დაჰყვებოდნენ თუ არა სამოქალაქო ფორმიანი პოლიციელები ზუგდიდში რულოვსის შტაბის წევრებს

რუსთავი2-მა 12 აპრილს გაავრცელა ფოტო, რომლითაც, მათი თქმით, დგინდება, რომ 11 აპრილს ზუგდიდის მერობის კანდიდატის, „სანდრა რულოვსის საარჩევნო კამპანიის ჩაშლას პოლიციის თანამშრომლები ცდილობდნენ“, ხოლო ამ პროცესს „ზუგდიდის პოლიციის უფროსის მოადგილე ხელმძღვანელობდა“. პოლიცია პასუხად აცხადებს: „თუ აქვთ დამატებითი მტკიცებულებები, სასამართლოს წარუდგინონ“.

11 აპრილს, საღამოს, სამეგრელოში, ზუგდიდის სოფელ ნარაზენში პოლიციამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სამი წევრი დააკავა წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელთა კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით. ენმ-ში აცხადებენ, რომ მათი კანდიდატის, რულოვსის მხარდამჭერებს, — მათ შორის დაკავებულ სამ ადამიანს, — „პროვოკაცია მოუწყვეს“.

რუსთავი2-ის თანახმად, ნარაზენში რულოვსის შეხვედრისას პარტიის წევრებმა შეამჩნიეს, რომ მათ მანქანიდან უთვალთვალებდნენ სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი ადამიანები. არხის ცნობით, სწორედ ამ დროს გადაუღეს ფოტო ამ მანქანაში მყოფი ადამიანის მობილური ტელეფონის ეკრანს.

ფოტოზე, რომელსაც რუსთავი2 ავრცელებს, ჩანს მობილურის ეკრანი, რომელშიც გახსნილია აპლიკაცია whataspp; ჩანს დრო — 20:46; ჩანს ადრესატის სახელი — „ლაშა მურ“… [ოპოზიციის თანახმად, ეს არის ლაშა მურღულია, ზუგდიდის პოლიციის უფროსის მოადგილე].

ეკრანზე შემდეგი დიალოგი ჩანს:

—„მაშინ გამოვალთ და გამოსასვლელთან დავდგებით, იქ გამოივლიან. გვიღებენ. აუუ… მოგვსდევენ“.

—„*ლე ჭამონ“.

—„მოგვვარდნენ ჟურნალისტები, არ გვიშვებენ. ერთი ამბავი გვაქვს. პოლიცია მოვიდეს, თორემ ერთი ამბავი გვაქვს“.

პოლიციის პასუხი

11 აპრილს, ინციდენტის შემდეგ, შსს-მ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის თანამშრომლები ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნარაზენთან „სამსახურეობრივ შემოვლას ახორციელებდნენ, რა დროსაც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა მათ ავტომობილით გადაადგილების საშუალება არ მისცეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს“.

„სამართალდამრღვევი პირები არ დაემორჩილნენ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნას, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა ისინი დააკავეს და გადაიყვანეს პოლიციის შენობაში. ინციდენტში მონაწილე ერთ-ერთმა პირმა, პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პრეს-სამსახურის წარმომადგენელმა ხელწერილის საფუძველზე პოლიციის განყოფილება უკვე დატოვა“, — განაცხადა შსს-მ.

12 აპრილს, მას შემდეგ, რაც ზემოთ აღწერილი ფოტო გავრცელდა, შსს-მ განაცხადა:

„სოფელ ნარაზენთან მომხდარი ინციდენტის შესახებ ზუგდიდის რაიონული სასამართლო იმსჯელებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოპოვებული ყველა მტკიცებულება წარდგენილი იქნება სასამართლოზე. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს ინციდენტში მონაწილე მხარეებს, მოქალაქეებს, თუ აქვთ ინციდენტთან დაკავშირებით დამატებითი მტკიცებულებები, წარუდგინონ ისინი სასამართლოს“.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლუკა პერტაია - „ნეტგაზეთის“ რეპორტიორი 2018 წლის სექტემბრიდან. მობ.: 995 555 223 568; ელ-ფოსტა: lukapertaia@gmail.com