ახალი ამბები

ბოკერია: გირგვლიანის საქმეში შავგულიძე იყო მართალი და ჩვენ მტყუანი

12 აპრილი, 2019 • 1921
ბოკერია: გირგვლიანის საქმეში შავგულიძე იყო მართალი და ჩვენ მტყუანი

“ევროპული საქართველოს” ლიდერი გიგა ბოკერია აცხადებს, რომ გირგვლიანის საქმეზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა მთლიანად ყოფილ ხელისუფლებას და მის მაღალჩინოსნებს ეკისრებათ.

ბოკერიას თქმით, ის საკუთარ პაუსუხისმგებლობასაც აღიარებს და ამბობს, რომ მაშინ ხელისუფლების ოპონენტები, მათ შორის შალვა შავგულიძეც, რომელიც იმ პერიოდში გირგვლიანის ოჯახის უფლებებს იცავდა, მართალი იყო:

“მე კატეგორიულად არ ვეთანხმები ყველა იმ ლიდერს, ვინც ვინმესკენ იშვერს თითს. რა თქმა უნდა, სისხლის სამართლის დანაშაულში ერთია, თუ ვინ ჩაიდინა, ეს იმას უნდა დაუმტკიცო მტკიცებულებებით, მაგრამ პოლიტიკური პასუხისმგებლობა არის მთლიანად ჩვენი, ჩემი მათ შორის. მე ვთქვი ეს გარკვევით პირველივე დღიდან.

ეს ხალხი მართალი იყო, როცა ჩვენ გვიპირისპირდებოდა ამ და, ყველა არა, მაგრამ ბევრ თემაზე და ჩემთვის პრობლემა არის ეგ მძიმე პრობლემა წარსულში და არა დღეს ამ ხალხთან ერთად ყოფნა. პირიქით, დღეს შალვა შავგულიძის ფიგურის წინ წამოწევა და მისი მხარდაჭერა არის პატივი და ეს ადამიანი მისი კარიერით, წესიერებით, ყველა ხელსიუფლების დროს არის მაგალითი იმის, თუ როგორი პოლიტიკოსები გვჭირდება პარლამენტში და, რამე რომ იყოს, სასამართლოშიც და პროკურატურაშიც”, – თქვა გიგა ბოკერიამ ტელეკომპაია “პირველის” გადაცემაში “რეაქცია”.

გიგა ბოკერიას თქმით, მას უხერხულობას არა შავგულიძესთან კოალიციაში ყოფნა, არამედ გირგვლიანის საქმის გარშემო მომხდარი მოვლენები უქმნის:

“უხერხულობა ძალიან რბილი სიტყვაა, მე უხერხულობაზე მეტს მიქმნის ის, რაც მოხდა გირგვლიანის საქმეში და არა ის, რომ შალვა შავგულიძე დღეს ჩვენთან არის. ვთვლი, რომ ჩვენ მტყუანები ვიყავით და შავგულიძე მართალი იყო. ამას ვთვლი გულწრფელად და არა მარტო ახლა, როცა შავგულიძე ჩვენთან ერთადაა, მანამდეც.

ამიტომ, არანაირი ლოგიკა ხელისუფლების კრიტიკაში არ არის. ჩვენ უნდა გამოვსულიყავით იმ ვითარებიდან, როდესაც სისტემა ასეთი დანაშაულის დროს ვერ უზრუნველყოფდა ჯერ ერთი იმას, რომ მაღალი ან საშუალო თანამდებობის სამართალდამცავი უწყებების ან სპეცსამსახურების წარმომადგენლებს ვერასოდეს ვერ გაებედათ პირადი კონფლიქტის დროს ძალადობის გამოყენება, რასაც ადამიანის სიკვდილი მოჰყვა, და შემდეგ არ ყოფილიყო სისტემა, რომელიც სრულფასოვნად არ სჯის ასეთ ადამიანებს”, – თქვა ბოკერიამ “რეაქციაში”.


სანდრო გირგვლიანი 2006 წლის 26 იანვარს შსს-ს თანამშრომლებმა ოქროყანის ტყეში აწამეს, რის შედეგადაც გარდაიცვალა. გირგვლიანის დედა, ირინა ენუქიძე, რომელიც მკვლელობის შემდეგ გამუდმებით მოითხოვდა დამნაშავეების დასჯას და აპროტესტებდა ხელისუფლების ქმედებებს მისი შვილის საქმესთან დაკავშირებით, 2007 წლის 24 აგვისტოს ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.

გირგვლიანის საქმეზე შსს-ს 4 თანამშრომელი გაასამართლეს. ისინი ჯერ პრეზიდენტმა სააკაშვილმა შეიწყალა და სასჯელი გაუნახევრა, შემდეგ კი, 2009 წლის სექტემბერში, ვადაზე ადრე გაათავისუფლეს.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2011 წელს გირგვლიანის საქმეზე გადაწყვეტილება გამოიტანა, სადაც წერია:

“სასამართლო გაოგნებულია იმ შეთანხმებული ქმედებებით, რომლითაც ხელისუფლების სხვადასხვა შტოები მოქმედებდნენ, რათა ამ საშინელ მკვლელობის საქმეზე მართლმსაჯულება არ აღსრულებულიყო”.  სტრასბურგის გადაწყვეტილებაში გაკრიტიკებული იყო სასამართლოს ქმედებებიც.

მასალების გადაბეჭდვის წესი