც მძიმე პირობების მიუხედავად ცდილობენ საკუთარ თემში რაღაც შეცვალონ.

ყველაზე მეტად სად ირღვევა ქალების უფლებები აზერბაიჯანში? სახლებში, სამსახურებში თუ სად?

ვფიქრობ, მაინც სახლებში. სახლი ადგილია, სადაც ადამიანები არამხოლოდ კარგად გრძნობენ თავს და უხარიათ. საკუთარ სახლებში ბევრია ცრემლი, რომელიც ცემას ან გაუპატიურებას ახლავს თან. ყვირილი, შეურაცხყოფა, წამება. ამ ტკივილს ვერ ვხედავთ ხშირად, რადგან კარგად მალავენ ამას ქალები. ქალს ეშინია არა მხოლოდ მოძალადის, არამედ საზოგადოებრივი აზრის, ბრალდებების, ყველაფრის. წლების განმავლობაში შეიძლება დაიმალოს ოჯახში ძალადობა იქამდე, სანამ ქალი საკუთარი თავისა და შვილების დაცვას საბოლოოდ არ გადაწყვეტს.

მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქალების უფლებები სამსახურებში არ ირღვევა. სექსუალური შევიწროება ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია ამ დროს, რომელსაც ქალები სამუშაო ადგილებზე აწყდებიან. შიში სამსახურის დაკარგვის ან იმის, რომ ამ სიტუაციის შესახებ ყველა გაიგებს, ქალს აიძულებს გაჩუმდეს. აქვე უნდა აღვნიშნოთ ის მომენტი, რომ საკანონმდებლო ჩავარდნებმა იქამდე მიიყვანა სიტუაცია, რომ კანონის დონეზე პრაქტიკულად შეუძლებელია, ქალმა სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ იბრძოლოს.

რა უშლით ხელს დღეს ქალებს, მიმართონ პოლიციას მამების, ძმების, ქმრების და ა.შ. წინააღმდეგ, შიში თუ ტრადიციები?

აქ რამდენიმე ასპექტია.

ტრადიციები, რომელზეც პრაქტიკულად ბავშვების აღზრდა დგას, განსაკუთრებით – გოგოების.

ოჯახში კაცებისადმი მორჩილება – სწორედ კაცები წყვეტენ გოგოების ბედს. განსაკუთრებით, ეს რეგიონებში ხდება. ანდაზებიც კი თავის როლს თამაშობს აქ. აზერბაიჯანულად ანდაზა პირდაპირი თარგმანით ნიშნავს მამის სიტყვებს  – ათალარ სოზუ. მათში ხშირად გვხვდება დისკრიმინაციული მომენტები – “ქმრის სახლიდან მხოლოდ სავანეში შეგიძლია გახვიდე”, “ქალი მატყლივითაა – რაც მეტად დაარტყამ, მით რბილი გახდება”, “პატარძალი ოჯახში ცოცხივითაა, სადაც დააყუდებ, იქვე უნდა დაგხვდეს” და მსგავსი ანდაზები კიდევ ბევრია.

კაცების ნების წინააღმდეგ წასვლა ტრადიციულად უღირს საქციელად მიიჩნევა ქალისთვის და საზოგადოების წყრომასაც იმსახურებს.

რელიგიური ფაქტორები. რელიგია ასევე აქეზებს მორჩილებას, ქმრის მიერ ცოლის მიმართ ძალადობის ელემენტების გამოყენებას. მამისადმი, ქმრისადმი დაუმორჩილებლობა ღმერთის წინააღმდეგ წასვლად აცხადებენ.

სახელმწიფოს პოლიტიკა. თუ ქვეყანაში არ არსებობს ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის პოლიტიკური ნება, გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც ქალების მორჩილების პროპაგანდით დაკავდებიან.

მედიაში ხშირად ვხვდებით დეპუტატების, ცნობილი ადამიანების გამონათქვამებს, რომლებიც აცხადებენ, რომ “ქალმა ოჯახიდან ჭუჭყი არ უნდა გაიტანოს”, “ყველაფერი უნდა მოითმინოს”, “ქალის ცხოვრების მიზანი ოჯახის კერის დაცვაა და მისი მცდელობები საკუთარი უფლებების დაცვისთვის შეიძლება ცუდად დამთავრდეს”.

ჩემ თვალწინ მოხდა ფაქტი, როდესაც პოლიციელმა გალანძღა ქალი იმის გამო, რომ მან საკუთარი მამის წინააღმდეგ, რომელიც მას სცემდა, საჩივარი შეიტანა.

“ის მამაა შენი, შენი ღმერთია, როგორ გაბედე მის წინააღმდეგ ჩივილი”, – ზუსტად ასეთი არგუმენტით უარი თქვა მისი განცხადების მიღებაზე.

მთელი ამ სიტუაციის გაცნობისას ოჯახში ძალადობის მსხვერპლი, რომელიც ფსიქოლოგიურად არ არის მზად  ბრძოლისთვის, მოცემულობად იღებს ყველა პრობლემას და იძულებულია ითმინოს.

წარსულზე თუ ვისაუბრებთ, რა უფლებებით სარგებლობდნენ ქალები აზერბაიჯანში? მათი უფლებები დროსთან ერთად უარესდებოდა?

საბჭოთა პერიოდამდე აზერბაიჯანელი ქალი ბევრ უფლებას იყო მოკლებული. ბევრს საუბრობენ იმის შესახებ, რომ სწორედ აზერბაიჯანში მისცეს ქალებს პირველად ხმის მიცემის უფლება. უფლება მისცეს, მაგრამ იყენებდნენ კი ამ უფლებას? რა თქმა უნდა, არა. იმ დროს შეზღუდული იყო განათლებისა და სამეციდინო დახმარების უფლებაც. საბჭოთა ხელისუფლებამ ქალს ბევრი შესაძლებლობა მისცა. გაუნათლებელი ქალების რიცხვი თითქმის ნულამდე შემცირდა, უფასო მედიცინამ დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობა შეამცირა, ქალების ნახვა შეგვეძლო ხელმძღვანელ პოზიციებზეც.

თუმცა, ამავე დროს, კომპარტიის “დაკვეთაც” იყო. მაგალითად, კომპარტია არ მიესალმებოდა განქორწინებებს და მიიჩნევდა რომ განქორწინების წინაშე მდგარი ადამიანი მორალურად არამდგრადია, რაც ზოგიერთ შემთხვევაში სამსახურის დაკარგვითაც შეიძლებოდა დასრულებულიყო.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ქვეყანა სამხედრო კონფლიქტის პირისპირ აღმოჩნდა, რამაც სერიზული გავლენა მოახდინა ქალების ცხოვრების ხარისხზე. კაცები ომში იყვნენ და ქალებს სულ მარტო უწევდათ ბევრი ცხოვრებისეული პრობლემის გადაჭრა. პურის ფულის შოვნა, სახლის საქმეები, ბავშვის აღზრდა, ამავე დროს, ქვეყანაში ეკონომიკური პრობლემები ქალების ცხოვრების ხარისხზე აისახებოდა.

ომის დასრულების შემდეგ, რომელშიც რამდენიმე ათასი კაცი დაიღუპა, ქვეყანაში ადრეულმა ქორწინებებმა, რელიგიურმა ქორწინებებმა, ადამიანებით ვაჭრობამ  და სხვა პრობლემებმა იმატა. ქალთა უფლებების დარღვევების კერები გაჩნდა. იმის მიუხედავად, ვინ იყო ქვეყნის ხელისუფლებაში, არ სურდათ ბრძოლა ტრადიციული, რელიგიური ასპექტების წინააღმდეგ, რომლებიც ქალების უფლებებს არღვევდა. როგორც საბჭოთა დრომდე, როდესაც ქალი ოჯახში მეორე პლანზე იყო, დღესაც ასეა – აზერბაიჯანელი ქალი ჯერ კიდევ ოჯახში კაცებს ემორჩილება.

როგორია პოლიციაში მიმართვის და მათზე რეაგირების სტატისტიკა? რაიმე ციფრებზე შეგვიძლია საუბარი?

რეალური ციფრების პოვნა რთულია, რადგანაც ბევრი განცხადება არც მიიღება პოლიციის მიერ, არ რეგისტრირდება და, შესაბამისად, სასამართლომდე ვერც მიდის. იმ დროს, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციები აქტიურები იყვნენ, უფლებამდაცველები თან ახლდნენ მსხვერპლს და ქალების დაცვის უზრუნველსაყოფად მთელ პროცესს აკონტროლებდნენ. სტატისტიკაც არასამთავრობოებისადმი მიმართვების მიხედვით დგებოდა.

დღეს, სამწუხაროდ, არასამთავრობოების საქმიანობა შეზღუდულია და ქალები თანმხლები პირებით ვეღარ არიან უზრუნველყოფილი. ამიტომაც რთულია ციფრებზე საუბარი. თუმცა შეიძლება ერთ მომენტზე საუბარი – 2013 წელთან შედარებით სიტუაცია გაუარსედა, რადგანაც ძალიან ცოტა რესურსი რჩება ქალებისა და ბავშვების დასაცავად.

ხშირად გვესმის, რომ ძალადობის ფაქტების დროს ქალებსა და კაცებს შორის მომრიგებლებად თავად პოლიცია გამოდის, რატომ ხდება ასე?

დიახ, ნამდვილად, ასეთი ფაქტები არსებობს და ისინი ორი მიზეზით ხდება. პირველი – ეს არის კორუფციული მიზეზი. ქალს შეაქვს განცხადება, გამომძიებელი იბარებს კაცს, აშინებს პატიმრობის ვადით, კაცი თანახმაა გადაიხადოს ქრთამი და გამომძიებელი მომხდარის მთელ სურათს ისე “აყირავებს”, რომ კაცი და ქალი შეარიგოს და ქალმა განცხდება გაიტანოს.

მეორე მიზეზი ისაა, რომ ქვეყანაში დანაშაულის სტატისტიკა არ გაფუჭდეს. მთელი ძალებით ცდილობენ მხარეების შერიგებას. მახსოვს ქალაქ ლენკორანში მომხდარი შემთხვევა, როდესაც გამომძიებელმა მხარეები შეარიგა. ქალმა დაიჯერა, რომ ქმარი აღარ სცემდა, თუმცა, სახლში დაბრუნდა თუ არა, ისე სასტიკად სცემა ქმარმა, მეორე დილით ქალმა თავი ჩამოიხრჩო. მომხდარზე პასუხი კი არავინ აგო.

ქვეყანაში დღეს მხოლოდ ქალთა ორი თავშესაფარი არსებობს. თქვენი ინფორმაციით, რამდენი ქალი სარგებლობს ამ სერვისით და რამდენად შესაბამისია ადგილები ძალადობის ფაქტების სიხშირის გათვალისწინებით?

სახელმწიფო თავშესაფარი მხოლოდ ერთია ქვეყანაში და ისიც ტრეფიკინგის მსხვერპლთათვის, რომელიც, ამავდროულად, ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვისაც უნდა ყოფილიყო გამოყენებული. თუმცა უფლებადამცველებმა უკმაყოფილება გამოხატეს, რადგან ეს არაპროფესიონალური იქნებოდა და უარყოფითი ეფექტი შეიძლებოდა ჰქონოდა.

უშუალოდ ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის კი ორი თავშესაფარია ბაქოსა და განჯაში, რომელიც ქალთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობოებმა დააფუძნეს.

დღესდღეობით ისინი სერიოზული ფინანსური პრობლემების წინაშე დგანან არასამთავრობოებზე სახელმწიფო პოლიტიკის წნეხის გამო. ბავშვების, ქალებისა და ოჯახების სახელმწიფო კომიტეტი აცხადებს, რომ რეგიონებში ქალებისთვის რეაბილიტაციის ცენტრები არის გახსნილი, თუმცა ეს დაწესებულებები ფორმალურად არსებობს და რეალურად ვერავის ეხმარება.

როგორ უნდა გაუმჯობესდეს სიტუაცია? მოძალადის ადეკვატურად დასჯით? ძალადობის პრევენციით? სად ხედავთ განათლების როლს?

აუცილებელია სიტუაციის მონიტორინგი, რათა გავიგოთ, როგორი მდგომარეობაა დღეს. გავიგოთ მიზეზები, ზრდის ტენდენციები. სახელმწიფო სტრუქტურებისთვის და არასამთავრობოებისთვის წინადადებები უნდა შემუშავდეს.

აქტიური სამუშაოა საჭირო სკოლებთან და უმაღლესი განათლების დაწესებულებებთან. მედიის ჩართვა, მუშაობა სახელმწიფო სტუქტურებთან, კანონის სრულყოფილება. ამ მხრივ, ძალიან ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი.

როგორ უნდა გაძლიერდნენ ქალები, რა პროცესებია ამისთვის საჭირო?

პირველ რიგში, ამის სურვილი უნდა არსებობდეს, პოლიტიკური ნება. სახელმწიფომ ყველა პირობა უნდა შექმნას არადისკრიმინაციული გარემოსთვის და გენდერული თანასწორობისთვის.

ჩვენ უნდა ვხედავდეთ ქალებს ხელმძღვანელ პოსტებზე, პოლიტიკაში, საზოგადოებრივ აქტივობებში. სახელმწიფოს მხარდაჭერის გარეშე კი ყოველივე ამის გაკეთება ძალიან რთულია.

ასევე, აუცილებელია აღდგეს არასამთავრობოების საქმიანობა. სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციებია ის ადგილები, სადაც მოქალაქეობრივი გაგება ყალიბდება, სადაც ასწავლი დაცვის უნარებს, სადაც აჩვენებ, რა არის უფლება და როგორ უნდა იყოს ის დაცული.

არასამთავრობოები ეხმარებიან არამხოლოდ ქალებს, ასევე, სახელმწიფოს საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებაში.

რამდენად დისკრიმინაციულია სისტემა დასაქმების დროს ქალების მიმართ? რა თქმა უნდა, სათვალავში ვერ მივიღებთ იმ ფაქტს, რომ ქვეყნის პირველი ვიცეპრემიერი ქალია.

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ზოგიერთ სახელმწიფო სტრუქტურებში გამოცდები შემოიღეს სამსახურში მისაღებად, დისკრიმინაცია აღარ უნდა იყოს, რადგანაც მთელი საგამოცდო დოკუმენტაცია კოდირებულია. ამის მიუხედავად, ძალიან ხშირად დასაქმება მაინც ქრთამით ხდება.

კერძო კომპანიებში მიღების დროს კი დისკრიმინაცია განსაკუთრებით შეიმჩნევა.

მაგალითად, შეიძლება ვიპოვოთ განცხადება დასაქმებაზე, სადაც წერია, რომ ეძებენ კაცს, ან ქალს, ლამაზს, ახალგაზრდას, 35 წლამდე და ა.შ.

თუმცა ძირითადი პრობლემა დასაქმების დროს მაინც სექსუალური შევიწროებაა. პრობლემა, რომელთან ბრძოლაც ძალიან რთულია. ვფიქრობ, ვიცეპრეზიდენტი ამ პრობლემის წინაშე არ აღმოჩენილა.

მასალების გადაბეჭდვის წესი