ახალი ამბები

რას შეცვლის რეფორმა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში

13 ოქტომბერი, 2014 •
რას შეცვლის რეფორმა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში

როგორც დღეს სასჯელაღსრულების მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა არასამთავრობო სექტორთან შეხვედრისას განაცხადა, რეფორმის შედეგად პენიტენციური სისტემა მთლიანად დაექვემდებარება სასჯელაღსრულების სამინისტროს. აქამდე სასჯელაღსრულების დეპარტამენტი სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება იყო, რომელიც ავტონომიის უფრო მაღალი ხარისხით სარგებლობდა, ვიდრე სამინისტროს სხვა დეპარტამენტები.

 

“ადამიანის უფლებათა ცენტრის” ხელმძღვანელი ალექსანდრე ცქიტიშვილი ამბობს, რომ პენიტენციურ სისტემაში არსებული პრობლემები ნაწილობრივ იმასაც უკავშირდება, რომ სასჯელაღსრულების მინისტრი ვერ აკონტროლებს ამ დეპარტამენტს. ის რეფორმას დადებითად აფასებს.

 

“მინისტრი არ იქნება მხოლოდ პოლიტიკურად პასუხისმგებელი იმ მოვლენებზე, რაც პენიტენციალურ სისტემაში ხდება. ის სრულფასოვნად იქნება პასუხისმგებელი უკვე ყველაფერზე, რაც ხდება საპატიმროებში,” – თქვა ალექსანდრე ცქიტიშვილმა.

 

სამინისტროში აცხადებენ, რომ არსებულ მოდელს ბევრი ხარვეზი აქვს. მაგალითად,  პარალელური სტრუქტურების არსებობა: როგორც სამინისტროს, ასევე სასჯელაღსრულების დეპარტამენტს აქვს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარმენტი, რაც, მათი თქმით, ორმაგ ბიუროკრატიულ ბარიერს ქმნის. გარდა ამისა, არსებული მოდელის ხარვეზებად სამინისტროში მართვის ერთიანი პოლიტიკის არარსებობას, სისტემაზე სამოქალაქო კონტროლის დაბალ ხარისხს, უსაფრთხოების სამსახურების მუშაობის მოძველებულ სტანდარტებსა და რესოციალიზაციის მიმართულების დაბალ ხარისხს მიიჩნევენ.

სასჯელაღსრულების სამინისტროს წარმომადგენლების შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ოენიტენციურ სისტემაში განსახორციელებელი რეფორმის შესახებ  13.10.2014
სასჯელაღსრულების სამინისტროს წარმომადგენლების შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ოენიტენციურ სისტემაში განსახორციელებელი რეფორმის შესახებ 13.10.2014

 

რეფორმის განსახორციელებლად მომზადდა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომელიც 30-მდე კანონში ცვლილებებს ითვალისწინებს და პარლამენტს წარედგინება.


თუმცა ცალკე მზადდება ცვლილებები, რაც ითვალისწინებს ციხეებში სპეციალური საშუალებების ჩამონათვალის დაზუსტებას, რომლის შედეგადაც, შესაძლოა, დასაშვები გახდეს ელექტროშოკის გამოყება. NGO-ები რეფორმას დადებითად აფასებენ, თუმცა მათი ნაწილის უკმაყოფილება სწორედ ამ საკითხმა ამოიწვია. საიას თავმჯდომარემ, კახა კოჟორიძემ განაცხადა, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების მიდგომების მიხედვით, ელექტროშოკის გამოყენება გაიგივებულია არაადამიანურ მოპყრობასთან.

 

“გასაგებია, რომ პოლიციას პოლიციის შესახებ კანონით  აქვს უფლება გამოიყენოს ელექტროშოკი, მაგრამ შეიძლება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ამ საშუალების გამოყენება უფრო ბევრ პრობლემასთან იყოს დაკავშირებული, იმიტომ, რომ ძალიან რთულია ხოლმე დახურულ დაწესებულებებში იმის შეფასება, რომ ასეთი განსაკუთრებული სპეციალური საშუალება რამდენად სწორად გამოიყენება,”– განაცხადა კახა კოჟორიძემ.

 

ჯანმრთელობის პრობლემების მქონე მსჯავრდებულებში ელექტროშოკის გამოყენების არამიზანშეწონილობაზე საუბრობს სახალხო დამცველის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი ნიკა კვარაცხელია.

 

“მან შეიძლება ჯანმრთელობის მდგომარეობასთან კორელაციაში გამოიწვიოს ფატალური შედეგი. მგონი, აქ შეკრებილი საზოგადოება უნდა შევთანხმდეთ, რომ ვერანაირი საგამონაკლისო გარემოება ამას ვერ გაამართლებს. იმ ფონზე, როცა არსებობს ამდენი სპეციალური საშუალება, ელექტროშიკის დამატება ჩვენ მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია,”– თქვა ნიკა კვარაცხელიამ.

 

სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი შალვა ხუციშვილი კი განმარტავს, რომ ელექტროშოკის შემოღება თანამშრომლების უსაფრთხოების საკითხიდან გამომდინარე გახდა საჭირო.

 

“პრაქტიკამ აჩვენა, რომ რეალურად, ჩვენი თანამშრომლები აწყდებიან ძალიან რთულ მომენტებს. ნამდვილად არავის გვინდოდა ამის გაკეთება, მაგრამ პრაქტიკული საკითხიდან გამომდინარე, თვითონ თანამშრომლების უსაფრთხოებას ეხება საქმე. ამიტომ იძულებული გავხდით, ეს ჩაგვედო. თუ შევთანხმდებით პრინციპზე და შეგვიძლია ნებისმიერ ფორმულირებაზე შევთანხმდეთ, რომ ელექტროშოკი მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში და ძალიან მკაცრად განსაზღვრულ შემთხვევებში იყოს გამოყენებული,“– განაცხადა შალვა ხუციშვილმა.

 

ახალ სტრუქტურაში არის საკონსულტაციო საბჭოც, რომელიც სამინისტროს აპარატთან იქმნება. საიას თავმჯდომარე კახა კოჟორიძე ამბობს, რომ, როგორც ჩანს, საკონსულტაციო საბჭოს უფლებამოსილება მხოლოდ რჩევებით შემოიფარგლება:

 

“რჩევების მიცემა საბჭოს თუ არასამთავრობო ორგანიზაციას შეეძლებათ უფრო ეფექტურად იმ შემთხვევაში, თუ მათ ექნებათ მეტი წვდომა ინფორმაციაზე. მეტი წვდომა რომ ქონდეს, ამისათვის საჭიროა მონიტორინგის ეფექტური მექანიზმის შემოღება”.

 

რეფორმა სასჯელაღსრულების დაწესებულებების თანამშრომლებსაც შეეხება, რაც მათთვის სოციალური და სამართლებრივი გარანტიების გაზრდას გულისხმობს. 2016 წლამდე სახელმწიფოს ხარჯზე სასჯელაღსრულების სისტემის თანამშრომლები გადამზადდებიან, ხოლო კონკურსით შერჩეული ახალი კადრები მუშაობას სპეციალური სასწავლო კურსის გავლის შემდეგ დაიწყებენ. სამინისტროში აღნიშნავენ, რომ რეფორმის შედეგად კადრების შემცირება არ მოხდება.

 

კანონპროექტის საბოლოო რედაქციაზე მუშაობა დასრულებული არ არის, მასში შეიძლება ცვლილებები ისევ შევიდეს. სასჯელაღსრულების სამინისტრო კვლავ გეგმავს არასამთავრობო სექტორთან და დაინტერესებულ პირებთან შეხვედრას, სადაც მათ მიერ გამოთქმულ შენიშვნებზე იმსჯელებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი